საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მე-3 კვარტალში 417.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელს 13.7 პროცენტით აღემატება. წლის ბოლოს უცხოური კაპიტალის ოდენობამ ცოტათი მოიმატა. ამის ძირითადი მიზეზია რეინვესტირების მაჩვენებლის მატება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მე-3 კვარტალში უმსხვილესი პირადაპირი ინვესტორი ქვეყნების სტრუქტურაში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 18.8 პროცენტით, მეორე ადგილზე ნიდერლანდი - 16.4 პროცენტით, ხოლო მესამეზე თურქეთი - 10.3 პროცენტით.
„სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წლის მე-3 კვარტალში 45.7 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 96.0 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 49.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი 45.7 მლნ აშშ დოლარით“, - აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა განმარტა, რას უკავშირდებოდა მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მატება.
„ზრდის მიზეზია, ძირითადად, რეინვეტსიციის მაჩვენებლის მატება და ასევე, აღსანიშნავია, სავალო ვალდებულების ზრდა, რაც შეეხება სააქციო კაპიტალის მიმართულებას, კლების ტენდენციით ხასიათდება. რაც შეეხება 9 თვის შედარებას წინა წლის შესაბამის პერიოდთან. მიზეზი უცვლელია, რაც წინა 2 კვარტლის განმავლობაში იყო: აქ ძირითადად ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირება ფიქსირდება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა არარეზიდენტიდან რეზიდენტის საკუთრებაში“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
საერთოდ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა, 2016 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის სამი კვარტლის ჩათვლით, თბილისზე ნაწილდება, ხოლო ყველაზე მცირე მოცულობა გურიის რეგიონზე. შესაბამისი კვლევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ ჩაატარა. მისი ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ დედაქალაქი უპირობო ლიდერია.
„2019 წლის სამ კვარტალში ქვეყანაში შემოსული 909 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციიდან 570 მილიონზე მეტი მხოლოდ თბილისზე მოდის. თბილისის შემდგომ მოდის აჭარა, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 110 მილიონს აღემატება. ყველაზე მცირე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გურიასა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში განხორციელდა. გურიაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ანალოგიურ პერიოდში 2.5 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში 3.5 მილიონ აშშ დოლარს არ აღემატება.
ამასთან, გასული სამი წლის, 2016-2018 წლის ანალიზი აჩვენებს ანალოგიურ მდგომარეობას, როცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განსაკუთრებულად დიდი ოდენობით თბილისზე მოდის (ოთხი მილიარდის ფარგლებში), შემდგომ ადგილს კვლავ აჭარა იკავებს (თითქმის 400 მილიონი) ხოლო ყველაზე მცირე ინვესტიციები გურიასა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში განხორციელდა, ჯამში, დაახლოებით 5 მილიონის ოდენობით“, - განუცხადა „აიპიენს“ აბაშიშვილმა.
მესამე კვარტალში ინვესტიციებმა კი მოიმატა, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში მკვეთრი ვარდნა იყო. მიზეზი ბევრია. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ საქართველოში საინვესტიციო პოლიტიკა უნდა შემუშავდეს და გატარდეს.
„თქვენ ჩადებთ ინვესტიციებს ქვეყანაში, სადაც ორი წლის განმავლობაში ოთხჯერ იცვლება ეკონომიკის მინისტრი? არავინ ჩადებს. ქვეყანა, რომლის ძირითადი რესურსები - ეს ჰიდრორესურსებია და ამასთან, ის აუქმებს ენერგეტიკის სამინისტროს, რომ რაღაც ხუთი მილიონის ეკონომია გააკეთოს, ეს სწორი არ არის. ამით მინდა ვთქვა, რომ ქვეყანას საინვესტიციო პოლიტიკა არ გააჩნია. ბოლოს და ბოლოს საქართველოში საინვესტიციო პოლიტიკა უნდა შემუშავდეს და გატარდეს“, - განაცხადა ბაირახტარმა.