ვის აქვს ბოდიში მოსახდელი ქართულ მასმედიაში

ვის აქვს ბოდიში მოსახდელი ქართულ მასმედიაში

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 2007 წელს დაგეგმილი ტოქ შოუ "ღია ეთერი" 5 წლის დაგვიანებით სამ არხზე ერთდროულად გავიდა - "იმედზე", "მაესტროსა" და "მეცხრე არხზე". "იმედში" დაბრუნებულმა კანონიერმა მფლობელმა - ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა, გადაწყვიტა, გათავისუფლებული ეთერი იმ კითხვით დაეწყოთ, რომელიც დღემდე პასუხგაუცემელია - რა უნდა გავაკეთოთ, რომ ის ავადსახსენებელი 7 ნოემბერი აღარ განმეორდეს.

ამ თემის გარშემო შეიკრიბა უამრავი ხალხი - ის ჟურნალისტები, რომლებიც მაშინ ცემით და ძალადობით გამოყარეს ტელეკომპანიის შენობიდან, ის ჟურნალისტები, რომლებიც მაშინ სხვა არხებზე მუშაობდნენ, საზოგადოებრივი სახეები, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები...

ამ საღამოს ჟურნალისტური ბუჩქებიდან ბევრი გამოძვრა გულზე მჯიღის ცემით, ისინი, რომლებიც იმ 7 ნოემბრის შემდეგ მშვენივრად მოკალათდნენ სხვადასხვა ნაციონალურ არხებზე, სახელმწიფო უწყებებში და, საერთო ჯამში, სააკაშვილის ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის ჭანჭიკებად იქცნენ, რათა თავი გადაერჩინათ. შინაგანად კი თურმე ობიექტურ ჟურნალისტებად დარჩენილან, როგორც ახლა სურთ, საზოგადოება დააჯერონ.

რომ არა შალვა რამიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის რეპლიკები, ალბათ ყველას დაგვავიწყდებოდა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ქართული არხების დიდი ნაწილიდან არაობიექტური და ზონდირებული ინფორმაცია მოდიოდა.

"იმედის" გუნდის მცირე ნაწილმა ამ 5 წლის განმავლობაში იპოვა ის ოპოზიციური მედიასაშუალებები, სადაც ახლაც განაგრძობენ მუშაობას და ანგაჟირებულ ჟურნალისტებად არ იქცნენ. დიდმა ნაწილმა კი ცდუნებას ვერ გაუძლო და "ბართლომეს ღამის" დასავიწყებლად სერიოზული კომპენსაციები მიიღო - სამთავრობო არხებზე მუშაობა სოლიდური ანაზღაურებით, სამინისტროების პრესსამსახურებში თბილი სავარძლები და ა.შ.

როცა ისმება კითხვა - რა მოხდა 7 ნოემბერს, ერთმნიშვნელოვნად ვიცით, რომ მოხდა დანაშაული და იყო ძალადობა, მაგრამ არანაკლები დანაშაული იყო 5 წლის განმავლობაში იმ ადამიანების დუმილი, ვინც ძალადობა საკუთარ თავზე იწვნია. მაშინ, 5 წლის წინ, "იმედი" და ბადრი პატარკაციშვილი გაწირა არა მარტო ხელისუფლებამ, არამედ არხის იმ თანამშრომლებმა, რომლებმაც დარბევის მეორე დღესვე მიიღეს ხელისუფლებისგან მართვადი არხებისა და სხვადასხვა კომპანიებისაგან სარფიანი შეთავაზებები. შეიძლება ეს თემა აქტუალური არც გამხდარიყო და საზოგადოებასაც გადაეყლაპა, რომ არა ქვეყანაში შექმნილი ახალი რეალობა. ახლა კი ნუ გამოდიხარ და ნუ მიმტკიცებ, რომ სინდისთან მართალი ხარ და საზოგადოება არ მოგიტყუებია.

ძველი გვარდიის ჟურნალისტებს შორის ეკა ხოფერია დროსა და სივრცეში ყველაზე ადაპტირებულია. მისი ქმედებით ადვილად მიხვდები, ქვეყანაში, რა პროცესები იწყება. ყოველი ახალი ხელისუფლების მოსვლის წინ რამდენიმე თვით ადრე ის პროტესტის ნიშნად ტოვებს დაკავებულ თანამდებობას, რათა ახალ ხელისუფლებაში ახალი გარანტიები მიიღოს. ყველას კარგად გვახსოვს, ვარდების რევოლუციიდან სულ ცოტა ხანში როგორ დატოვა მან პირდაპირი ეთერი. თითქოსდა ეს ნაბიჯი მისგან მართლაც გმირობა იყო, მაგრამ სულ მალე იმ მთავრობის ელიტის ნაწილად იქცა, რომლის გამოც თითქოსდა ტელეეკრანზე მუშაობა გააპროტესტა. ის პოლიტიკურ და სამართლიან ჟურნალისტიკაში არც 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ დაბრუნებულა. სამაგიეროდ, გააკეთა პრიალა ყვითელი ჟურნალი "სითი", სადაც ნაციონალურ ბომონდს მთელი თავისი ბრწყინვალებით აშუქებდა. "პირველ არხზე" კი ტოქ შოუ "აუდიტორია" მიჰყავდა, რომელიც აბსოლუტურად გამოშიგნული იყო ყოველგვარი პროტესტისგან იმდროინდელი რეჟიმის მიმართ. ახალი ხელისუფლების მოსვლის მოახლოება ყველაზე ადრე სწორედ მან იგრძნო და მაშინვე "პირველი არხის" ხელმძღვანელის, გია ჭანტურიას მხრიდან ზეწოლაზე ალაპარაკდა. ოქტომბრის თვეში ჟურნალ "სითის" გარეკანზე უკვე "ქართული ოცნების" სახეები, მაია და ნათია ფანჯიკიძეები გამოჩნდნენ. არა გვგონია, ხუთწლიანი ბომონდურ-გლამურული "მოღვაწეობის" შემდეგ მართებული იყოს კითხვის დასმა - რა უნდა გავაკეთოთ, 7 ნოემბერი რომ არ განმეორდეს?

