„თუკი სარჩელი დაკმაყოფილდა, მოქალაქეებს შეეძლებათ, გადაწყვიტონ, სურთ თუ არა საპენსიო სქემაში მონაწილეობა“

„თუკი სარჩელი დაკმაყოფილდა, მოქალაქეებს შეეძლებათ, გადაწყვიტონ, სურთ თუ არა საპენსიო სქემაში მონაწილეობა“

დაგროვებითი საპენსიო სისტემაში მონაწილეობა შესაძლოა იძულებითი აღარ იყოს. თუკი საინიციატივო ჯგუფის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოქალაქეებს შეეძლებათ ნებაყოფლობით გადაწყვიტონ სურთ თუ არა საპენსიო სქემაში მონაწილეობა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ სარჩელი განსახილველად მიიღო. სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, შესაძლოა, სქემაში ჩართვა სავალდებულო აღარ იყოს. საუბარია ედუარდ მარიკაშვილის და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელზე. მას განიხილავს სასამართლოს მეორე კოლეგია, რომელშიც თეიმურაზ ტუღუში, ირინე იმერლიშვილი, მანანა კობახიძე და თამაზ ცაბუტაშვილი შედიან.

ახალი საპენსიო სისტემა ამჟამად ნაწილობრივ სავალდებულოა - 40 წლამდე მოქალაქეებისთვის, დანარჩენებს კი არჩევანის უფლება აქვთ. ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივები“ თვლის, რომ საპენსიო სისტემის სავალდებულობა არაკონსტიტუციურია.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რეფორმის შეჩერებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამ მოსაზრებას მოსამართლე ირინა იმერლიშვილი არ დაეთანხმა.

„სასამართლომ აღნიშნა, რომ საპენსიო რეფორმა მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს ემსახურება. ამიტომ, სასამართლოს მოსაზრებით, დამსაქმებელთა მხრიდან საპენსიო ფონდში შენატანის განხორციელებიის შეჩერება და ფონდის შენატანების შემცირება, საპენსიო სააგენტოს ფუნქციონირებას და სქემის მონაწილე დამსაქმებლებს ერთობლივად ბევრად მასშტაბურ ზიანს მიაყენებს, ვიდრე მისი მოქმედების შემთხვევაში მიადგება მოსარჩელის ინტერესებს“, – ამბობენ ორგანიზაციაში.

მოსახლეობა ახალი საპენსიო რეფორმით მაინცდამაინც კმაყოფილი არ არის, რადგან არსებული სისტემისადმი ნდობა ძალიან დაბალია. ამას ადასტურებს ისიც, რომ 40 წელს ზევით მყოფი ადამინანების დიდმა ნაწილმა, რომლეთაც აქვთ არჩევანის გაკეთების საშუალება, უკვე დატოვა საპენსიო სქემა. ბოლო მონაცემებით ასეთი 163 ათასი მოქალაქეა.

ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ხალხი საპენსიო სისტემიდან მასობრივად გამოვა და ამით სახელმწიფოს რეფორმა საბოლოოდ ჩავარდება.

„არც არის გასაკვირი, რომ დაბალი ხელფასების და ინფლაციის პირობებში ხალხს გაუგებარ ფონდში თანხის შეტანა არ აწყობს. სიმართლე ითქვას, ვერც გაამტყუნებ, რადგან ნდობა მოსახლეობის მხრიდან დაბალია. ადრეც ვამბობდი და ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ საქართველოში საპენსიო რეფორმა ხელისუფლების მხრიდან წარუმატებელი ნაბიჯია, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი რეალობა ასეთია. ვისაც თანხის დაგროვება უნდა, ამისთვის რაღაც საშუალებას თვითონ მოძებნის. ადამიანებს არ აქვთ ნდობა როგორც ლარის, ასევე საპენსიო ფონდის ქმედითუნარიანობის მიმართაც. თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, ბევრი დატოვებს სქემას და ფაქტობრივად, რეფორმა ჩაუვარდებათ“, - განაცხადა ვახტანგ ხომიზურაშვილმა.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. სქემის მიხედვით, 24 ათას ლარიანი ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს - მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს - სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში, სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს.