დედაქალაქის მერი კახა კალაძე წლობით დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათ აღნიშნული პრობლემის მოგვარების შესახებ გეგმა გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კომპანია „ცენტრ პოინტის“ პრობლემაზე, რომელიც მრავალი კომბინაციების, გეგმების და შეთავაზებების მიუხედავად ისევ ჰაერშია გამოკიდებული. 6500 დაზარალებული კი წლებია აუტანელ პირობებში იმყოფება. სამშენებლო სექტორში ყველაზე მასშტაბური პრობლემის გადაჭრის მორიგი გზა ამჯერად მშენებლებს წარუდგინეს.
„ყველამ ვიცით, რომ წლების განმავლობაში არსებობს ეს პრობლემა. „ცენტრ პოინტის“ საქმიანობის შედეგად, სამწუხაროდ, გვყავს ძალიან ბევრი დაზარალებული ოჯახი. დედაქალაქის მერიამ დაიწყო ამ პრობლემის მოგვარება. პირველი მსგავსი შემთხვევა გვქონდა სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულებთან დაკავშირებით. ეს პროცესი წარმატებით დასრულდა. მინდა მადლობა გადავუხადო სამშენებლო კომპანია „მ2“-ს. 2500-მდე ოჯახისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ეს პრობლემა მოგვარებულია.
ანალოგიური დამოკიდებულებაა „ცენტრ პოინტთან“ დაკავშირებით. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ. არსებული პრობლემა სამშენებლო კომპანიების ჩართულობითა და ჩვენი მხარდაჭერით უნდა მოვაგვაროთ, რათა 6500-მდე ოჯახმა შეძლოს საკუთარი ფართების მიღება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„ცენტრ პოინტის“ პრობლემა ორ ნაწილად იყოფა. ერთია აუშენებელი კორპუსები, ხოლო მეორე ის კორპუსები, რომლებიც დასრულებულად ითვლება და სადაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ ადამიანები. შესაბამისად, მერია სამშენებლო კომპანიებს სთავაზობს გარკვეული პრეფერენციების სანაცვლოდ მოახდინონ თანხების აკუმულირება სპეციალურ ფონდში, რომელიც შეიქმნება. ამის შედეგად უნდა მოხდეს, პირველ რიგში, შვიდი დაუმთავრებელი ობიექტის გარემონტება, ხოლო რაც შეეხება არაშენებულ ობიექტებს, ამაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
დედაქალაქის ვიცე-მერის თქმით, მათ შესთავაზეს დეველოპერულ კომპანიებს მიიღონ მონაწილეობა და მათთვის მისაღებ პირობებში მოხდეს ამ ობიექტების დასრულება.
„ჩვენ შექმნილი გვაქვს დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით სპეციალური კომისია, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, გარკვეული გამონაკლისები დაუწესონ იმ კომპანიებს, რომლებიც ამგვარ მშენებლობებში ან გარემონტებაში მიიღებენ მონაწილეობას“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.
„ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების პრობლემის მასშტაბურობას ხედავენ სხვა დეველოპერული კომპანიებიც. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი მერიის მიერ შემოთავაზებულ თანხის აკუმულირების გზას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
„რაღაცნაირად უნდა გადაწყდეს ამ 6 000 ადამიანის ბედი. ამ ოჯახების ნახევარი ისეთ პირობებში ცხოვრობს, სადაც შეუძლებელია არსებობა - კარ-ფანჯარა არ აქვს უმეტესობას. მე ვარ მომხრე იმის, რომ რაღაც ნაბიჯი უნდა გადაიდგას. თუ ჩვენს სექტორს შეუძლია, რომ მათ სახლებში გაკეთდეს ლიფტი, ფასადი, ელექტროენერგია და ა.შ. რა თქმა უნდა, მომხრე ვართ. მერიამ ნახა, რომ სერიოზული თავის ტკივილია „ცენტრ-პოინტი“ და შემოგვთავაზეს ეს გზა, ეს თანამშრომლობა გამოდის. კარგია, რომ ბატონყმური დამოკიდებულება არ არის მერიის მხრიდან“, – განუცხადა „კომერსანტს“ როსტომაშვილმა.
იგივე პოზიციას იზირებს კომპანიას „არსის“ დამფუძნებელიც. თორნიკე აბულაძე ეთანხმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
„მერიას ურჩევნია, რომ 100 პარკინგით ნაკლები აშენდეს ან ერთი სართულით მეტი დაშენდეს იმისთვის, რომ ეს 6000 კაციანი პრობლემა გადაწყდეს. მერია გონივრულობის და ურბანული ზრდილობის ფარგლებში მზად არის გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, თუ ეს დაეხმარება „ცენტ პოინტის“ დაზარალებულებს. მე რომ ვიყო ოპოზიციური წარმომადგენელი, ვიტყოდი, რომ ეს არის კორუფციული სქემა, მაგრამ როცა ვარ ობიექტური პოზიციის მატარებელი, ვფიქრობ, რომ ზოგადად იდეა კარგია - თუმცა საჭიროა კონტროლის მექანიზმი“, - ამბობს კომპანია „არსის“ ხელმძღვანელი.