„ქართული ოცნების“ შანსი უფრო კარგი მუშაობა კი არა, დანარჩენი პოლიტიკური ელიტის სრული დეგრადაციაა“

„ქართული ოცნების“ შანსი უფრო კარგი მუშაობა კი არა, დანარჩენი პოლიტიკური ელიტის სრული დეგრადაციაა“

გია ხუხაშვილის შეფასებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ორპოლუსიანობა. როგორც ექსპერტი ამბობს, მმართველს ძალას ეს ტექნოლოგია კარგად აქვს ათვისებული - „ისწავლეს როგორ მოუგონ სააკაშვილს არჩევნები და მოუგებენ კიდევაც“.  ახალი საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე, ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოს პარლამენტში მივიღებთ 7– 8 პარტიას.

for.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.

პენსიონრები, მასწავლებლები, ექიმებიამ კატეგორიაზე არის გათვლილი ახალი ბიუჯეტი, რომელიც საარჩვენოდ ძალიან მომგებიანია ხელისუფლებისთვის. გიორგი გახარია ამბობს, რომ ამ ბიუჯეტს კავშირი არ აქვს 2020 წლის არჩევნებთან, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ხელისუფებამ დაიწყო საარჩვენო კამპანია, რომელსაც ყველა მიმართულებით აქვს ჩავარდნა?

გია ხუხაშვილი: ხელისუფლებას ერთადერთი ამოცანა აქვს – შეინარჩუნოს ძალაუფლება. ეს ჩანს კიდევაც მის ისტერიულ ქმედებებში. სხვა ამოცანა ისტორიის ამ ეტაპზე ხელისუფლებას არ აქვს. ხედავენ, რომ აქვთ პრობლემა და ახლა რაღაცას ცდილობენ. გიორგი გახარიას განცხადებები იმიტომ არ არის დამაჯერებელი, რომ თვითონ გახარია არის საარჩევნო ფიგურა. გახარიას გაპრემიერება ხომ საარჩევნო კამპანიას უკავშირდება და ეს ყველას კარგად ესმის. ხელისუფლებამ მისგან შექმნა არა იმდენად გმირი, არამედ ანტიგმირი, რომელმაც უნდა გაათამაშოს ეს ორპოლუსიანი პარტია.

ანუ, ორპოლუსიანი პარტიის გათამაშება არის გახარიას გაპრემიერების მთავარი დანიშნულება?

– რა თქმა უნდა, ეს არის მისი დანიშნულება. როდესაც თვითონ საარჩევნოდ დანიშნული პრემიერ–მინისტრი საუბრობს, რომ რაღაცას არჩევნებთან კავშირი არ აქვს, ეს უბრალოდ ღიმილის მომგვრელია და მეტი არაფერი. მიუხედავ იმისა, რომ გახარია ინტელექტუალურად სხვებზე უკეთესად გამოიყურება, მას ჰქონდა სერიოზული შანსი, ჩამოყალიბებულიყო კარგ სახელმწიფო მოღვაწედ, მაგრამ ამ მმართველობით მაინკიერ სისტემაში ამ ყველაფერს აზრი არ აქვს.

რატომ?

– საქმე ის გახლავთ, რომ ის სისტემური მანკიერება, რასაც ჩვენ ვებრძოდით და 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვებით დასრულა, ჯერ კიდევ ძალაშია. ერთადერთი რაც შეიცვალა, არის ის, რომ ინსტიტუციური ავტორიტარიზმი შეიცვალა ჩრდილოვანი ავტორიტარიზმით. ხელისუფლება ხომ დანარჩენზე, არაფერზე ამბობს უარს. ბოლო ელემენტი, რომელიც იყო დარჩენილი, ეს იყო მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ილუზია, ამასაც გვართმევენ და ამას ვუყურებთ ახლა პარლამენტში.

ინსტიტუციური წესრიგი არ არსებობს, გადაწყვეტილების მიმღები და ინსტიტუციური ცენტრი აცდენილია ერთმანეთს, ჩრიდილოვანი ავტორიტარიზმი დავარქვი ამას, აქედან გამომდინარე, სისტემა არ არის ეფექტური. ეფექტურობა მარტო კარგი საქმის კეთებას არ სჭირდება, თქვენ წარმოიდგინეთ ეფექტურობა ბოროტი საქმის კეთებასაც სჭირდება.

