იუსტიციის საბჭო დოლიძის იმპიჩმენტს ითხოვს

იუსტიციის საბჭო დოლიძის იმპიჩმენტს ითხოვს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს პრეზიდენტს საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა. როგორც საბჭოს მიმართვაშია ნათქვამი, ანა დოლიძე სისტემატურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას და მისი ქმედებები არა მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არამედ ზიანს აყენებს მის თანამდებობაზე დამნიშნავ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, საქართველოს პრეზიდენტსაც.

ინიციატივის ერთ–ერთი ავტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილია, რომლის განცხადებით, დოკუმენტურად არსებობს მტკიცებულებები, რომ ანა დოლიძე დღეის მდგომარეობით იკავებს ხელმძღვანელობით და მმართველობით თანამდებობებს კერძო სამართლის იურიდიულ პირებში. გვრიტიშვილის თქმით, დოლიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებები.

„შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ იუსტიციის საბჭოში კოლეგებს, არამედ პოლიტიკოსებს, თანამდებობის პირებს. მოსამართლე წევრები გამუდმებით ვსაუბრობდით, რომ დოლიძე იყენებს პოლიტიკურ განცხადებებს, რაც დაუშვებელია. თუმცა, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი იყო გიორგი მარგველაშვილი, ჩვენთვის აბსოლუტურად ცხადი იყო, რომ ამგვარ მიმართვას მისადმი აზრი არ ექნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი პრეზიდენტი აღარ არის, დღესაც აგრძელებს თავისი თანაგუნდელის და თანამოაზრის მხარდაჭერას.

2018 წლის იანვარში, როდესაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დოლიძე საბჭოს წევრად დანიშნა, აბსოლუტურად ფიქტიური კონკურსი ჩაატარა, დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნა, აქტიური პოლიტიკოსი და საკუთარი ადმინისტრაციის წევრი არ უნდა დაენიშნა იუსტიციის საბჭოში. ეს სტანდარტი მან დაარღვია. შესაბამისად, მისი პრეზიდენტობის დროს განცხადებებით ვიფარგლებოდით იმიტომ, რომ ასეთი სამართლებრივი პროცედურის წამოწყებაში ჩვენ აზრს ვერ ვხედავდით“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

გვრიტიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გაითვალისწინებს საბჭოს თხოვნას. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უახლოეს დღეებში გაუგზავნის სალომე ზურაბიშვილს მიმართვას, რომლითაც საბჭოს წევრთა ნაწილი არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის საბჭოში უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. აღნიშნულ მიმართვას ხელს აწერენ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები. დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს არამოსამართლე წევრებმა: ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა.

საბჭოს არამოსამართლე წევრი ირმა გელაშვილი აცხადებს, რომ დოლიძის განცხადებები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის ცნობილია და გადაწყვეტილება თავად მიიღოს. რაც შეეხება პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა თუ არა ანა დოლიძე, ამას ისედაც ყველა ხედავს.

„მგონი, პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღება არ უჭირს, სხვათა შორის, საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებების. თუ საჭიროდ ჩათვლიდა, მას შეეძლო ამაზე რეაგირება მოეხდინა. ჩემთვის უფრო საინტერესოა ირაკლი შენგელია რასაც ამბობს, იმასთან დაკავშირებითაც ყოფილიყო კითხვებზე პასუხი“, – განაცხადა ირმა გელაშვილმა საბჭოს სხდომაზე.

საბჭოს მოსამართლე წევრმა, ირაკლი შენგელიამ სხდომაზე წარმოადგინა დოკუმენტები, რომლითაც, მისი თქმით, მტკიცდება ის, რომ ანა დოლიძე საია–ს გამგეობის წევრია და ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის გამგეობის თავმჯდომარეა.

თავად ანა დოლიძე აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, როგორც სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ხმის წინააღმდეგ. მისი თქმით, პრეზიდენტის შესაძლო გადაწყვეტილება იქნება ლაკმუსის ტესტი, რამდენად გახდება ის ამ პოლიტიკური დევნის ნაწილი, ან რამდენად იქნება ის სისტემის მანკიერების წინააღმდეგ კრიტიკული ხმების მხარეს.

„პოლიტიკურ საქმიანობას არ ვეწევი. იუსტიციის საბჭოს სურვილი არ აქვს ერთმანეთისგან გაარჩიოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობები. საზოგადოებრივად აქტიური წევრი ვარ და ამას კანონი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს არ უკრძალავს. გამიკეთებია საპარლამენტო ტრიბუნიდან განცხადებები, რომ ირაკლი კობახიძე არის პოლიტიკის შარიკოვი, ესეც წერია (წარდგინებაში).

გამიკეთებია განცხადება თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით, სასამართლოსთან დაკავშირებით. გამიკეთებია განცხადებები, რომ ბულინგი იყო საბჭოში. ასევე მინდა ვთქვა, რომ არც საია–ს გამგეობის წევრობა არის კანონთან კონფლიქტში და ამდენი მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ აკეთებენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო ოპოზიციის არაერთი წევრი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი გაიზიარებს საბჭოს მოთხოვნას. დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტს კეთილგონიერება ეყოფა, მკვახე პასუხი დაუბრუნოს იუსტიციის საბჭოს.

„ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა მოახერხეს და საპარლამენტო პროცესამდე გამოამზეურეს „კლანური“ მმართველობის ფაქტები. ანა დოლიძის მიმართ დაგროვილი ბოღმა და სურვილი, ეს ადამიანი აღარ არსებობდეს იუსტიციის საბჭოში, რომ გააგრძელონ თავიანთთვის იქ ჭუკჭუკი, გამოიხატება ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებში. დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადება არის აღიარება და დადასტურება იმის, რომ ანა დოლიძე სწორად იქცევა და ის საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი წევრია. დღეს ქვეყანას სწორედ ანა დოლიძისნაირი ადამიანები სჭირდება, რომლებიც თავის კომფორტს არ იქმნიან და ამბობენ რეალურად იმას, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ დოლიძესთან დაკავშირებით განცხადება სასწრაფოდ უნდა დაწერონ, რადგან იმპიჩმენტი მზადდება და ვიდრე ეს განცხადება სასახლემდე მივა, შესაძლოა, პრეზიდენტი არ დახვდეთ.

„იუსტიციის საბჭოში თავს გაუფრთხილდნენ, ძალიან ჭკვიანური აზრები მოსდით და ახლა აცივდება, ქუდი დაიხურონ, რომ რამე არ დაემართოთ. იუსტიციის საბჭოს მიმართვა სამარცხვინოა. ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს „კლანური სისტემის“ მხილებაში. ეს არის ორგანო, რომელიც ხელისუფლების შეცვლისთანავე უნდა დაიშალოს და შეიქმნას კანონის საფუძველზე აბსოლუტურად სხვა ტიპის, სხვა ადამიანებით.

სამარცხვინოა, რასაც ვისმენთ ამ დარბაზში მოსამართლეების კანდიდატურების განხილვისას. მოვითხოვე, რომ წერილობითი ინტერვიუ დაემატოს, რადგან ეჭვი მეპარება ზოგიერთ მათგანში, შეიძლება გადაწყვეტილებაც კი ვერ დაწერონ. შეიძლება ითქვას, სასამართლო სისტემა არის სამარცხვინო მდგომარეობაში და ანა დოლიძის თაობაზე გაკეთებული განცხადებაც არის სამარცხვინო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

უმრავლესობის ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, თუ ვინმეს უნდა შეუწყდეს იუსტიციის საბჭოში უფლებამოსილება, ეს დიმიტრი გვრიტიშვილია, მეთოფიშვილი და მსგავსი მოსამართლეები. ბესელიას განცხადებით, ვერავინ დააზარალებს სასამართლოს იმიჯს ისე, როგორც ამას აკეთებენ მოსამართლეები, რომლებიც „საკუთარ პროფესიას უღირსად წარმოაჩენენ“.

„მე პირიქით მივმართავდი იმ კონფერენციას, რომელმაც გვრიტიშვილი დაასახელა იუსტიციის საბჭოს წევრად, თუ ვინმეს უნდა შეუწყდეს საბჭოში უფლებამოსილება, ეს არის გვრიტიშვილი. თუ ვინმეს არ უნდა ჰქონდეს მოსამართლის სტატუსი, მით უფრო თუ ეს არის უვადოდ დანიშნული მოსამართლე, ესენი არიან: გვრიტიშვილი, მეთოფიშვილი და მსგავსი მოსამართლეები.

