ოქრუაშვილი დონაძემ „ჩაუშვა“ – „ჯერ კიდევ ივნისში შემოუთვალა, რომ მის წინააღმდეგ ზეწოლა ხორციელდებოდა“

ოქრუაშვილი დონაძემ „ჩაუშვა“ – „ჯერ კიდევ ივნისში შემოუთვალა, რომ მის წინააღმდეგ ზეწოლა ხორციელდებოდა“

ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ბუტა რობაქიძის საქმეში ახალი მოწმეები გამოჩდნენ. პროკურატურას მის წინააღმდეგ გურამ დონაძის და კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის ზურაბ ბაქრაძის ჩვენებები აქვს. როგორც „რეზონანსთან“ ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი, გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს,  ოქრუაშვილის წინააღმდეგ  მათ ჩვენებები ზეწოლის მეშვეობით მისცეს.

ჩალაგაშვილის თქმით, ოქრუაშვილს ზაფხულში დონაძემ შემოუთვალა, რომ მასზე არანახული ზეწოლა ხორციელდებოდა და ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში მისთვის ხელი დადებას სთხოვდნენ. ოქრუაშვილის პარტიის  წევრი ვარაუდობს, რომ დონაძემ და ბაქრაძემ ზეწოლას ვერ გაუძლეს და მათ იძულებით ჩვენებები მიაცემინეს. მისივე თქმით, სანაცვლოდ ალბათ, ოროვე მათგანი ციხეს საპროცესო გარიგებით დატოვებს. 

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასასამართლო სხდომა 9 იანვარს კვლავ  გაიმართება. 

„გურამ დონაძეს აქვს ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება, თითქოს და როდესაც ეს მკვლელობის ფაქტი მოხდა, ოქრუაშვილი მას დაუკავშირდა და მათთან მივიდა, სადაც ამ საქმის გაყალბება დაგეგმეს. თუმცა მერე გაახსენდათ, რომ ამის ვიდეო მტკიცებულება არსად იქნებოდა, რომ ოქრუაშვილი მათთან მივიდა და ახლა პროკურატურამ გადააკეთა, რომ კი არ მივიდა, არამედ დონაძეს და მიქაძეს დაურეკა და დავალება მისცა, რომ პატრულის იმიჯი არ შელახულიყო და საქმე შეთითხნულიყო. როგორც გვაქვს ინფორმაცია ამის სანაცვლოდ ორივე საპროცესო გარიგებას ელოდება, რათა სასჯელაღსრულების დაწესებულებები დატოვონ.

მთელი ამ საქმის გამოძიების  მანძილზე, ამ ადამიანებს ოქრუაშვილი არ უხსენებიათ. საქმის მასალებში ის იყო ნახსენები, როგორც მინისტრი, თუმცა ოქრუაშვილი უკვე უფლება-მოვალებას აღარ ახორციელებდა, რადგანაც ის გადაჰყავდათ სხვა სამინისტროში და პრეზიდენტის ბრძანებულებას ელოდებოდა. ოქრუაშვილი მთელი ამ ხნის განმავლობაში საგამოძიებო პროცესში ჩართული იყო, რამდენჯერმე მივიდა და ჩვენებაც მისცა. წინა ჩვენებებში ორივეს, მიქაძესაც და დონაძესაც, ნათქვამი აქვთ, რომ ოქრუაშვილმა ამ საქმის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა და საერთოდ არაფერ შუაში იყო. ახლა კი რამდენიმე დღის წინ მათ ჩვენებები სრულიად შეცვალეს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დაკვეთა,  რომელშიც პროკურატურა უბრალოდ დავალების შემსრულებელია“, - აცხადებს ჩალაგაშვილი „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, ამ საქმის პროკურორი, რომელიც საქმის გაყალბების მთავარი ფიგურანტია, არა თუ ბრალდებულია, არამედ ამ ხელისუფლების პირობებში კვლავ პროკურატურაში მუშაობს.

