საქართველოს მთავრობამ სრულიად უპრობლემოდ გაზარდა მშპ-ს მოცულობა და ამისათვის მცირე ძალისხმევაც არ დასჭირვებია. საქმე ისაა, რომ „საქსტატი“ გადავიდა ახალ მეთოდოლოგიაზე და ამით ავტომატურად მოგვარდა მთლიანი შიდა პრობლემის "გაზრდის" საკითხი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნული ანგარიშების დათვლის ახალ მეთოდოლოგიაზე - SNA 2008-ზე გადავიდა. აქამდე „საქსტატი“ მშპ-ის ზომას SNA 1993-ის მეთოდლოგიით ითვლიდა. ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლის შედეგად, შეიცვალა ის წესები, რომლითაც საქსტატი ცალკეულ ეკონომიკურ ოპერაციებს აღრიცხავს, ამის შედეგად კი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა გაიზარდა.
განახლებული შეფასების შედეგად, 2018 წლის მდგომარეობით, საქართველოს ეკონომიკის მოცულობა 44.6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც აქამდე არსებულ 41.1 მილიარდთან შედარებით, 8.5%-ით მეტია.
„ძველსა და ახალ მეთოდოლოგიას შორის არსებული განსხვავებები ძირითადად დაკავშირებულია ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასების ცვლილებასთან, კვლევებსა და დამუშავებასთან დაკავშირებული ხარჯების კაპიტალიზაციასთან და საკუთარი საცხოვრისის პირობითი რენტის გაანგარიშების გაუმჯობესებასთან", - აღნიშნულია „საქსტატის“ ანგარიშში.
2018 წლის განახლებული შეფასების გამოქვეყნებასთან ერთად, „საქსტატმა“ წინა წლების მწკრივებიც გადაიანგარიშა. რის შედეგადაც ირკვევა, რომ 2018 წელს მშპ-ის ზრდის ტემპი არა 4.7%, არამედ 4.8% იყო.
„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ამბობს, რომ ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა მხოლოდ საქართველოს ინიციატივა არ არის. ევროკავშირის ქვეყნებში ეკონომიკის ზომის ახალი სისტემით გადაანგარიშების შედეგად მშპ-ის ზომა 3%-დან 7%-მდე გაიზარდა. სომხეთში ეს ზრდა 6.6%, უკრაინაში - 3.6%, ხოლო მოლდოვაში კი, 18.8% იყო.
"აღნიშნული ქვეყნები (თურქეთი და სომხეთი) ახალ მეთოდოლოგიაზე გადავიდნენ 2014 და 2015 წლებში. მაგალითად, სომხეთში მთლიანი შიდა პროდუქტის დონე გაიზარდა 6.6%-ით, უკრაინაში - 3.6%-ით, ბელორუსში - 0.6%-ით. თურქეთში უმნიშვნელოდ გაიზარდა - 0.1%-ით, მაგრამ 18.8%-ით გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა მოლდოვაში.
ძველსა და ახალ მეთოდოლოგიებს შორის სხვაობა დაკავშირებულია ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასების ცვლილებასთან. გარდა ამისა, საკუთარი საცხოვრისის პირობითი რენტის გაანგარიშების გაუმჯობესებასთან და კვლევებსა და დამუშავებასთან დაკავშირებული ხარჯების კაპიტალიზაციასთან”, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ გოგიტა თოდრაძემ.
„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ორგანიზაცია წინა წლების მთლიანი შიდა პროდუქტის ხელახალ კალკულაციასაც გააკეთებს.
ეკონომიკის ექსპერტების ერთმა ნაწილმა უკვე შეაფასა ახალი მეთოდოლოგია. ვახტანგ ჭარაია ულოცავს „საქსტატს“ ევროკავშირთან ასოცირებით აღებული ვალდებულების შესრულებას და ეროვნულ ანგარიშთა სისტემის უახლესი მეთოდოლოგიის დანერგვას, რომელსაც ევროკავშირი და ჯამში მსოფლიოს 79 ქვეყანა იყენებს.
„დღეიდან ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მოწესრიგებული და კიდევ უფრო დეტალური სტატისტიკა, რომელიც ნებისმიერ მკვლევარს და დაინტერესებულ პირს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს სამუშაო პროცესს, რაც თავის მხრივ უფრო ზუსტი დასკვნების გაკეთებას ხდის შესაძლებელს.
ზემოთ ხსენებულ სიკეთეებთან ერთად, ახალი მეთოდოლოგიის თანახმად შეიცვალა წინა წლების ცალკეული პარამეტრებიც, მათ შორის 2018 წლის GDP - 44,6 მილიარდ ლარს გაუტოლდა, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა. ეს უკანასკნელი საკმაოდ მნიშვნელოვანი ელემენტია საინვესტიციო რეიტინგის გასაუმჯობესებლად“, - აღნიშნა ჭარაიამ.