ანუ, ბოროტებაშიც არ ივარგაქართულმა ოცნებამ“?

– ნამდვილად, ბოროტებაშიც არ ივარგეს. მიუხედავა იმისა, რომ კოლექტიური მურუსიძე მთლიანად შეისრუტეს, ვერ არიან ეფექტურები, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ინსტიტუციური აცდენა ეფექტურობას ვერ იძიებს. გადაწყვეტილების მიღების პროცესია დაყოვნებული, პასუხისმგებლობის აღება არავის არ უნდა, ამ სტაგნაციის პირობებში ვცხოვრობთ. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს საარჩევნოდ.

700 მილონით გაიზარდა ბიუჯეტი, მაგრამ რის ხარჯზე გაიზარდა იცით? – ლარის გაუფასურების ხარჯზე. ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, შესაბამისად, გადასახადებს ვალუტიდან გამომდინარე ვკრეფთ და გაიზარდა ბიუჯეტი. არც შვება იქნება ეს დანამატები, პენსიების და ხელფასების ზრდა, რადგან ამ დევალვაციის პირობებში ფასების ზრდის ტემპი ისეთია, რომ ადამიანს 20 ლარს მოუმატებენ, თუ 50 ლარს, მისი ცხოვრების პირობები არ გაუმჯობესდება, პირიქით - უარესდება იმასთან შედარებით, რაც ჰქონდა წინა წლებში. ხელისუფლება ცდილობს, მაგრამ მთავარ გასაკეთებელს არ აკეთებს - არ უნდა ინსტიტუციური წესრიგის აღდგენა, უბრალოდ ეზარება. ჩვენ ვცხოვრობთ აბსოლუტურად მანკიერ სისტემაში.

ის, რომ კონსტიტიუციური წესრიგის აღდგენაზე ამბობს უარს, ეს 2020 წლის არჩევნებისთვის არ იქნება მისთვის დაბრკოლება? ფაქტია ისიც, რომ ნიჰილიზმი სულ უფრო იზრდება და როგორც თქვენ აღნიშნეთ ადამიანის ცხოვრება უარესდება...

– ვაკუუმი არის ძალიან დიდი. ნიჰილიზმი იზრდება, კვლევებს არ ენდობა ხელისუფლება, მაგრამ ტენდენცია ასეთია – პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია და არა მარტო სახელისუფლებო, არამედ ოპოზიციური ძალაც კრიზისშია. ფაქტობრივად, არსებული პოლიტიკური ელიტა ვერ პასუხობს ამომრჩველის მოთხოვნას. ამომრჩეველს წართმეული აქვს არჩევანი. ასეთი ვითარებაა. შესაბამისად, ხელისუფლების შანსი ის კი არის, რომ თვითონ რაღაცის გაკეთება შეუძლია, არა, არაფრის გაკეთება არ შეუძლია და ფაქტობრივად განწირულია. მაგრამ მისდამი, ნეგატიური და ხშირ შემთხვევაში აგრესიული დამოკიდებულება რეალიზებული რომ იყოს, უნდა გამოჩნდეს ალტერნატივა, ცარიელი ადგილი ხომ არ დარჩება. შესაბამისად, ხელისუფლების ბედი ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებზე არის დამოკიდებული. თუ ოპოზიციამ არ ივარგა, ეს არის ხელისუფლების შანსი და არა ის, რომ თვითონ რაღაცის გაკეთების შანსი აქვს. ხელისუფლებას არაფერის გაკეთების რესურსი არ აქვს და არც სურვილი აქვთ. ისინი ფიქრობენ არჩევნების ყიდვაზე და ბიუჯეტსაც ამას მოარგებენ.

მაგრამ გაიყიდება არჩვენები? ერთია, რომ გაყიდვა გინდა, მაგრამ რამდენად მომგებიანად გაყიდი, ესეც ხომ მნიშვნელოვანია...

