რა ბედი ელის ლარს ყველაზე კრიზისულ პერიოდში, ჯერ კიდევ გაურკვეველია. საქმე ისაა, რომ ნოემბერ-დეკემბრის რთულ პერიოდს ზედ ემატება გამუდმებული აქციები და პოლიტიკური არასტაბილურობა. ასეთ პირობებში ეროვნულ ვალუტას საკმაოდ დიდი პრობლემები ელის, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი მის გასამყარებლად ბოლო დროს ძალებს არ ზოგავენ.
რა ნაბიჯებს უნდა გადადგას ცენტრალურმა ბანკმა, რათა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება ხელიდან არ გაუსხლტეს? „თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაია ამბობს, რომ დღეს არსებული პოლიტიკური ფონის გამო, სებ-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ალბათობა კიდევ უფრო გაიზარდა. მისი თქმით, ახლა ეს მაჩვენებელი შესაძლოა 1% ან უფრო მეტიც კი იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა მოსალოდნელი, ნადარაიას განცხადებით, 2020 და 2021 წლებში რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი ეტაპობრივად დაიკლებს.
მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე გაზარდა. მორიგი სხდომა 2 კვირაში იქნება.
ნადარაიას თქმით, დღეს არსებული ლარის კურსი ეროვნული ბანკისთვის „კომფორტული“ არ არის. სწორედ ამიტომ ეროვნული ბანკი აპირებს, რომ მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს მანამ, სანამ ლარის კურსი ფასებზე გავლენას არ შეამცირებს ან სრულად არ შეწყვეტს.
ლარის კურსის ზეწოლა ინფლაციაზე თითქმის სრულად უკვე ასახულია, თუმცა, დეკემბერში ინფლაცია მცირედით შესაძლოა კიდევ გაიზრდოს.
„თიბისი ჯგუფის“ ეკონომისტის თქმით, 2020 წლის ბოლოსთვის ინფლაციის დონის სამიზნე მაჩვენებელზე (3%) ან უფრო დაბლა ჩამოსვლისთვის, ლარის კურსის გამყარება აუცილებელია.
„თუ არსებული კურსი დარჩა, ინფლაცია სამიზნე დონეზე მაღალი იქნება 2020 წლის ბოლოსთვისაც“, - განუცხადა „საქმის კურსს“ ბანკის მთავარმა ეკონომისტმა.
იმისთვის, რომ ინფლაციის დონე 2%-მდე ჩამოვიდეს, სულ მცირე 5%-ით უნდა გამყარდეს ლარის კურსი.
ლარის ირგვლივ ვითარება არ უმჯობესდება და ამის თაობაზე ბიზნესიც ღელავს. ისინი გამყარებას ელიან და ითხოვენ კიდეც. ბიზნესასოციაცია მიიჩნევს, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არანაირად არ განაპირობებს სავალუტო კურსის იმ დინამიკას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში შიდა სავალუტო ბაზარზე.
„ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, ფისკალური დისციპლინის ჩათვლით, არის ჯანსაღი. მიუხედავად ამისა, ლარის კურსის ის ნიშნული, რაც დღეს გვაქვს, არანაირად არ ასახავს, სინამდვილეში, არსებულ მაკროეკონომიკურ სიჯანსაღეს. გარდა ამისა, საგარეო შოკი დღეს სახეზე არ გვაქვს. ყველა სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში გამყარებულია ეროვნული ვალუტა. ამავე პერიოდში კი ჩვენთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.68 ნიშნულიდან თითქმის 3.0 ლარის ნიშნულამდე დაეცა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ლარის კურსი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი ბარომეტრი. ლარის დევალვაციით უაღრესად დაზარალდა როგორც ბიზნესი, ასევე მთლიანად საქართველოს მოსახლეობა“, -აცხადებენ ბიზნესასოციაციაში. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა კურსი პროგნოზირებადი გახდეს.
„აუცილებელია, ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა ლარის გაცვლითი კურსი გახდეს პროგნოზირებადი და განჭვრეტადი. ჩვენ ასევე მივიჩნევთ, რომ ამ ეტაპზე ლარი ზედმეტად გაუფასურებულია და სავარაუდოდ, არსებობს მისი გამყარების საფუძვლები“, -აღნიშნულია განცხადებაში.
ბიზნესმენთა მოსაზრებას სულაც არ ეთანხმება ანალიტიკოსი, რამაზ გერლიანი, რომელიც ამბობს, რომ ლარი, ზუსტად იმ ნიშნულზეა, რაც მისი ბუნებრივი მდგომარეობით უნდა იყოს. ეს ფსიქოლოგიური ზღვარია და თუ ეროვნული ვალუტა ამ ზღვარს გადააბიჯებს, ეროვნული ბანკი მას ვეღარ მოთოკავს.
„უცნაური პოზიციებია. ფინანსთა მინისტრი ამბობს, იმაზე მეტად გაუფასურდა, ვიდრე უნდა იყოსო. ბუნებაში არ არსებობს ასეთი გათვლა. რამდენიც უნდა იყოს, ზუსტად იმდენია. ფსიქოლოგიური მომენტის გამორიცხვა როგორ ხდება, ესეც გაუგებარია. მცურავი კურსის პირობებში, ბუნებრივი ნიშნული არ არსებობს. ზოგიერთ კომერციულ ბანკებში, ლარი უკვე 3.0-ის ნიშნულზეა. ეს არის ფსიქოლოგიური ზღვარი. ამას თუ გადაახტა, სებ-ი უკვე ვეღარაფერს მოთოკავს“, - აღნიშნა გერლიანმა.
ქართველებს კი უნდათ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტით და თან სტაბილური სავალუტო კურსი. მაგრამ ასე არ ხდება.