“თუკი სააკაშვილი დაპირებას ვერ შეუსრულებს, ბაჩო ახალაია ალაპარაკდება!”

“თუკი სააკაშვილი დაპირებას ვერ შეუსრულებს, ბაჩო ახალაია ალაპარაკდება!”

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილესა და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივიან
 
 პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საზოგადოებას გაუჩნდა მოლოდინი, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგება. შესაბამისად, სამართალდამცავ სტრუქტურებში განცხადება განცხადებაზე შედის _ მოქალაქეები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები “ნაციონალ” მაღალჩინოსნებს უჩივიან და მათ დასჯას ითხოვენ. ამ პროცესს ერთგვარი სტიმული თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას დაკავებამაც მისცა. მართალია, ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ახალაიას წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური ნიშნით შეიკერა, მაგრამ “ოცნება” ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს... ისე, გამორიცხული არაა, რომ “ახალაიას საქმის” პარალელურად, კიდევ ერთი სკანდალური საქმე აგორდეს - “უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელი პროკურატურაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს... ნიკოლოზ მჟავანაძემ “ქართულ სიტყვას” მიხეილ ჩინჩალაძისა და მამია ფხაკაძის, როგორც იტყვიან, მამხილებელი მასალები გააცნო:

- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ამჟამინდელი მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე და საქალაქო სასამართლოს ახლანდელი თავმჯდომარე მამია ფხაკაძე სამხარეო პროკურატურებს შორის ჩატარებულ “სოციალისტურ შეჯიბრებებში” გამარჯვებულნი იყვნენ.

- სოციალისტური შეჯიბრება” რას ნიშნავს?
- რას და, - ბიუჯეტში ვინ უფრო მეტ თანხას შეიტანდა, ანუ ვთქვათ, მცხეთა-მთიანეთს საპროცესო შეთანხმებებით ბიუჯეტში 200 ათასი ლარი შეჰქონდა, ქვემო ქართლს - 500 ათასი და ასე შემდეგ. ამიტომაც, ხალხს, ასე ვთქვათ, ლიპაზე იჭერდნენ... მცხეთაში ყველამ იცის, რომ მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც ადეიშვილის კადრია და რომელიც ადრე მცხეთის საოლქო პროკურორი იყო, თავისი ავტომანქანით დადიოდა, სახლებს ათვალიერებდა და ვისი სახლიც მოეწონებოდა, ანუ ჩათვლიდა, რომ კარგი სახლი იყო, იმ ადამიანს სწავლობდა - რას საქმიანობდა, სად მუშაობდა, მერე, ბრალდებას უთითხნიდა და ფულს ართმევდა.

- ნიკა, ყველაფერი ეს, როგორც იტყვიან, ჭორის დონეზე იცი თუ ფაქტები გაქვს?
- რა თქმა უნდა, ფაქტები მაქვს და ამის მაგალითი მიწის ის ნაკვეთია, სადაც ახლა ზედაზენის ლუდის ქარხანა მდებარეობს. ეს ტერიტორია გიორგი აბესაძეს ეკუთვნოდა. ჩინჩალაძემ ჯერ მამა დაიჭირა, მერე, - შვილი და მიწის ნაკვეთი ასე წაართვა. სხვათა შორის, აბესაძეების ინტერესებს არჩილ კბილაშვილი იცავდა და მათ საჩივარი პროკურატურაში აქვთ შეტანილი...
მოკლედ, მიხეილ ჩინჩალაძე, რომელსაც საოლქო პროკურორის თანამდებობა ეკავა და მამია ფხაკაძე, რომელიც პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი იყო, ადამიანებს ტყუილად იჭერდნენ და ამის რამდენიმე მაგალითს დავასახელებ:
იმის გამო, რომ მცხეთის მოსამართლე ლეონიძე პასუხისგებაში მიეცათ და მის ადგილას თავიანთი კადრი დაენიშნათ, პასუხისგებაში სასამართლოს კანცელარიის გამგე ნელი ელიაშვილი მისცეს.

