ქვეყნიდან წასვლის მსურველთა რაოდენობა მუდმივად მატულობს, მაგრამ შარშან ნახტომისებურად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა გარკვეული შეზღუდვები დააწესეს საქართველოდან ჩასულ მიგრანტებზე, მასობრივი გადინების ტალღას ვერაფერი აჩერებს.
„საქსტატის“ მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ემიგრანტი (მათ შორის, ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე ემიგრანტი) 2018 წელს აღირიცხა. მაგალითად, 2015 წელს ქვეყანა დატოვა 67 452 მოქალაქემ, 2016 წელს - 67 405 კაცმა, 2017 წელს კი - 67 269 მოქალაქემ. შარშან კი ამ მხრივ ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა. 2018 წელს საქართველოდან უცხოეთში წავიდა 76 367 ადამიანი. ჯერჯერობით უცნობია მიმდინარე წლის მაჩვენებლები, მაგრამ სანუგეშო სტატისტიკა არც წელს გვექნება.
როგორც მიგრაციის პროფილის კვლევაშია აღნიშნული, 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში გამოვლენილი არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ყველაზე მეტი არალეგალი გერმანიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთში გამოვლინდა. შესაბამისად, ევროპული ქვეყნები სულ უფრო ზღუდავენ ქართველი ემიგრანტების მიღებას. ჩვენი თანამოქალაქეებისათვის პრაქტიკულად დახურულია საფრანგეთისა და გერმანიის საზღვარი.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა საკითხზე გაამახვილა ყურადღება. კრისტოფ კასტანერის თქმით, საფრანგეთის შესაბამისი უწყებები ძალიან მკაცრები იქნებიან და თავშესაფარს მხოლოდ მათ შესთავაზებს, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს:
„2019 წლის პირველ თვეში, საქართველო იყო პირველ ადგილზე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით - ეს იყო ანომალია, რადგან საქართველო საფრანგეთის მიერ აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად და ვიცით, რომ საქართველო არის თანამედროვე და განვითარებადი ქვეყანა, რომელიც ხარისხიან სერვისს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასად და ხანდახან უფასოდ თავის მოქალაქეებს.
მიმდინარე წლის პირველი თვეების განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობით დაფიქსირდა ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩამოვიდნენ საფრანგეთში, თუმცა 97% შემთხვევებზე თანხმობა არ იქნა გაცემული.
მე მინდა ვუთხრა ყველა იმ ქართველს, ვინც აპირებს, რომ საფრანგეთში ჩამოვიდეს თავშესაფრის მიღების მიზნით, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, ვიქნებით ძალიან მკაცრები და შევთავაზებთ თავშესაფარს მხოლოდ მათ, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს“, - აღნიშნა საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა.
ემიგრაციის საგანგაშო მაჩვენებელზე საუბრობენ ქართველი ექსპერტებიც. არასამთავრობო ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე ამბობს, რომ რუსეთისკენ ქართველი ემიგრანტები თავის დროზე ენობრივი და სავიზო ბარიერის უქონლობის გამო დაიძრნენ. ახლა კი მათი ნაწილი ევროპაში ინაცვლებს. მთავრობა კი მათ დასაბრუნებლად საერთოდ არ მუშაობს.
„დემოგრაფიის შემადგენელი ნაწილი მხოლოდ შობადობა და სიკვდილიანობა არ არის. ჩვენს შემთხვევაში, სამწუხაროდ, წამყვანი როლი ემიგრაციაზე მოდის, რომელიც მუდმივად მზარდია. გაეროს მოსახლეობის ფონდმა, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, როცა საარჩევნო თუ სხვა მიზნებით იყო გაბერილი სია, თქვა, რომ საქართველო გადაშენების პირას მყოფი ერების რიცხვშია. ბოლო აღწერითაც ხომ გამოჩნდა საგანგაშოა მდგომარეობა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ახალი პრემიერის სამთავრობო გეგმაში, ერთი სიტვაც კი არ წერია დემოგრაფიაზე, რომელიც წესით ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს სახელმწიფოსათვის. ვითარება ასეთია, საქართველო ვერაფერს აწარმოებს, ვერაფერი გააქვს ექსპორტზე მოსახლეობის გარდა“, - აღნიშნა ტომარაძემ.
2018 წელს საქართველოდან წასულ ემიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა. ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე ისევ რუსეთში იმყოფება.
საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში რუსეთში ჩასულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა იკლებს, ხოლო იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც რუსეთი დატოვეს, იზრდება. 2018 წელს რუსეთში ემიგრაციაში საქართველოს 6 345 მოქალაქე წავიდა, ამავე წელს რუსეთიდან საქართველოში 4 314 დაბრუნდა.