მერია ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე და მანქანების ასაკობრივ ზღვარზე ალაპარაკდა

მერია ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე და მანქანების ასაკობრივ ზღვარზე ალაპარაკდა

სულ მალე დედაქალაქის მერია ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის დაწყებას გეგმავს, რომელიც სავარაუდოდ ავტომობილებზე ასაკობრივ შეზღუდვას დააწესებს. დედაქალაქის მერი ამტკიცებს, რომ რეფორმის პირველი და მეორე ეტაპი წარმატებით შედგა და ამიტომ ამჯერად მუშაობა მიდის ახალი ეტაპზე.

კახა კალაძე რეფორმის მორიგი ეტაპის შესახებ კონკრეტულად არ საუბრობს, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ იგი მორგებული იქნება უკეთეს ხარისხზე და ტაქსების ბაზარზე სტაბილურ, ეკონომიკურ პირობებზე.

„დღეს არსებობს ტაქსის ორი კატეგორია. დღეის მდგომარეობით,  „A“ კატეგორიაში, დაახლოებით, 7700 ლიცენზიაა გაცემული, ხოლო „B“-ში - 8800. ეს არის რეფორმის მხოლოდ ორი ეტაპი, რომელთაგან მეორე მხოლოდ ახლა დავიწყეთ. ამას აუცილებლად მოჰყვება მესამე ეტაპი, რომელიც მორგებული იქნება უკეთეს ხარისხზე და ტაქსების ბაზარზე სტაბილურ, ეკონომიკურ პირობებზე. რა მოთხოვნები იქნება მესამე ეტაპზე, ამის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით საზოგადოებას, რომ მათ ჰქონდეთ დრო და შესაძლებლობა რეფორმისთვის მოემზადონ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერია ტაქსების რეფორმის მომდევნო ეტაპზე, მათ მიერ გასაწევი მომსახურების ხარისხის კონტროლს გეგმავს. „მომდევნო ეტაპზე კონტროლის მექანიზმის შექმნას ვაპირებთ, რომ ტაქსები შიგნით მოწესრიგებული იყოს და ადამიანმა, რომელიც ამ სერვისით სარგებლობს, კომფორტულად იგრძნოს თავი და ავტომობილი უსაფრთხო და გამართული იყოს“, - განაცხადა კალაძემ.

სავარაუდოა, რომ ავტომანქანის წლოვანება ერთ-ერთი საკითხი იქნება, რომლის განსაზღვრასაც თბილისის მერია ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპზე გეგმავს. რეფორმის ფარგლებში მოიაზრება მძღოლებისთვის შეღავათიანი სესხის შეთავაზებაც, რათა მათ ახალი ავტომობილების შეძენა შეძლონ.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძ თქმით, ყველა ინიციატივაზე, რომელიც მერიას ექნება, გადაწყვეტილება მძღოლების მოსაზრების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

„თუ მძღოლებთან მიიღწევა შეთანხმება, შეიძლება წავიდეთ ამ მიმართულებით, მაგრამ მათთან შეთანხმების გარეშე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ“, - განაცხადა მუმლაძემ.

ჯამში მერია ტაქსის მძღოლებს რამდენიმე მიმართულებას შესთავაზებს, თუმცა მძღოლების წინააღმდეგობის შემთხვევაში, შესაძლოა მოთხოვნები გადაიხედოს.

„რეფორმას შეიძლება ახლდეს უკმაყოფილება, როგორც მძღოლების, ასევე მოსახლეობის მხრიდან. რეფორმა არ არის ორიენტირებული ტაქსების რაოდენობის შემცირებაზე. ის არც ვინმეს შეზღუდვას ისახავს მიზნად. პირიქით, B კატეგორია საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ ჩვენ ეს დავუშვით. ასევე, ტაქსის მძღოლები გავათავისუფლეთ საშემოსავლო გადასახადისგან, არ მოვთხოვეთ მეწარმედ დარეგისტრირება. არ ჰქონდათ პარკირება და გავაკეთეთ, გადაღებვის ნაცვლად დავთანხმდით ფირის გადაკვრას, დავურიგეთ ვაუჩერები. პირიქით, ტაქსების პოპულარიზაცია მოხდა“, - აღნიშნა „ინტერპრესნიუსთან“ მუმლაძემ.

რაც შეეხება ფასების რეგულირების საკითხს, მერია აღნიშნულ საკითხში არც რეფორმის მესამე ეტაპის განხორციელების დროს ჩაერევა.

ის, რომ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე ავტომობილების ასაკობრივი შეზღუდვა დაწესდება, თითქმის ადასტურებენ სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტებიც. ექსპერტი დავი მესხიშვილი ამბობს, რომ რაც მეტად მოიმატებს რეგულაციები, მიტ უფრო გაძვირდება მომსახურება.

„წინა მერის, დავით ნარმანიას დროს შემუშავეული რეფორმის 2 ეტაპი რაც იყო, ის დაემთხვა თითქმის უცვლელად კალაძის დროს. იქ იყო მესამე და მეოთხე ეტაპიც გაწერილი. მესამე ეტაპზე შეიძლებოდა მომხდარიყო, ასაკის შეზღუდვა ავტომობილებზე და შესაძლოა ტაქსისათვის დაშვებულიყო 0-5 წლამდე. ალბათ ეს შეიძლება იყოს დამატებითი მოთხოვნა მძოლების მიმართ და პლუს ამას მრიცხველი. ფაქტია, რაც მეტად მოიმატებს რეგულაციები, მით უფრო გაუსაძლისი გახდება ეს სფერო თვითდასაქმებულთათვის და ასევე მგზავრებისათვისაც“, - ამბობს მესხიშვილი.

მანმადე კი 1-ლი ნოემბრიდან, A კატეგორიის ტაქსის მძღოლები სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერს მიიღებენ. ვაუჩერის გადაცემა ყოველგვარი გადასახადის გარეშე მოხდება. ის მძღოლები, რომლებიც ვაუჩერით ისარგებლებენ, საჩუქრად, კომპანია „ვიანორის“ 20%-იან ფასდაკლების ბარათს მიიღებენ.

მერიის ინფორმაციით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეტყობინების სახით მიუვათ ყველა სერვისცენტრის მისამართი, სადაც ისინი შეძლებენ აღნიშნული ვაუჩერის მიღებას.

tngh შესანიშნავი რეფორმაა. მთავრდება ქალაქში "ტაქსისტების" ბოგინი. თანაც არ მოსწონს ისეთ განთქმულ "დილეტანტ-პოპულისტს", როგორიც ღრმად პატივცემული ალეკო ელისასვილია... ე.ი. კარგია!!!
4 წლის უკან