- რა მოტივით?
- სასამართლოში სისხლის სამართლის საქმე ახალი წლის დღეებში, ანუ 29 დეკემბერს შევიდა, ქალბატონმა ნელიმ კი, 3 იანვარს გაატარა. ეს, რა თქმა უნდა, დარღვევაა, მაგრამ ამის გამო ადამიანს შეიძლება, გაფრთხილება მისცე, თუმცა, ნელი ელიაშვილს სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდება წაუყენეს. მანამდე კი, უთხრეს, თუკი ლეონიძეზე რამეს გვეტყვი, პრობლემები არ გექნებაო, მაგრამ ეს ქალბატონი ამაზე არ წავიდა. სხვათა შორის, ვიდრე ბრალდებას წაუყენებდნენ, პროკურატურის გამომძიებელმა ქალბატონი ნელი გააფრთხილა, დაჭერას გიპირებენო. ეს ამბავი, თუ არ ვცდები, 2006 წელს მოხდა. მაშინ “ბეზპრედელი” იყო. ჰოდა, გამომძიებელმა რომ გააფრთხილა, ნელი ელიაშვილი შეშინდა, სასამართლო დატოვა და მუშაობა მცხეთის გამგეობაში დაიწყო, მაგრამ პროკურატურაში მაინც დაიბარეს. სხვათა შორის, ელიაშვილმა მოსამართლე ლეონიძე გააფრთხილა, რომ მის წინააღმდეგ რაღაც მზადდებოდა... მოკლედ, ნელი ელიაშვილს “დანაშაული აღიარებინეს” და “საპროცესო” გაუფორმეს...
იმხანად მცხეთის აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი ხითარიძე იყო და, ის რომ დაეჭირათ, პასუხისგებაში აღმასრულებელი ვეფხია რაზმაძე და კერძო აუდიტი ვეფხია ჩოხელი იმის გამო მისცეს, რომ ავტომობილი, რომელიც უნდა გაყიდულიყო, პროკურატურის განცხადებით, თითქოს იაფად შეაფასეს. ამასთან, მათ მოსთხოვეს, რომ ხითარიძის წინააღმდეგ ჩვენება მიეცათ... ჩოხელი, რომელიც კერძო აუდიტი იყო, პასუხისგებაში სამოხელეო დანაშაულისთვის მისცეს.
ასევე, დაიჭირეს მოქალაქე ჯანგულაშვილიც.

- რა მოტივით?
- მაშინ სოფელ ძეგვში ყაჩაღობები იყო გახშირებული.

- ჯანგულაშვილი ძეგველია?
- დიახ. ის ნასამართლევი იყო და პოლიციამ უთხრა, ჩვენი აგენტი უნდა გახდეო, მაგრამ ჯანგულაშვილმა ამაზე უარი განაცხადა. ამის გამო დაიჭირეს, მხოლოდ ყაჩაღობა კი არა, მკვლელობის მცდელობაც “შეტენეს”, 27 წელი მიუსაჯეს და ეს ახალგაზრდა კაცი გაანადგურეს. ესეც უშუალოდ ჩინჩალაძისგან მოდიოდა...
სხვათა შორის, ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე ჩინჩალაძემ, როგორც პროკურორმა, განაცხადა, დუმილის უფლებას ვიყენებო და ასეთ ადამიანს ზურაბ ადეიშვილი მფარველობდა. ჩინჩალაძეს იმუნიტეტი რომ ჰქონოდა, სწორედ ამიტომ გადაიყვანეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის დაპატიმრება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით შეიძლება. რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, ანუ ფხაკაძის დასაპატიმრებლად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნებართვაა საჭირო.
ჩინჩალაძე ადამიანებს განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობოდა.

- სცემდა?
- არა.

- აბა, რას აკეთებდა?
- ვანო, ნუ გგონია, რომ ესენი “მასტერაზე” ნაკლებები იყვნენ. ადამიანების წამება, პრაქტიკულად, მათგან იწყებოდა - უდანაშაულო ხალხს იჭერდნენ... ამიტომ, ისინი უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.
მოკლედ, “უფლებადამცველთა გაერთიანებას” ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და პროკურატურაში ჩინჩალაძისა და ფხაკაძის წინააღმდეგ სარჩელს მალე შევიტანთ. სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით, თითოეულ მათგანს 23-23- წლიანი პატიმრობა ემუქრება, თუმცა სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი, შეიძლება გაუქმდეს და ამხელა სასჯელს, ალბათ, ასცდებიან.

- ნიკა, რითი ადასტურებ, რომ ჩინჩალაძესა და ფხაკაძეს ზურაბ ადეიშვილი მფარველობდა?
- პროკურორი სასამართლო პროცესზე რომ იტყვის, დუმილის უფლებას ვიყენებო, ან კერძო აუდიტს სამოხელეო დანაშაულისთვის რომ დაიჭერს, არ უნდა გაათავისუფლო?
გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ჩინჩალაძეს სააკაშვილთან ნათესაური კავშირიც აქვს. სხვათა შორის, რიგითი პროკურორები პირდაპირ ამბობდნენ, რა ვქნათ, დავალება ზევიდან მოდისო. მცხეთაში ოჯახი არ დარჩენილა, ჩინჩალაძეს რომ არ “გადაეარა”.

