რაც უნდა მოხდეს საქართველოში, ციხის ბუნტი, გაფიცვა თუ ნებისმიერი სხვა რამ, კლასიკური გაგებით, ქვეყანაში კრიზისის შექმნა მხოლოდ ორ რამეს _ უფუნქციო პარლამენტსა და ბიუჯეტის კანონპროექტის ჩაგდებას შეუძლია. ჩვენ კი არც ერთისგან და არც მეორისგან შორს არ ვართ, მეტიც, უკვე კრიზისის ზღვართან ვიმყოფებით! ასეთი იმპერატიული ტონი მხოლოდ იმიტომ, რომ ,,ოცნებას'', რომელიც ცოცხალი თავით ამ ვითარებას არ აღიარებს, ,,ნაციონალურმა'' მოძრაობამ წიხლი აუკრა და სხდომაზე გამოგონილი მიზეზებით არ შევიდა, შესაბამისად, პარასკევს, 9 ნოემბერს ის სხდომა ჩაუგდო, რომელზეც ბიუჯეტის კანონპროექტი უნდა დამტკიცებულიყო და ,,ოცნებიდან'' აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასულ 13 წევრს ახალი ხალხი უნდა ჩანაცვლებოდა. ,,ნაციონალებმა'' არც ახალი ,,ოცნებელები'' ცნეს, არც ბიუჯეტი, უმრავლესობამ კი გული არ გაიტეხა და 13 ოქტომბერს სხდომა დანიშნა.
რა მოხდება იმ ვითარებაში, თუ ,,ნაციონალური მოძრაობა'' ბოიკოტს გააგრძელებს, ან სხდომაზე შევა და ბიუჯეტს ჩააგდებს და როგორ აპირებს სახელმწიფო კრიზისის თავიდან აცილებას საპარლამენტო უმრავლესობა, ამ მძიმე სოციალურ ფონზე _ ეს კითხვა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, პარტია ,,ოცნების'' თავმჯდომარეს მანანა კობახიძეს დავუსვით, რომელმაც აი, ასე გვიპასუხა: ,,ღმერთმა არ ქნას, ასე მოხდეს. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ასეთი კრიზისებისგან, მით უმეტეს, ახლა მართლაც სერიოზული პრობლემები გვიდგას. ხედავთ, რაც ხდება, თითქოს ყველა პრობლემამ ერთად იჩინა თავი: სოციალურად დაუცველები, დევნილები, მუშები ჭიათურაში, ფოთში, პატიმრები _ ეს განა ახალი პრობლემებია, ის მძიმე მემკვიდრეობაა, რაც ძველი ხელისუფლებისგან მივიღეთ. სახელმწიფო იმისაა, რომ ეს ყველაფერი მოვაგვაროთ, დავარეგულიროთ, ჩვენ სოციალურ-ეკონომიკური ვალდებულებები გვაქვს ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რაც უნდა შევასრულოთ და დიახ, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვა-დამტკიცებასთან, რასაც, რა თქმა უნდა, კვორუმი სჭირდება. ამიტომ თუ ისე მოხდა, რომ უმცირესობამ დესტრუქციულად იმოქმედა, როგორიცაა დემარში იმის გამო, რომ თურმე, ერთი კაცი არ ავირჩიეთ მათგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, თან, ლევან ბეჟაშვილი, მაშინ ვითარება იოლი არ იქნება!'' როგორც თავად ხედავთ, ეს განცხადება არა კვანძის გახსნა, არამედ იმის დასტურია, რომ ბევრი რამ, მათ შორის, მინიმუმ დღევანდელი მდგომარეობის შენარჩუნება, ,,ნაციონალების'' ხელშია. ამ დროს, უმცირესობას არც ბაჩო ახალაია აინტერესებდა, არც უშიშროების საბჭოს წევრად ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურის ჩაგდება, მათ ამ თავიანთი ფსევდობოიკოტით ის მიიღეს, რაც სინამდვილეში სურდათ _ 13 ახალი წევრის უფლებამოსილება არ ცნეს