– გაიყიდება და ერთადერთ შემთხვევაში გაიყიდება, თუ ვერ ჩამოყალიბდა რეალური ალტერნატივა. თუ ამომრჩეველი დარჩა არჩევანის გარეშე, როცა არავის იმედი არ აქვს, ასევე არ აქვს არჩევანი, ასეთ დროს ის ფიქრობს – ვიც გადაიხდის, იმას გადავუხდი ერთჯერადად ხმას.

და გადამხდელი არის ხელისუფლება?

– ბუნებრივია, გადამხდელი ხელისუფლება არის. პოლიტიკური ალტერნატივის შემთხვევაში ამომრჩეველი არ გაიყიდება, მაგრამ ალტერნატივა თუ არ იქნა, მაშინ ერთჯერად კონტრაქტით რა არის გასაკვირი. გაყიდვაში მე მაინცდამაინც ფულს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ სხვადასხვა სატყუარას. მაგალითად, 70 წელს მიღწეულ პენსიონერს 50 ლარით გაეზრდება პენსია. ეს ხომ ცინიკურია და ვფიქრობ, რომ ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაც. იმიტომ, რომ პენსია არის პენსია და თუ ეს არის საყოველთაო, ყველას ერთნაირად უნდა დაურიგდეს. ყველაფერს სხვას ჰქვია დანამატი და ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ადგილობრივ ბიუჯეტებს შეუძლიათ რაღაცა დანამატების შექმნა, მაგრამ რა კონსტიტიუციური საფუძველი აქვს ამას, რომ 70 წელს გადაცილებულს აძლევ 50 ლარს?! ცინიზმს რომ თავი დავანებოთ, ამას პენსია კი არა, პრემია ჰქვია, ამდენს ხანს რომ გაძლეს და ცოცხლები არიან. ასეთი ინიციატივებით თვითონ პენსიის პრინციპიც დარღევულია. ნებისმიერ რაღაცაზე მიდის ხელისუფლება, რომ რაღაცა მიიღოს. სხვა საფიქრალი მათ არ აქვთ. ბიძინა ივანიშვილი, რომ ყველაფერს, რაც ქვეყანაში ხდება პასუხისმგებლობით უდგებოდეს, ერთადერთი თეორიული შანსი იქნებოდა თვითონ დაბრუნებულიყო პრემიერ–მინისტრის სავარძელში.

მაგრამ არ უნდა ამ ადამიანის პრემიერმინისტრობა...

– ამაშია პრობლემა, მართვა უნდა, მაგრამ პასუხისმგებლობის აღება არა და ამით ყველაფერი ნათქვამია. როდესაც ქვეყანაში ამდენი პრობლემაა და შენ არ გინდა ელემენტარული რაღაცის შეცვლა.

რას ცვლის ივანიშვილის პრემიერად დაბრუნება, გარდა იმისა, რომ იქნება პასუხისმგებელი მიმდინარე პროცესებზე, მისი პრემიერობა ხელისუფლების შენარჩუნების გარანტია იქნება?

– შეიძლება ეს ხელისუფლების შენარჩუნებისთვის არანაირი გარანტია არ იყოს და ეს არც არის სახელმწიფოებრივი ამოცანა. უბრალოდ, რაღაცა ეფექტურობას შეიძენს სისტემა. რატომ? – იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიღების სისტემა გაიმართება. პრემიერ–მინისტრს არ აქვს პასუხისმგებლობის განცდა, იმიტომ, რომ თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, სისტემა არ არის ფუნქციონალური. ელოდები საიდღანაც რაღაცას. ამიტომ არის ჭაობი.

