დედაქალაქში ტაქსების რეფორმის სიმკაცრე მძღოლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და ამიტომ ბაზარზე ვითარება შეიცვალა. მგზავრობა ცოტათი გაძვირდა, სხვადასხვა ფერის მანქანის მფლობელები რეგისტრაციისთვის სატაქსო კომპანიებს მიაწყდნენ, ქალაქშიც დროებითი სიხალვათეა - საცობები ისე ხშირი აღარაა.
ამასობაში კი მერია რეფორმის მეორე ეტაპს აგრძელებს. ბოლო მონაცემებით, თბილისში ამ ეტაპზე სულ 5800 ტაქსია რეგისტრირებული, მერიამ ნებართვის მქონე ტაქსებისთვის მანათობლების დარიგება უკვე დაიწყო.
ამ ეტაპზე, დაახლოებით 100-ზე მეტი მანათობელია გაცემული. ნიშნების გაცემას უზრუნველყოფს მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო. რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობის მიხედვით, დაგეგმილია გაიცეს დაახლოებით, 6500-ზე მეტი ნიშანი. მანათობლები გაიცემა მხოლოდ თეთრ ტაქსებზე.
მანათობელ ნიშნებს ორი რეჟიმი აქვთ, რომელიც ფერებით გამოიხატება - მწვანე და წითელი. მწვანე ფერი მიანიშნებს, რომ ავტომანქანა თავისუფალია, ხოლო წითელი მგზავრზე მიუთითებს.
გუშინვე რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა 300 ერთეულით გაიზარდა. დედაქალაქის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის თქმით, ორშაბათ დილით რეგისტრირებული იყო 5 500 მანქანა, საღამოსთვის კი უკვე 5 800.
როგორც ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა "ა" კატეგორიის ტაქსებისთვის მანათობლის გაცემის პროცესი საბურთალოს ფილიალშიც დაიწყება.
„ხედავთ უკვე დაწყებულია ტაქსის მანათობლების დარიგების პროცესი. ეს რეფორმის მეორე ეტაპია. გვყავს ორი კატეგორიის ტაქსები. თეთრი ფერის მანქანები მგზავრებს ქუჩიდან აიყვანენ. მერიამ მათ დაურიგა ერთნაირი ნიშნები, რომლებსაც ნათების ორი რეჟიმი აქვთ: მწვანე ნიშნავს, რომ ტაქსი თავისუფალია, წითელი - ტაქსი დაკავებულია. დღეს დილიდან საკმაოდ დიდი ნაკადი მოვიდა. ოპერატორები დავამატეთ, რათა მოქალაქეები რიგში არ მდგარიყვნენ. იმედი მაქვს, შემდეგი დღეების განმავლობაში ყველა შეძლებს, მერიის ცენტრალურ ოფისში მოვიდეს და "ა" კატეგორიის ტაქსებისთვის მანათობლები სრულად დარიგდეს.
ჩვენ უკვე საბურთალოს ფილიალიდანაც დავიწყებთ მათ გაცემას, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდია. ხედავთ, მერიის პარკინგი ამ ავტომანქანებისთვის თავისუფალია, ყველას შეუძლია მოვიდეს და მიიღოს მანათობელი“, - განაცხადა ხმალაძემ.
ტაქსის მანათობლის დარიგების პროცესის დასრულების შემდეგ, მანათობლის გამოყენების წესების დარღვევისთვის, პირს ადმინისტრაციული სანქცია დაეკისრება.
თავისთავად ფაქტი, რომ ლიცენზიამიღებული მძღოლების 30%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა, ტაქსის სფეროში არსებულ პრობლემას ადასტურებს. როგორც ცნობილია, ტაქსების უმეტესობა მოძველებული მანქანებია, რომლის ნაწილს სერიოზული ტექნიკური ხარვეზი აქვს.
ტექდათვალიერების გავლა ძირითადი მოთხოვნაა, რაც
ტაქსის მძღოლიებს "ა" თუ "ბ" კატეგორიაში გასაწევრიანებლად სჭირდებათ.
„მიზანმიმართულად ხდება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, არასწორი ინფორმაციების მიწოდება, ამიტომ განვმარტავ, რეფორმის ფარგლებში კანონით გათვალისწინებულია ვალდებულება, რომ კერძო ავტომობილებმა ტექდათვალიერება გაიარონ. ტაქსის მძღოლი, რომელიც მოდის გასაწევრიანებლად "ა" თუ "ბ" კატეგორიაში, რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონდეს ავტომობილზე ტექდათვალიერება გავლილი, სამწუხაროდ, დაახლოებით 30%-მა, ვისაც ლიცენზია ჰქონდა, მიღებული ტექდათვალიერება ვერ გაიარა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.