და ამით პარლამენტს, სხდომაზე მათი მონაწილეობის გარეშე, კვორუმი წაართვეს. უფრო მარტივად _ ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობას პარლამენტში წაართვეს საპარლამენტო უმრავლესობის ყველა ბერკეტი და თუ არაფერი შეიცვალა, უკვე ბიუჯეტის შესახებ კანონის 39-ე მუხლი ამოქმედდება, ბიუჯეტის პროექტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ, რომლის მე-12 პუნქტში წერია: ,,სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის დათხოვნისას, საქართველოს პრეზიდენტი დეკრეტით ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტს და ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან 1 თვეში წარუდგენს მას დასამტკიცებლად''. იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ ვადგავართYსახელმწიფო კრიზისისა და ახალი პარლამენტის დათხოვნის გზას, ,,ვერსიისთვის'' ექსპერტი ლევან ალაფიშვილი დეტალურად და ყველასთვის გასაგებად ხსნის: ,,7 ნოემბერს, როცა უმცირესობამ პარლამენტი დატოვა, იქვე ორი მნიშვნელოვანი რამ თქვა, რასაც სათანადო ყურადღება, პირველ რიგში, უმრავლესობისგან არ მიექცა: ჩვენ ბიუჯეტისთვის არ გვცალიაო _ ანუ, განა პასუხისმგებლობას არ ვიღებთ, არამედ, აბა მიდით, ჩვენს გარეშე მიიღეთ ბიუჯეტიო. მერე თქვეს, მარტო ეგ კი არა, სამოქალაქო დაპირისპირებაც ავიცილოთ თავიდანო! ეს ნიშნავს _ მოდი, ახლა და მევაჭრეო და ამის თქმის საშუალებაც აქვთ. უმრავლესობამ წმინდა ტაქტიკური შეცდომა დაუშვა _ აღმასრულებელ ხელისუფლებაში წასული 13 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხთან ერთად, მომდევნო საკითხად, ახალი დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის საკითხი უნდა დაეყენებინათ. ამით ძალიან კარგად ისარგებლა უმცირესობამ. ამის მერე, ბიუროს სხდომაზე უმრავლესობა, რბილად რომ ვთქვათ, სიმართლეს გვიმალავს და ამბობს _ რადგან უმცირესობა არაა პარლამენტში, ამიტომ არ განვიხილავთ ბიუჯეტს, რადგან ჩვენთვის მათი თანამონაწილეობაა მნიშვნელოვანი, თორემ კვორუმის პრობლემა არ გვაქვსო. ამ დროს, ეგ პრობლემა აქვთ, თუ აქვთ და ცოტა პროცედურებსაც უნდა შეხედონ: რაკი ამ ორშაბათიდან პლენარული სხდომების კვირა არ უწევთ, ე.ი. რიგგარეშე სხდომა უნდა ჩატარდეს, რომლის მოწვევის უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს, პარლამენტის ერთ მეოთხედს, ან თავმჯდომარეს. თუმცა კონსტიტუციაში იქვეა ჩანაწერი: თუ 48 საათში პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას არ მოიწვევს, მაშინ მომდევნო 48 საათში პარლამენტი ვალდებულია, თავად დანიშნოს სხდომა. ალბათ, პირველი 48 საათი 7 ან 8 ნოემბრიდან უნდა ავითვალოთ, მაგრამ აქ ეს კი არა, ისაა მნიშვნელოვანი, რომ პრეზიდენტმა უნდა გამოსცეს აქტი, ბრძანებულება იმის შესახებ, რომ მოწვეულ იქნას რიგგარეშე სხდომა. ეს აქტი კი ჯერ არ გამოცემულა და ეჭვი მაქვს, სააკშვილი არც