რამდენადაც ხელისუფლება აღარც კი ფიქრობს აზარტული ბიზნესის თუნდაც უმნიშვნელო რეგულირების შესახებ, ქვეყანაში ვითარება სულ უფრო მწვავდება. აზარტულმა ინდუსტრიამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. მისი მომთოკავი კი არავინაა. ამიტომ დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს ახლიდან დაარეგისტრირებს.
მსგავსი პროექტი, რომელიც მსგავსი თამაშების რეკლამირების აკრძალვას ითვალისწინებს, „ქართულმა ოცნებამ“ 9 თვის წინ ჩააგდო. გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ აზარტული სფეროს რეკლამირება ყველა ფორმით უნდა იკრძალებოდეს.
„თამაში არ იწვევს ადამიანის პირობების გაუმჯობესებას. მის გამო ამ ქვეყანაში ადამიანები თავის ცხოვრებას კარგავენ, კარგავენ ქონებას. სამწუხაროდ, არის სუიციდის შემთხვევები. ამიტომ, სახელმწიფომ უნდა თქვას, რომ თამაში არის ცუდი და მიიტანოს დარტყმა ტრენდზე“,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მისი აზრით, რეკლამირება უნდა აიკრძალოს ინტერნეტში, ბილბორდებზე, ტაქსებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც. „აღნიშნული რეკლამები კანონის მიხედვით იკრძალება სატელევიზიო და ელექტრონულ ფორმატში. უნდა აიკრძალოს ინტერნეტში, ბილბორდებზე, ტაქსებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
აზარტული თამაშების სეგმენტის გაზრდამ პრობლემები რამდენიმე მიმართულებით შექმნა, მათ შორის ვერ ხდება არასრულწლოვანთა დაცვა მსგავს თამაშებში ჩართულობისგან. არაოფიციალური მონაცემებით, მოთამაშეთა რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ამ დროს სახელმწიფო აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს.
„მეორე საფრთხე, რაც ამ ბიზნესმა ქვეყანაში შექმნა, არის ფულის გათეთრების რისკი და უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკები. დღევანდელი სისტემა იძლევა საშუალებას ადამიანმა ამ კომპანიების სერვისის გამოყენებით შეძლონ ძალიან ბევრი ფულის გათეთრება“,- განუცხადა პირველ არხს გოგიჩაიშვილმა.
აზარტული თამაშების მასშტაბების ზრდით, შეშფოთებულნი არიან საერთაშორისო ინსტიტუტებიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდი სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს რეკომენდაციას აძლევს, რომ უნდა გააუმჯობესოს იმ ტრანზაქციების აღრიცხვა, რომლებიც სათამაშო ბიზნესთან არის დაკავშირებული.
სსფ-ს „ტექნიკური დახმარების“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში სათამაშო ბიზნესმა მზარდი ტენდენცია აჩვენა, ამასთან, გაიზარდა არარეზიდენტების აქტივობის წილი.
ამიტომაც სავალუტო ფონდის მისიის ჩართვით გაფრომდა შეთანხმება საქართველოს სათამაშო ბიზნეს ასოციაციასა და „საქსტატს“ შორის, რომლის მეშვეობითაც არარეზიდენტი პირების მიერ დადებული ფსონებისა და მათ მიერ მოგებული თანხის რაოდენობის შესაფასებლად ინფორმაცია შეგროვდება. მოლაპარაკება შედგა რამდენიმე უმსხვილესი კაზინოს ადმინისტრაციასთანაც.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 173%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 5,060 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.
საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 10 წლის მონაცემებით, ის თითქმის 200-ჯერ გაიზარდა:
- 2008 წელს - 70.7 მლნ ლარი
- 2009 წელს - 74.3 მლნ ლარი
- 2010 წელს - 112.7 მლნ ლარი
- 2011 წელს - 366. 3 მლნ ლარი
- 2012 წელს - 996.0 მლნ ლარი
- 2013 წელს - 1, 213 მლრდ ლარი
- 2014 წელს - 2, 032 მლრდ ლარი
- 2015 წელს - 3,890 მლრდ ლარი
- 2016 წელს - 4, 036 მლრდ ლარი
- 2017 წელს - 5,060 მლრდ ლარი
- 2018 წელს - 13,806 მლრდ ლარი