კი ბატონო, გახარია ყველაზე ჭკვიანია, კომპეტენტურია, მაგრამ ვერაფერს ვერ გააკეთებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის არ იღებს გადაწყვეტილებას. რა უნდა გააკეთოს გახარიამ? რა მნიშვნელობა აქვს გახარია ჭკვიანი იქნება, თუ ბრიყვი? „ქართული ოცნება“ და მმართველი პარტია ეს ხომ ერთი კაცია, მეტი არავინ. წარმოიდგინეთ სიტუაცია, „ქართული ოცნების“ მთავრობა გადადგა, ყველა წავიდა სახლში და ივანიშვილმა ქუჩიდან მოიყვანა ახალი 200 კაცი, რამე შეიცვლება? - არაფერი. ვინმე იგრძნობს რამეს? - არა. აი, ეს არის სისტემური მანკიერება, მით უმეტეს, რომ ამან მიიღი ჩრდილოვანი ხასიათი. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს კიდევ უარესია, ვიდრე ინსტიტუციური ავტორიტარიზმი, რადგან მაშინ ზუსტად ვიციდით, ვინ იყო დამნაშვე და არჩევნების გზით გავუშვით. ახლა აზრი არ აქვს ვის გაუშვებ. აზრი აქვს კი გახარიას გაშვებას? – არა აქვს აზრი. გახარია სამ დღეში არავის ემახსოვრება, ისევე როგორც ბახტაძე, რომელიც ორი კვირის წინ წავიდა პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან და არავის ახსოვს. აი, ეს არის მანკიერება.

ამ ვითარებაში როგორ წარმოგიდგენიათ 2020 წლის საარჩევნო მარათონი?

– ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ორპოლუსიანობა შეინარჩუნოს. ეს ტექნოლოგია კარგად აქვს ათვისებული და ბუნებრივია, ისწავლეს სააკაშვილს როგორ მოუგონ არჩევნები და მოუგებენ კიდეც. მაგრამ ახალი საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ვერ მოხდება. ჩვენ მივიღებთ 7– 8 პარტიას პარლამენტში.

მათ შორის მამუკა ხაზარაძეს?

– ხაზარაძეზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი. მისი დიაპაზონი ჯერჯერობით არის ძალიან ფართო. შეიძლება მან მიიღოს ნოლი, შეიძლება ავიდეს 30–მდე. ჯერ ეს არის პროგნოზირება, იმიტომ, რომ სტაბილურობა არ შეუძენია. შესაბამისად, ეს უფრო მკითხავის სფეროა, ვიდრე ექსპერტის. ყველაფერი დამოკიდებულია მის მოქმედებებზე. მაგრამ, საქმე ის გახლავთ, რომ ამ მოცემულობაში, საკმაოდ სუსტი პარტიებიც კი, შეიძლება, შევიდნენ პარლამენტში. 2-3%– უნაშთო არჩევნებია და ბუნებრივია, ეს ზრდის იმის შანს, რომ ივანიშვილმა ხელისუფლება ვერ შეინარჩუნოს და გარკვეულ განვითარებაში მმართველ კოალიციაშიც კი ვერ მოხვდეს, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ადგილზე ნამდვილად გავა. ალბათობა ამისა არის მაღალი. ეს თავისთავად კარგია. სახელმწიფოსთვის არის კარგი და არა ვიღაცისთვის, ან რაღაცისთვის. ამით ჩვენ საბოლოდ დავამთავრებთ ერთ–ერთ მთავარ საფრთხეს, რასაც ჰქვია ძალაუფლების უზურპაცია. ანუ, როდესაც ერთპიროვნული ხელისუფლება მოდის ამ ქვეყანაში, აუცილებლად იწყება ძალა–უფლების უზურპაცია, ჩნდება ინტერესჯგუფები და ხრნავენ ქვეყანას.

ანუ, პოსტსაარჩევნო კოალიციის შემთხვევაში უზურპაციის პრობლება წყდება?

– რა თქმა უნდა, ერთი მხრივ შეიძლება მართვაში შეგვექმნას პრობლემა და გარკვეული ქაოსი დაიწყოს, მაგრამ მეორე მხრივ ამ უზურპაციისგან დავაზღვევთ ქვეყანას. შემდეგი 2024 წლის არჩევნები შესაძლებელია იყოს ნორმალური. კი ბატონო, 2020 წელს ჩვენი ყველა პრობლემა არ გადაწყდება, მაგრამ ძალაუფლების უზურპაციის გადაწყვეტის შანსი გვაქვს.

