ლაკმუსის ტესტი და რასმუსენის შეშფოთება

ლაკმუსის ტესტი და რასმუსენის შეშფოთება

საქართველოს ახალმა მთავრობამ და მოქმედმა პრეზიდენტმა უნდა განაგრძონ ეფექტიანი კოჰაბიტაცია და რეფორმები მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, - ნათქვამია ნატოს პრაღის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომელიც საგანგებოდ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ არსებულ ვითარებას შეეხება. ალიანსის საპარლამენტო ასამბლეამ შეაქო საქართველო ოქტომბრის დემოკრატიული არჩევნებით ლაკმუსის ტესტის ჩაბარებისთვის, თუმცა, ქების გარდა, თბილისის მისამართით კრიტიკაც გამოითქვა პოლიტიკური ოპონენტების დაჭერის გამო, რასაც ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა შემაშფოთებელი ფაქტი უწოდა.

უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში არის შექებაც ლაკმუსის ტესტის ჩაბარების გამო, აღნიშულია „ეფექტიანი კოჰაბიტაციის“ აუცილებლობა და, რაც მთავარია, არის მოწოდებაც ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებისადმი, რომ „განიხილონ საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭება". თუმცა ნატოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შეშფოთების მიზეზიც აქვს და ეს გამოჩნდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პირველსავე დღეს, როდესაც რეზოლუციის პროექტში საქართველოს შესახებ იყო ძალიან მძიმე კრიტიკული ჩანაწერი, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივ დევნას, არამედ ადგილობრივი არჩევითი ხელისუფლების ორგანოებზე ზეწოლას და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმეში ჩარევას ეხებოდა, რაც საქართველო პარლამენტის წევრ ვიქტორ დოლიძის მინიშნებით რეზოლუციის ტექსტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატების ძალისხმევის გარეშე ვერ მოხვდებოდა.

“პრაქტიკულად იყო ის, რომ თითქოსდა დღევანდელი მთავრობა მედიის თავისუფლებას ზღუდავს, ახორციელებს პოლიტიკურ დაპატიმრებებს და აქედან გამომდინარე მოწოდებები იყო ნატოს თანამეგობრობიდან, რომ ამგვარი რამ აღარ განმეორებულიყო. რა თქმა უნდა, ამას რეალობასთან არაფერი საერთო არა აქვს. მაგრამ ამგვარი მოქცევა მითუმეტეს ქვეყნის საზიანოდ და მითუმეტეს ისეთ საპასუხისმგებლო ფორუმებზე, რასაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეა იქნება, ევროსაბჭოსი თუ ეუთოსი, არის აბსოლუტურად მიუღებელი. სხვათა შორის ამის თაობაზე მე ველაპარაკე ჩემს კოლეგას, გვარს და სახელს არ დავასახელებ. იგი სხვათა შორის დამეთანხმა, აბსოლუტურად რეალურად მიიღო ჩემი შენიშვნა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ამგვარი პრობლემები აღარ გვექნება საპარლამენტო მუშაობაში, " განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ.

საქართველოს ახალი მთავრობა რეზოლუციის გარდა, კრიტიკას ვერც საპარლამენტო ტრიბუნიდან გადაურჩა. როგორც ზემოთ ითქვა, ნატოს გენერალურმა მდივანმა საკმაოდ მკაცრად შეაფასა საქართველოში შექმნილი ვითარება და შემაშფოთებელი უწოდა „პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების“ კამპანიას.

„უაღრესად შეშფოთებული ვარ არჩევნების შემდგომ განვითარებული პროცესებით - უწინარეს ყოვლისა, საქართველოში ახლახან პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით. ამ საკითხების გადაწყვეტა სასამართლო სისტემის პრეროგატივაა, მაგრამ, ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საქმეები პოლიტიკური ჩარევის გარეშე განიხილებოდეს. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას ამ მიმართულებით".