წლის ბოლოს, როცა ყველაზე მეტად გართულდა ლარის კურსისა და ინფლაციის მიმართულებით ვითარება, ეროვნული ბანკის წინააღმდეგ უკვე უმრავლესობის დეპუტატებმაც გაილაშქრეს. პარლამენტში დაბარებულ სებ-ის პრეზიდენტს ეკონომიკური კომიტეტების ხელმძღვანელებმა გადადგმული ნაბიჯები დაუწუნეს და მკაცრი ტონით ესაუბრნენ.
პარლამენტის დაგრობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმდჯომარე რომან კაკულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს აკრიტიკებს. საკომიტეტო მოსმენაზე კაკულიამ განაცხადა, რომ გვენეტაძის მმართველობის პერიოდში სებ-ის ნაბიჯები უფრო მეტად საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით იყო ნაკარნახევი, ვიდრე ქართული რეალობის გათვალისწინებით.
„სამი ფაქტორი მოქმედებს ეკონომიკაზე. ერთია საგარეო, მეორე - პოლიტიკური ფაქტორი და ახლა უკვე ეს არის ლარის კურსი. პირველი ორი გრძელვადიანზე უფრო მოქმედებს, მაგრამ ლარი ბიზნესის განვითარებაზე და შემდგომ მოვლენებზე მოქმედებს უფრო მოკლე დროში. მე გიცნობთ თქვენ როგორც პროფესიონალს, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ, სამწუხაროდ, თქვენი გადაწყვეტილებები იყო საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისი და ყოველთვის არ ითვალისწინებდა იმ კონტექსტს, რომელიც ქვეყანაში გვქონდა.
ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც თქვენ გაატარეთ, ყოველთვის იყო სწორი იმ ინსტიტუტების რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც დეტალებში ვერასდროს ჩამოგვყვებიან და მათ გაიდლაინებს თქვენ მიჰყვებოდით, მაგრამ ქართული კონტექსტი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო. ეს აისახა კიდეც ჩვენს ეკონომიკაზე და ახლა ეს გამოწვევა არის ძალიან სერიოზული. ერთხელ და სამუდამოდ ის ადამიანები, რომლებიც რაღაც პოზიციებზე ვართ, ჩვენს ნაკლოვანებებზე უნდა ვსაუბრობდეთ. მე რომ ვინმემ მკითხოთ ჩემი კომიტეტის საქმიანობას როგორ გავართვი თავი, წარმატებულზე მეტად წარუმატებლობაზე შემიძლია ვისაუბრო“, - დაუფარავად უთხრა სათქმელი კაკულიამ გვენეტაძეს.
როგორც ჩანს, „ოცნების“ დეპუტატები, სებ-ის პრეზიდენტის მიმართ პრეტენზიებში უკვე ერთიანნი არიან. თავის საპარლამენტო მოღვაწეობის პერიოდში პირველად იყო ასეთი მწვავე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ბანკს „რეალობასთან დაბრუნებისკენ“ მოუწოდა. მისი აზრით, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დააგვიანა, რის გამოც ქვეყანა მაღალი ინფლაციის წინაშე აღმოჩნდა.
„ეროვნული ბანკი უნდა დაუბრუნდეს რეალობას. ფასების სტაბილურობა და ინფლაცია არის ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. სებ-მა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რომ ინფლაცია დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. მან აამოქმედა კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, დაგვიანებით. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, რომ ეროვნულ ბანკს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ, რომ ყველა საშუალება გამოყენებული იყოს დროულად. მათ შორის მონეტარული განაკვეთი, ასევე საპროცენტო განაკვეთი დეპოზიტებზე და ა.შ. ინფლაცია უნდა იქნას დათრგუნული, ლარის კურსიც და ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს ქვეყანაში. ეროვნული ბანკის მანდატი არის ინფლაცია და ინფლაცია უნდა იყოს დათრგუნული“, - განაცხადა კოვზანაძემ.
ახლა ისაა საინტერესო გადახედავს თუ არა ეროვნული ბანკი მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელს.
გვენეტაძის განმარტებით, 2020-22 წლებისთვის თარგეტირებული ინფლაციის 3%-იანი მაჩვენებელი ლიმიტი არ არის. ამიტომ უნდა მოხდეს რეალობის გათვალისწინება, თუ რამდენად შესაძლებელია, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის (3%-ის) მიღწევა.
„ეს არ არის ლიმიტი. ეს არის მიზნობრივი მაჩვენებელი. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფაქტორის გამო, შესაძლებელია, ინფლაცია იყოს ამ მაჩვენებელზე მაღალი ან დაბალი. ეროვნული ბანკის ფუნქცია ამ შემთხვევაში არის ის, რომ მიიღოს ადეკვატური და თანმიმდევრული ზომები, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ ორივე შემთხვევაში, როდესაც მაღლა არის ფაქტიური ინფლაცია, ან ქვემოთ არის მიზნობრივ ინფლაციაზე, დაუახლოვოს მიზნობრივ მაჩვენებელს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ყველა ქმედება ამაზე იქნება დაფუძნებული“, - აღნიშნა გვენეტაძემ, თუმცა არ დაუზუსტებია, წლის ბოლომდე ინფლაციის პროგნოზს შეცვლის თუ არა.
ეროვნული ბანკის ნაბიჯებით უკმაყოფილონი არიან ეკონომისტები. თსუ-ს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი ოთარ ანგურიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას, ეკონომიკური ზრდა ინფლაციას გადააყოლოს, რომლის დასტაბილურებასაც რამდენიმე თვე დასჭირდება. რა თქმა უნდა, არსებული სიტუაცია სრულად გაუმართლებელია.
მისი აზრით, ეროვნული ბანკის ფუნქციური შინაარსი არა მხოლოდ ფასების სტაბილურობაა, არამედ მთლიანად მაკროეკონომიკური სტაბილურობა.
„ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ჩაურევლობას მისი მხრიდან მხოლოდ ფასების სტაბილურობაზე ზრუნვას ასახელებდა, მაგრამ დღეს, როდესაც ეროვნული ვალუტის მიმართ იგნორირებულმა დამოკიდებულებამ მიგვიყვანა ფასების არასტაბილურობამდე, საინტერესოა, რას გეგმები აქვს ეროვნულ ბანკს ამასთან დაკავშირებით? აქ მთავარი საკითხი ის არის, რომ გვყავს ძლიერი ეროვნული ბანკი სუსტი კანონმდებლობითა და სუსტი შესაძლებლობებით. ეროვნული ბანკის ფუნქციური შინაარსი არა მხოლოდ ფასების სტაბილურობაა, არამედ მთლიანად მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომლითაც მას შესწევს უნარი მოახდინოს ეკონომიკის სტიმულირების ფუნქცია. დღეს კი ყველაფერი პირიქითაა“, - აღნიშნა ანგურიძემ.