აი, მათი უფლებამოსილების საკითხია ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ და სახიფათო იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მათ ხელში ხვდებიან. თუ სასამართლო კორპუსი დღემდე ვერ იაზრებს, რამდენად დიდი ზიანი მოაქვთ გვრიტიშვილსა და მსგავს ადამიანებს მათ სანდოობასა და იმიჯისთვის, ეს მართლაც სამწუხაროა“, –განაცხადა ეკა ბესელიამ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილას მხარს არ უჭერეს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის შეფასებით, თუ ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს შემადგენლობიდან გამოვა, ეს ინსტიტუტი გავლენას კიდევ უფრო დაკარგავს, რადგან, მისი თქმით, იუსტიცის უმაღლესი საბჭოს ნაბიჯი ანა დოლიძის მიმართ, რომელსაც დიდი ავტორიტეტი აქვს, მიუღებელია.

„როდესაც ამ ტიპის ხერხს მიმართავენ, რომ თუ ადამიანი იქცევა ისე, როგორც თავად სურს, ის ადამიანი უნდა ჩამოშორდეს ამ სამუშაოს, ამას ავტორიტარიზმი ჰქვია. არ მგონია, რომ საქართველოსთვის ასეთი არადემოკრატიული ნაბიჯი გამართლებული იყოს, ვისაც უნდა ეხებოდეს.

როცა საქმე ეხება ანა დოლიძეს, რომელსაც საზოგადოებაშიც და ჩემთვისაც დიდი ავტორიტეტი აქვს, როგორც იურისტს და როგორც პატიოსან მოქალაქეს, მსგავსი ნაბიჯი მიუღებელია, მით უმეტეს მათგან, ვისაც ასეთი ავტორიტეტი არ აქვს. ველოდები, რომ პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება დემოკრატიული სტანდარტების მომხრე“, –აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა იუსტიციის საბჭოშია. პრობლემას არა ანა დოლიძე, არამედ საბჭოს დანარჩენი, მოსამართლე წევრები წარმოადგენენ. მისი თქმით, სრული აბსურდია ეს მიმართვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ კატასტროფულ აზროვნებას, რაც დამკვიდრებულია მოსამართლე წევრებში.

„კანონზე, კანონიერებაზე თვითონ წარმოდგენა არ აქვთ, ამ ტიპის ადამიანებმა უნდა განსაზღვრონ მართლმსაჯულების ბედი. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ეს უბედურება უნდა დამთავრდეს. მთავარი პრობლემა სწორედ იუსტიციის საბჭოშია, რომელიც იქცა ავგიას თავლად და რომელიც თვითონაა გასაწმენდი.

რაც შეეხება ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, პრეზიდენტის პოზიცია საერთოდ არ არის საინტერესო. არ მგონია, რომ მას რაიმე პოზიცია ჰქონდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი. პრეზიდენტს თავისი პრობლემები აქვს და ვის რა პრობლემებს გადაუწყვეტს?! ბიძინა ივანიშვილი რასაც დაავალებს, იმას გააკეთებს. დღეს პრეზიდენტი, როგორც ასეთი, როგორც ინსტიტუტის ხელმძღვანელი, დამოუკიდებელი პირი არ არსებობს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

სოციალისტი ასეთი ლამაზი ქალის ადგილი ნამდვილად არ არის იუსტიციის საბჭოში! მარგველაშვილს მიეცა მაგის ცოდვა! ))))
4 წლის უკან
tngh გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს "მეგრანტეებს" და "ნაც-მოსამართლეებს" შორის სასამართლო ხელისუფლების სამუდამოდ ხელში ჩასაგდებად...
4 წლის უკან
tngh "არც ისეთი ლამაზი ხარ, როგორც იპრანჭები ქალო..."
4 წლის უკან
სოციალისტი ისე ამ იუსტიციის საბჭომც მაგრად გამაკვირვა, როდის გეღირსებათ თქვე საცოდავებო თქვენს რიგებში ასეთი ულამაზესი ქალბატონის ხილვა?! ამას ნორმალური კაცი გააგდებს?! იყოს და იტლიკინოს, ნუ მიაქცევთ ყურადღებას! შოკოლადი და ყავა არ მოაკლოთ, მიეფერეთ დაუყვავეთ, დაპირდით რაცხას (რამეს) და დაწყნარდება! ვაა... ?! ეს სურათი უნდა ამოვბეჭდო და სინცია როტროკის სურათის გვერდით უნდა გავაკრა მარანში!
4 წლის უკან