- ...ნიკა, სამხარეო პროკურატურებს ოფიციალური გეგმა ჰქონდათ, თუ რამდენი ადამიანი უნდა დაეჭირათ?
- არა, ეს არაოფიციალური ზეპირი დაკვეთა იყო, რომ ბიუჯეტში რაც შეიძლება, მეტი შეეტანათ. ის პროკურორები, ვისაც მეტი თანხა შეჰქონდა, განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ, ანუ პრემიებს იღებდნენ.

- შენი ინფორმაციით, ყველაზე მაღალი თანხა, რაც პრემიის სახით რომელიმე პროკურორს აუღია, რამდენი იყო?
- ვთქვათ, თუკი პასუხისგებაში მიცემული ადამიანი საპროცესო შეთანხმებით ერთ მილიონს გადაიხდიდა, პროკურორი, პრემიის სახით, 200 ათას ლარს აიღებდა. საპროცესო თანხები პროკურატურის განვითარების ფონდში ირიცხებოდა, საიდანაც ნაწილი პროკურორებს პრემიის სახით ეძლეოდათ, ნაწილი კი, სააკაშვილის, ადეიშვილისა და სხვების ჯიბეებში ილექებოდა.


- ანუ, იმის თქმა გინდა, რომ “საპროცესოებიდან” ბიუჯეტი სარგებელს არ ნახულობდა?
- გარკვეული თანხა ბიუჯეტშიც მიდიოდა, თუმცა ეს სისტემა გაუმჭვირვალეა... საერთოდ, საპროცესო ინსტიტუტი იმიტომ შექმნეს, რომ სტიმული ჰქონოდათ და მეტი ხალხი დაეჭირათ... ჯერ ადამიანის ქონებრივ მდგომარეობას სწავლობდნენ და საპროცესო გარიგებას მერე უფორმებდნენ. მაგალითად, თუ ჩინჩალაძე ნახავდა, რომ ადამიანს სახლი, მანქანა ჰქონდა, იჭერდა...
მოკლედ, პროკურატურის ქმედებები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და თუ ასე მოხდება, მაშინ მათაც უნდა ვაპატიოთ, ვინც პატიმრებს აწამებდნენ, რადგან ისინიც იტყვიან, სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებდითო. თქვე დალოცვილებო, თუ ჩინჩალაძე “გაწვებოდათ”, რომ უდანაშაულო ადამიანები დაგეჭირათ, ამდგარიყავით და პროკურატურიდან წამოსულიყავით, ასე ნაშოვნი ფული შეგერგებათ?

- ნიკა, ის საქმეები, რომლებიც “უფლებადამცველთა გაერთიანებას” აქვს, საკმარისია, რომ ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას?
- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩინჩალაძე ჩვენებას მისცემს, რომ დაკვეთა ადეიშვილისგან ჰქონდა.

- ჩინჩალაძისა და ფხაკაძის წინააღმდეგ პროკურატურაში შეტანილ საჩივარს უმცირესობის, ანუ “ნაციონალების” მხრიდან ხომ არ მოჰყვება მტკიცება, რომ ეს სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლაა?
- მაშინ დავიღუპებით, თუკი განსხვავებული აზრი არ იარსებებს. არ შეიძლება, რომ მთელი ერი ერთნაირად ფიქრობდეს...
თუ ეს ხალხი პასუხისგებაში არ მიეცა, ახალი ხელისუფლებაც იგივეს გააკეთებს, თუმცა ადამიანურად, ბაჩო ახალაიაც მეცოდება და, საერთოდ, არავის დაჭერა მსიამოვნებს, მაგრამ ჩვენი უბედურება ისაა, რომ აქამდე ერთი დამნაშავე ხელისუფალიც არ დასჯილა.

- ისე, ბაჩო ახალაიას, წესით, უნდა სცოდნოდა, რომ დაიჭერდნენ. შენი აზრით, რატომ გამოჩნდა?
- ვიღაცას ჰგონია, რომ ბაჩო ახალაიამ დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინა, მაგრამ უამრავი ადამიანი გაამწარა და მისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი ციხეა, თან როგორც ვიცი, “ნაციონალები” დაპირდნენ, გაგაპიარებთ და მთელ მსოფლიოს შევძრავთო, მაგრამ “ნაცმოძრაობას” გასაპიარებლად რესურსი არ აქვს. ამიტომ, თუკი სააკაშვილი დაპირებას ვერ შეუსრულებს, ბაჩო ახალაია ალაპარაკდება! სხვათა შორის, მაქვს ინფორმაცია, რომ სასამართლოსა და, საერთოდ, ყველა უწყებაში მტკიცებულებები ნადგურდება და იმედი აქვთ, რომ ახალაიას დანაშაული არ დაუმტკიცდება! ისე, დარწმუნებული ვარ, რომ ბაჩო ახალაიას ციხეში ხელს არავინ დააკარებს!