გახარიაზე გადის ეს არჩევნები, მაგრამ გახარია დადებს იმ შედეგებს, რაც ხელისუფლებას უნდა?

– გახარია დადებს მაქსიმუმს. პოლიტ–ტექნოლოგიურად გახარიაზე არჩევანის გაკეთება იყო სწორი. ის ყველაზე მეტად საღად მოაზროვნეა „ქართულ ოცნებაში“. თუ ვინმეს ჭკუა მოეკითება, ეს არის გახარია, მაგრამ ამ სისტემაში მისი შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. რაც შეეხება მათ შედეგს, არ ვიცი. რაც უნდა კარგად იმუშაონ, დაახლოებით 30%–ის ფარგლებში მიიღებს „ოცნება“, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ძალიან კარგად იმუშავეს. შეიძლება ცოტა მეტიც აიღონ, მაგრამ 50% ეს ფანტასტიკის სფეროა. 50% მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ დანარჩენი პოლიტიკური ელიტა უბაროდ საერთოდ განადგურდება და ვერაფერს ვერ იზამს. „ქართული ოცნების“ შანსი უფრო კარგი მუშაობა კი არ არის, მათი შანსია დანარჩენი პოლიტიკური ელიტის სრული დეგრადაცია. მოწინააღმდეგეს სისუსტე და არა საკუთარი სიძლიერე.

 

tngh "პატრიოტთა ალიანსის" შანსები დღითი-დღე იზრდება. თუ ქ-ნი ნინო ბურჯანაძე და "დემოკრატიული მოძრაობა", მოახერხებს და დაძლევს ზედმეტ ამბიციებს და უსაფუძვლო "ბიძინაფობიას" მათი რეიტინგიც მკვეთრად მოიმატებს... ჯამში ეს ორი პარტია, როგორც სამხედრო ნეიტრალიტეტის მომხრე სერიოზულ პროცენტს მოიპოვებს პროპორციულ სისტემაში და მათ გარეშე "ოცნება" მთავრობას ვერ დააკომპლექტებს...
4 წლის უკან
tngh "პატრიოტთა ალიანსის" შანსები დღითი-დღე იზრდება. თუ ქ-ნი ნინო ბურჯანაძე და "დემოკრატიული მოძრაობა", მოახერხებს და დაძლევს ზედმეტ ამბიციებს და უსაფუძვლო "ბიძინაფობიას" მათი რეიტინგიც მკვეთრად მოიმატებს... ჯამში ეს ორი პარტია, როგორც სამხედრო ნეიტრალიტეტის მომხრე სერიოზულ პროცენტს მოიპოვებს პროპორციულ სისტემაში და მათ გარეშე "ოცნება" მთავრობას ვერ დააკომპლექტებს...
4 წლის უკან
tngh "ოცნება"+"პატრიოტთა ალიანსი"+"დემოკრატიული მოძრაობა" მიიღებს თითქმის 70%-ს!!!
4 წლის უკან
სოციალისტი ეს ორი პარტია ვერ მნიშვნელოვანს ვერ მოიპოვებენ თუ არ გაერთიანდებიან ერთ პარტიად. ამის შანსები კი 0-ის ტოლია!
4 წლის უკან
trampi ბოლო ორი წელია ამ ბოღმიან ექსპერტს არაფერში არ დავთანხმებივარ, მაგრამ ეხლა 100 % ვეთანხმები.....ყველა პარტია მტკვარშია გადასაყრელი
...უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენო,, ამ ოცნების საქმე ზუსტად ესეა, თორემ ესენი ხელისუფლებაში გასაჩერებლები არ არიან
ამათ მხოლოდ ერთი პლიუსი აქვთ------ ხალხს არ ხოცავენ. დანარჩენშიიიიიიიიიიიიი ......30%
დამნაშავეეები რომ არ დასაჯა, პირველ რიგში სწორედ ამიტომ არიან გასაყრელები.......
4 წლის უკან
tngh სამარცხვინო "სირცხვილიას" სამარცხვინო აქციების შემდეგ, "ოცნების" რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა...
4 წლის უკან