„დონაძემ ჯერ კიდევ ივნისში ოქრუაშვილს ადვოკატის მეშვეობით შემოუთვალა, რომ პროკურატურა მას მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდა და ზეწოლა ხორციელდებოდა. თუმცა დონაძემ მაშინ ოქრუაშვილი დაამშვიდა და უთხრა, რომ მას ვერ გატეხავდნენ და მის  წინააღმდეგ ჩვენებას ხელს არ მოაწერდა, მაგრამ მოვლენები სრულიად სხვაგვარად განვითარდა. ოქრუაშვილმაც მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ გაეძლო. საქმის პროკურორი წერეთელი, რომელიც პირველი გამყალბებილია, ახლა დიდუბე-ჩოღურეთის მთავარი პროკურორი გახლავთ. ასე რომ შერჩევითი სამართალია ამ ქვეყანაში“, - აცახდებს  ჩალაგაშვილი „რეზონანსთან“.

„თუ 24 ნოემბრამდე ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალს ვერ წარვუდგენდით, ვერასდროს წარვუდგენდით,“ - ამის შესახებ კი  საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, რომლის თქმითაც, მიუხედავად იმისა, რომ ოქრუაშვილს ბრალის დადგენილებაზე ხელი არ მოუწერია, ბრალდება ოფიციალურად წარდგენილად ითვლება

მისი თქმით, ოქრუაშვილის მხარდამჭერების მხრიდან იმის თქმა, რომ საქმის ხანდაზმულობის ვადა ორ დღეში გადის სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ბრალი უკვე წარდგენილია და შესაბამისად სს დევნა მის მიმართ უკვე დაწყებულია, რაც საქმეს ხანდაზმულობის ვადას ავტომატურად უხსნის. ოქრუაშვილს უკვე დაენიშნა სახაზინო ადვოკატი, რომელსაც საქმის მასალები უკვე გადაეცა.

ირაკლი ოქრუაშვილს, ამ ეტაპზე, უფლებადამცველი არ ჰყავს. როგორც ცნობილია, წინა ხელისუფლების მთავრობის კაბინეტის წევრი, საკუთარ ადვოკატთან გარკვეულ საკითხებზე ვერ შეთანხმდა, რის გამოც მოხდა საქმიდან მისი აცილება. თავდაცვის ექსმინისტრმა პენიტენციური განყოფილებიდან სასამართლოს განცხადებით მიმართა, რომლის მიხედვითაც ის სხდომის გადადებას და საქმის მასალების გასაცნობად გონივრულ ვადას ითხოვდა.

სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართვა იმის შესახებ, რომ არ იცის, რაში სდებენ ბრალს, სიმართლეს არ შეესაბამება. ვინაიდან მისთვის ცნობილია, თუ რა საქმეზე წარედგინა ბრალი.

ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ახალი ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. ორივე მათგანს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. აღნიშნულ საქმეს ხანდაზმულობის ვადა 24 ნოემბერს ეწურება. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს ბრალი 19 ნოემბერს წარუდგინეს.

ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბუტა რობაქიძე თბილისში, აკ. წერეთლის გამზირზე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ მომხდართან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეოჩანაწერი დამონტაჟებულია და მასზე 36 წყვეტა ფიქსირდება, რაც ბრალდების პოზიციას ამყარებს. ვიდეოკადრების გაყალბების ერთ-ერთ სავარაუდო ავტორად გურამ დონაძე სახელდება.

სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნები დავით იაშვილი, გურამ დონაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და ზაზა ბაქრაძე დამნაშავედ ცნო. 

 

 

Katana . ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი, გურამ ჩალაგაშვილი :
"ამ საქმის პროკურორი, რომელიც საქმის გაყალბების მთავარი ფიგურანტია, არა თუ ბრალდებულია, არამედ ამ ხელისუფლების პირობებში კვლავ პროკურატურაში მუშაობს... "საქმის პროკურორი წერეთელი, რომელიც პირველი გამყალბებილია, ახლა დიდუბე-ჩოღურეთის მთავარი პროკურორი გახლავთ."
?
ეს თუ მართალია, ეს არის ამ ხელისუფლების კიდევ ერთი თავის მომჭრელი ფაქტი!..

საერთოდაც, როცა საკითხი დგება ასე: მავანისთვის ციხეში ყოფნის ნებისმიერი გზით გახანგრძლივება თუ მთელი ხელისუფლების დისკრედიტაცია? - გადაწყვეტილებას ყოველთვის ხელისუფლების დისკრედიტაციის სასარგებლოდ იღებენ.
4 წლის უკან