ზაფხულის ტურისტული სეზონი კატასტროფას გადაურჩა, მაგრამ საკმაო ზარალით დასრულდა. ახლა იგივე პრობლემების წინაშე დგანან ზამთრის კურორტები. ის კი არადა, აქ ვითარება უფრო დრამატულია, რადგან ის ვიზიტორები, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ რუსი ტურისტები ჩაანაცვლეს საქართველოს შავი ზღვისპირეთში, ზამთრის ტურიზმით არ ინტერესდებიან. საუბარია აზერბაიჯანელ, სომეხ, ირანელ და ზოგადად აზიელ სტუმრებზე, რომლებიც ზამთრის თვეებში პასიურობით გამოირჩევიან.
ამასობაში კი თეთრი ტურიზმის სეზონი კარსაა მომდგარი. სასტუმროების მეპატრონეები უკვე ჩივიან, რომ წინასწარ ჯავშნები თითქმის არსად კეთდება. შეკვეთები შემცირებულია რუსული ავიაემბარგოსა და ზოგადად ქვეყანაში არსებული მუდმივი დაძაბულობის გამოისობითაც.
სასტუმროების წარმომადგენლები სხვა ლოკალურ პრობლემებზეც ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურა კვლავ არ არის იმ დონეზე, რაც საკურორტო ზონებს შეეფერება. შიდა გზები, ტროტუარები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ტრანსპორტი ისევ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.
სასტუმრო „თრუსოს“ ხელმძღვანელ ლევან კარიჭაშვილს იმედი აქვს, რომ ყველაფერი კარგად წარიმართება, მაგრამ აქედანვე ადასტურებს, რომ წელს რუსი ტურისტების ნაკლებობა იქნება.
„მაგალითად, შარშან ჯავშნების 90% რუს ტურისტებზე მოდიოდა, წელს ჯერ კიდევ არ დაგვკავშირებიან. თუმცა, ისინიც ცდილობენ, რომ ავიამიმოსვლის არარსებობის გამო, სხვადასხვა გზებით მოხვდნენ საქართველოში. იმედი გავქვს, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ჩამოვლენ.
რაც შეეხება პრობლემებს, რაც გასულ წელს იყო, იგივე რჩება. მხედველობაში მაქვს, შიდა გზები, რომელიც ისევ მოუწესრიგებელია, ნაგვის პრობლემა ისევ არის, ტრანპორტი კი, იყო, არის და ალბათ, სულ იქნება გუდაურის პრობლემა. არ ვიცი, ეს როგორ უნდა მოწესრიგდეს“.
ჯავშნების ნაკლებობაზე საუბრობენ სასტუმრო „ედელვაისში“. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სასტუმროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, შარშან სტუმრების 90% რუს ტურისტები იყვნენ, წელს კი ჯერ არც ერთი ჯავშანი არ ყოფილა.
„ჩვენი ჯავშნების 90% უცხოელ ტურისტებზე მოდიოდა, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა კი რუსები იყვნენ. წელს შეთავაზება დაწყებულია, თუმცა ჯერ არც ერთი ჯავშანი არ გვაქვს“, - აღნიშნავენ სასტუმროში.
ბაკურიანში მდებარე საოჯახო სასტუმროს მფლობელი დათო გელაშვილიც იგივეს ადასტურებს. მისი ინფორმაციით, წელს ტურისტების აქტივობა მიზერულია.
„გასულ წელს, ამ დროს, თითქმის, სრულად იყო შევსებული სასტუმრო საალახწლო ჯავშნებით. ტურისტების, როგორც წესი, რუსეთიდან, უკრაინიდან და სხვა სლავური ქვეყნებიდან არიან. თოვლი არც ირანელებს და არაბებს აინტერესებთ და დიდად არც მეზობელ აზერბაიჯანს. ბოლო მოვლენების მერე, თითქმის არც ერთი ჯავშანი არ მაქვს პირადად მე, რაც ძალიან უცნაურია. სულ მინიმუმ უკრაინიდან მაინც ველოდებოდი. იმედია, აწი გააქტიურდებიან. გემახსოვრებათ, რომ შარშან თოვლი, ფაქტობრივად, არ მოვიდა და მთელ დაჯავშნილ სეზონს ნელ-ნელა აუქმებდნენ. წუწუნი ნამდვილად არ მინდა და სახელმწიფოსგანაც არაფერს ვითხოვთ, მაგრამ ყველას მეტი ფიქრი მართებს“, - ამბობს გელაშვილი.