ტოქ შოუში ვიხილეთ "იმედის" ყოფილი ჟურნალისტი თეა ბოლქვაძეც, რომელმაც ტელეკომპანიის დარბევის შემდეგ საჯარო სამსახურში გადაინაცვლა, ეკონომიკის სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის სავარძელში მოკალათდა და იმ მთავრობის მინისტრ ვერა ქობალიას ემსახურებოდა, რომელმაც მისი მშობლიური "იმედი" დაარბია. თავის მინისტრსაც მხოლოდ იმ ჟურნალ-გაზეთებში აპიარებდა, რომლებსაც ხელისუფლება აკონტროლებდა. "სარკის" რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, თეასგან ვიღებდით უცვლელ და გაურკვეველ პასუხს, რომ ექსკლუზივები მინისტრზე სხვა გაზეთს ჰქონდა. ეს ის თეა ბოლქვაძეა, რომელიც ირწმუნებოდა, ვერა ქობალია საავადმყოფოში არ წევსო. არადა მოგვიანებით მინისტრმა თავად აღიარა, რომ კლინიკაში იწვა.

ამ ტოქ შოუში კედელთან რატომღაც მხოლოდ დათო კიკალიშვილი მიაყენეს, როგორც "რუსთავი 2"-ის სახე. ბოლოს და ბოლოს ის არ დაურბევიათ და, სხვათა შორის, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მაშინვე, იმ 7 ნოემბრის საღამოსვე, ტელეკამერასთან დაუფარავად გააპროტესტა კოლეგებზე ძალადობა. მაყურებელი იმ სტუდიაში სხვა ბევრისგანაც ელოდა იმ მარტივ აღიარებას, რომ ამ 5 წლის განმავლობაში ჟურნალისტურ პრინციპებს უღალატეს. მაგალითად, ლევან ჯავახიშვილისგანაც. ამის მაგივრად მან ძალიან მშვიდად განაცხადა, თუ არ მოგწონდით ამისთვის არსებობს პულტიო(?!). სამწუხაროდ, ასე ფიქრობს მისი კოლეგების უმრავლესობაც. არც თეა ადეიშვილის პასუხი ჟღერს დამაჯერებლად, რომ ამ 5 წლის განმავლობაში იმ მიზეზით, რომ აპოლიტიკურ სიუჟეტებს აკეთებდა, არ იცოდა "რუსთავი 2"-ის სამზარეულოში როგორ ცხვებოდა ახალ-ახალი დეზინფორმაცია.

რატომღაც მთელი ორსაათნახევრის განმავლობაში არავის გახსენებია, რომ ამ წლებში ყველაზე რთული გზა დამოუკიდებელმა ბეჭდურმა მედიამ, პრესამ განვლო, მაგრამ სახე არ შეუცვლია. მართალია, სააკაშვილის რეჟიმს ჟურნალ-გაზეთების რედაქციები არ დაურბევია, მაგრამ მას საარსებო წყარო გადაუკეტა ჯერ სიტყვიერი მოწოდებებით, შემდეგ პრაქტიკაში განხორციელებით, როცა ჟურნალ-გაზეთების გავრცელება შეზღუდა. სამაგიეროდ მწვანე შუქი აუნთო თავის მსახურად ქცეულ ტელეკომპანიებს და მათ მილიონიანი ვალები ჩამოაწერა.

გადაცემის მსვლელობისას, როცა წამყვანები კითხვას სვამდნენ, რატომ მოხდა 7 ნოემბერი, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ამ წლების განმავლობაში ყველაზე მეტად მაყურებელმა შესცოდა, რომელიც არსებულ არხებს უყურებდა და იმ ჟურნალისტების მიერ მოწოდებულ დეზინფორმაციას ისმენდა, რომლებიც ახლა ფენიქსივით ფერფლიდან აღდგომას ცდილობენ.

მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. მათ იმედი გაუცრუეს თავიანთ მაყურებელს, ანუ ხალხს, რომელიც მოძალადე ხელისუფლებას პირისპირ შეატოვეს და თვალში მაცდურად მბრწყინავ მტვერს აყრიდნენ.

რადგან იქ არავინ თქვა გასაგებად და კითხვა - რა უნდა გავაკეთოთ, რომ 7 ნოემბერი აღარ განმეორდეს, ისევ უპასუხოდ დარჩა, ახლა მაინც ვთქვათ: 7 ნოემბერი მას შემდეგ მრავალჯერ განმეორდა და კიდევ განმეორდება მანამ, სანამ ხელისუფლება დარწმუნებული იქნება, რომ დარბეული და შეურაცხყოფილი ჟურნალისტები ისევ მის სამსახურში ჩადგებიან. რა უნდა გავაკეთოთ? უბრალოდ უარი უნდა ვთქვათ კონფორმიზმზე.