დიზელის ახალი სტანდარტის ამოქმედება გადავადდა - ბაზარზე იაფი საწვავი დარჩება

დიზელის ახალი სტანდარტის ამოქმედება გადავადდა - ბაზარზე იაფი საწვავი დარჩება

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო-5“ სტანდარტი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან აღარ ამოქმედდება. ბიზნესმა მორიგ გადავადებას მიაღწია და ამით ბაზარზე იაფი დიზელი მომავალშიც შენარჩუნდება.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, რეგულაცია ძალაში 2021 წლიდან შევა. პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი დადგენილება 15 ნოემბერს გამოსცა.

დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის გადავადებას ბიზნესი და იმპორტიორები უკვე რამდენიმე თვეა ითხოვდნენ. იმ შემთხვევაში, თუ 2020 წელს დიზელზე ახალი ხარისხობრივი ნორმები ამოქმედდებოდა, მაშინ აზერბაიჯანს რუსეთი ჩაანაცვლებდა.

დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმებოდა. თუმცა, ბიზნესის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და პროცესი ერთი წლით გადაიდო.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანს დღესდღეობით საქართველოში დიზელის ბაზრის 41 პროცენტი უჭირავს. საქართველში იაფი „ევრო 4“-ის სტანდარტის აზერბაიჯანული დიზელის მოწოდებას კი „სოკარი“ უზრუნველყოფს. ევროდიზელთან შედარებით აზერბაიჯანული საწვავი 20 თეთრით იაფი ღირს.

რაც შეეხება „ევრო 5“-ის სტანდარტზე გადასვლის აუცილებლობის ძირითად მიზეზს, სახელმწიფო ეკოლოგიურ ფაქტორებს ასახელებდა. თუმცა დარგის ექსპერტების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ადგილი აქვს კონკრეტულ ფინანსურ ინტერებს იმ კომპანიების მხრიდან, რომლებიც არა აზერბაიჯანიდან არამედ სხვა ქვეყნებიდან ახორცილებენ დიზელის იმპორტს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ადასტურებენ, რომ „ევრო 5“-ის სტნადარტის ამოქმედების გადადება რომ არ მომხდარიყო, დიდი ალბათობით „დიზელის“ საწვავის ძირითადი შემომტანი საქართველოში რუსეთი იქნებოდა.

„წლების მანძილზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და დიზელის სტაბილური მომწოდებელი აზერბაიჯანი, ამ პროდუქტს ნამდვილად ვეღარ მოგვაწვდიდა. მომხმარებელს არ ექნებოდა წვდომა შედარებით იაფ დიზელის საწვავზე. ეს გადაწყვეტილება კი ხელს უწყობს იმას, რომ აზერბაიჯანი მომავალ წელსაც იქნება წარმოდგენილი ადგილობრივ ბაზარზე.

ეკოლოგიური ვითარება კი, მიზეზი რატომაც დაიწყო ამ თემაზე საუბარი თავიდანვე, ამ გადაწყვეტილებით არ გაუარესდება. აზერბაიჯანული დიზელი შეიძლება ითქვას, რომ არის თითქმის „ევრო 5“-ის შესაბამისი, სხვაობა მხოლოდ მცირედით გოგირდის შემცველობაშია. შესაბამისად, მთავრობამ აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო და ბაზარზე სტატუს-კვო შეინარჩუნა“, - განუცხადა „კომერსანტს“ ვანო მთვრალაშვილმა.

მთავრობის პოზიციით კმაყოფილია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ გენერალური დირექტორი, ლევან გიორგაძეც.

„კარგია, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა ჩვენი არგუმენტი. არაფერი იყო საჩქარო, ამ კომპონენტის ცვლილება გარემოზე ზემოქმედების კუთხით არ მოახდენდა დიდ გავლენას. ავტოპარკის გაუმჯობესების გარეშე მხოლოდ საწვავის მაჩვენებლებზე ზრუნვა, ფაქტია, შედეგს ვერ გამოიღებს. მოსახლეობისთვის ყველაზე ცუდი შედეგი კი იქნებოდა გაძვირება.

ჩვენი ქარხნის გადაიარაღება ამ ეტაპზე მიმდინარეობს და სავარაუდოდ, 1 წელიწადში სრულად დასრულდება. ამ მოცემულობით, შევძლებთ 2021 წლიდან შემოვიტანოთ „ევრო 5“-ის სტანდარტის დიზელი აზერბაიჯანიდან“, - განაცხადა ლევან გიორგაძემ.