გამოსცემს''. შესაბამისად, თუ სააკაშვილი აქტს არ გამოსცემს, ამოქმედდება მეორე 48-საათიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც, უსუფაშვილმა, უნდა თუ არა, სხდომა უნდა მოიწვიოს და იმუშაოს, მაგრამ კვორუმის გარეშე გადაწყვეტილებას მიიღებს კი არა, სხდომასაც ვერ გახსნის. აი, აქ ჩნდება იმ 13 დასამტკიცებელი დეპუტატის გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვისი უფლებამოსილების საკითხი კაცმა არ იცის, რატომ გადადო უმრავლესობამ: ,,პარლამენტი გადაწყვეტილების მიმღები რომ გახდეს, ზოგადად, სხდომის გახსნასაც კვორუმი უნდა. თუ დაფიქსირდა, რომ სხდომას ესწრება 76 დეპუტატზე მეტი, მერე კენჭისყრის კვორუმიც რომ ჩააგდონ ნაციონალებმა, ბიუჯეტის დამტკიცებას უკვე სიითი შემადგენლობის უმრავლესობა ჰყოფნის, რაც მარტო ,,ოცნებასაც'' აქვს და ეს სულ 69 კაცია. ახლა გვაქვს შემდეგი რელაობა _ გვყავს 150 დეპუტატი, აქედან 85 ოცნება, რომელსაც არ ჰყავს 13 კაცი და 72 დეპუტატი. სხდომის გასახსნელად კი მას ,,ოცნების'' სრული შემადგენლობა უნდა ესწრებოდეს და კიდევ 4 ხმა აკლდებათ, რაც ან ,,ნაციონალებისგან'' უნდა შეივსოს, ან ცალკე გამოყოფილი 6-კაციანი ფრაქციისგან. ჰოდა, თუ ვინმე აძლევს გარანტიას ამ ახალი ფრაქციიდან, მათი საქმეა _ მე დარწმუნებული არ ვიქნებოდი''. ეს ის ვარიანტია, თუ ,,ნაციონალები'' ერთმანეთს მხრებით გადაებმევიან და საერთოდ არ შევლენ პარლამენტში, მაგრამ რომ შევიდნენ, ტრიბუნასთან აყვირდნენ, ბაჩო გამოუშვითო და რეგისტრაცია არ გაიარონ, ამას რატომ არ ვუშვებთ _ არ იკადრებენ, თუ უხათრებენ?! ლევან ალაფიშვილი, კონსტიტუციის მოშველიებით, ჩვენთან ერთად მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს: ,,დავუშვათ, უმცირესობა შევიდა სხდომაზე და სხდომას ექნა კვორუმი, იჟრიამულოს უმრავლესობამ და იყოს _ თუ ,,ოცნება'' პირველ საკითხად არა ბიუჯეტს, არამედ 13 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას დააყენებს, მაშინ ბიუჯეტის კვორუმი ზევით ავარდება და მას 69 კი არა, 76 დეპუტატის ხმა დასჭირდება. ხოლო თუ პირველ საკითხად ბიუჯეტს განიხილავენ, მაშინ კვორუმს 69 კაცი უნდა, რაც ,,ოცნებასაც'' აქვს, ,,ნაციონალებიც'' ხმას მისცემენ, რათა არ დაფიქსირდეს, ხელი შეუშალესო. სამაგიეროდ, სხვა საკითხებს ჩაუგდებენ და იმ 13 კაცის უფლებამოსილებას არ ცნობენ, რითაც ყოველთვის თვითონ იქნებიან სიტუაციის წარმმართველნი, ანდაც, პოლიტიკურად ივაჭრებენ და საკმაოდ ძვირადაც. ამ ვითარებაში, როცა ეს ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი არაა, ,,ოცნებას'' ასეთი თამაშები არ აწყობს _ ბიუჯეტის ბოლო ვარიანტი დეკემბრის პირველ დეკადაში უნდა შემოიტანონ, მაგრამ ის თუ ჩავარდა, დამთავრებულია ყველაფერი! სხვათა შორის, ამიტომაც არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის დანიშვნის აქტი არ გამოსცეს, რადგან ამ დაძაბულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში, გაერთიანებულ შტაბში კალანდაძის დაბრუნებით, სააკაშვილმა გვითხრა, ჯარსაც მე ვაკონტროლებ და აქამდე ჩუმად თუ ვიყავი, აწი მიყურეთო''. სანახავი კი მართლაც ბევრია _ ბიუჯეტის ჩავარდნა და სახელმწიფო კრიზისი სახიფათოდ მარტო კი არ ჟღერს, არამედ შესაბამის, რეალურ ხიფათებთანაცაა დაკავშირებული. გვახსოვდეს 7 ნოემბერიო, ყოველ 7 ნოემბერს რომ გაჰყვირიან, ისიც გვახსოვდეს, როგორ გამოაცხადა სააკაშვილმა ამავე 7 ნოემბერს საგანგებო მდგომარეობა, ოღონდ ,,მსუბუქ ფორმებში'' _ ბიუჯეტის ჩავარდნასა და პარლამენტის დათხოვნას კი სხვა არაფერი მოჰყვება, თუ არა საგანგებო მდგომარეობის ,,დამძიმებული ვარიანტი: ,,ყველაფერი ასე თუ გაგრძელდა, ჩვენ ვიღებთ უმოქმედო პარლამენტს, უბიუჯეტო მთავრობას და პრეზიდენტს, რომელიც მთავრობას გადააყენებს. ეს კი საკმაოდ დიდი საფრთხის მატარებელი სცენარი შეიძლება იყოს _ გარდა ჯანყისა და სახალხო მღელვარებისა, რაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი ხდება ხოლმე, კონსტიტუციაში ისიც წერია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მაშინაც შეიძლება, თუ ხელისუფლების ორგანო უუნარო, უფუნქციოა _ ანუ პარლამენტი და მთავრობა არაჯეროვნად მუშაობს, არ აქვს ბიუჯეტი და ა.შ. თუ საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში ამ საფუძვლით ცხადდება, მაშინ ქვეყნის შიდა ვითარებაში სერიოზულად ჩარევის არანაირი უფლება არ აქვს საერთაშორისო საზოგადოებას. თუ სცენარი ასე წავიდა, მთავარი ხდება სააკაშვილი, მაგრამ საგანგებო მდგომარეობა თანმდევი აქტების გარეშე არც ისე სახიფათოა. ხოლო სააკაშვილმა ეს შემზღუდავი აქტები რომ გამოსცეს, პარლამენტს უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად. ჰოდა, პარლამენტი არ დაუმტკიცებს და ეს პროცესიც უსაშველოდ შეიძლება გაგრძელდეს. კვანძის გახსნა აქ, მთავრობასთან ერთად, პარლამენტის დათხოვნაა! მაშინ, დეკემბრიდან მაისამდე, სააკაშვილი ქვეყანას პარლამენტის გარეშე, დეკრეტებით მართავს, პარლამენტს კი მაისში დაითხოვს და ამავე აქტით ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს. ამიტომ ეს რომ არ მოხდეს, ძველი და ახალი ხელისუფლების, ,,ოცნებისა'' და ,,ნაციონალების'', ყველა პოლიტიკოსის მიმართ, ერთნაირი პრეტენზია მექნება _ როგორც გინდათ, ისე აგვარიდეთ თავიდან ეს სიტუაცია, თორემ უკვე იმის ტენდენციაც იკვეთება, რომ ამ არეულობაში სამხედრო კომპონენტიც გამოერიოს. მე კი ჩემი შვილების თვალწინ იმის გამეორება არ მინდა, რაც 90-იან წლებში უკვე ვნახე. მესმის, ახალ ხელისუფლებას ახლა ორი საზრუნავი აქვს _ არსებული სიტუაციის ჩაქრობა და ზრუნვა იმაზე, როგორ განვითარდეს შემდგომი მოვლენები, მაგრამ როცა მოლოდინი და ტემპერატურა ძალიან აწეულია, ერთი ახსოვდეთ _ ჯართან და ფინანსებთან მიმართებაში, პოლიტიკური თამაშები, საბოლოო ჯამში, ყოველთვის კრახით მთავრდება!''