დეკემბერში გიორგი გახარიას კრემლში ელოდებიან(?)

დეკემბერში გიორგი გახარიას კრემლში ელოდებიან(?)

ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, დეკემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მოსკოვში ვიზიტი იგეგმება. „2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ბიძინა ივანიშვილის შერჩეულ საქართველოს ახალ პრემიერს კრემლში უკვე ელოდებიან.

„2020NEWS“-ის წყაროს ინფორმაციით, რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების ხმაურიანი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ პირველი პირების შეხვედრის მომზადება იყო. დავით ზალკალიანის უწყება აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით უარყოფს.

„უახლოეს მომავალში საქართველო-რუსეთის პირველი პირების შეხვედრა დაგეგმილი არ არის. თუ უახლოეს მომავალში თანამდებობის პირთა აუდიენცია დაიგეგმება, საზოგადოებას აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ეცნობება“, - უთხრეს „2020NEWS”-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე მტკიცებით, საქართველო-რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის მიმდინარეობის დროს შედგა, ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. ჩენს ხელთ არსებულ ინფორმაციას უარყოფს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი.

„ეს არის მოტანილი ინფორმაცია, არ გამიგონია ამის თაობაზე, ამდაგვარი არაფერი არ ხდება და არ იგეგმება“, - განუცხადა ვოლსკიმ „2020NEWS”-ს.

მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს არც ოპოზიციას. „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე „2020NEWS”-თან ამბობს, რომ რუსეთთან დიალოგის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ეს სწორ ფორმატში უნდა მოხდეს და ამის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საზოგადოება. წინასწარ უნდა იყოს ცნობილი დღის წესრიგი.

„სწორ კონტექსტში და სწორ ფორმატში რუსეთთან დიალოგი პრობლემა არ არის, რადგან შენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, უნდა ელაპარაკო ოკუპანტსაც და მოწინააღმდეგესაც, მაგრამ ხაზს ვუსვამ სიტყვებს - სწორ კონტექსტში და სწორ ფორმატში.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამ დაგვანახა, რომ ეს პირობა არ იყო დაცული. პირველ რიგში, როდესაც შეხვედრა იმართება საზოგადოებისათვის ასეთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ თემაზე, დაუშვებელია ამას საზოგადოება იგებდეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან. შემდეგ ჩვენ მოვისმინეთ სრულიად არეული კომენტარი ქართული მხარის და პირდაპირი, ღია დაცინვა ლავროვის მხრიდან, რომელმაც დასცინა ზალკალიანსაც და მთელ საქართველოსაც.

ჩვენ დღემდე არ ვიცით კონკრეტულად, რა მიზანს და ამოცანას ემსახურება ზალკალიანის და ლავროვის შეხვედრა და რა იყო შედეგი ამ შეხვედრის. ამიტომ, ასეთ პირობებში, დამატებით პრემიერების შეხვედრის მომზადება ისევ საზოგადოებისგან ფარულად, ისევ ისე, რომ ჩვენ არ ვიცით დღის წესრიგი, რა თქმა უნდა, არის პრობლემური თემა.

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი საკითხი, რომ ჩვენთვის ყველაზე ეფექტური გზა რუსეთზე ზეწოლის და ოკუპაციის დასრულების, არის საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით საერთაშორისო პოლიტიკური ზეწოლა. ამის ფორმატი არის ჟენევის ფორმატი. დიდი ხანია რუსეთი ცდილობს, ჟენევის გვერდის ავლით გამოვიდეს ორმხრივ დიალოგზე და თქვას, რომ ჩვენ და ქართველები ერთმანეთთან ვლაპარაკობთ პირისპირ და თქვენ დანარჩენები - ამერიკელები, ევროპელები, გაიწიეთ გვერდზე და გვაცალეთ ლაპარაკი.

ამის დიდი საფრთხე არსებობს, რომ ჩვენი პარტნიორები გაწიონ გვერდზე და დავრჩეთ ერთი ერთზე რუსეთთან. ეს იქნება კატასტროფა, რადგან ერთი-ერთზე რუსეთთან ჩვენ ოკუპაციის თემას ვერ მოვაგვარებთ. პრემიერების შეხვედრის შემთხვევაში, განსაკუთრებით ბევრად მეტად, ვიდრე საგარეო საქმეთა მინისტრების, უნდა გავითვალისწინოთ ეს საფრთხე, რომ რუსეთმა არ გამოიყენოს ეს შეხვედრა და მთელი ეს პროცესი იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორები არ გაწიოს გვერდზე მოლაპარაკებიდან.

პირველი პირების შეხვედრაში ბუნებრივია, რისკებს ვხედავ და ამ რისკების მოხსნის ერთადერთი გზა არის საზოგადოების ღია, წინასწარი და ბოლომდე ინფორმირება, თუ რა შეხვედრა შეიძლება შედგეს, რა არის ქართული მხარის დღის წესრიგი და რა საკითხებს დააყენებს, შეთანხმებულია თუ არა ეს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, ამის გაკეთების გარეშე ჩუმად, ზურგს უკან შეხვედრა რუსულ მხარესთან მიმაჩნია, რომ შეიძლება იყოს სახიფათო და მთელი პროცესისთვის საზიანო“, - აცხადებს ბაქრაძე.

შეგახსენებთ, 26 სექტემბერს ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრის შესახებ, რომელიც ქართულმა მხარემ დამალა, ინფორმაცია რუსულმა მხარემ გაავრცელა, ირონიული კომენტარებით. ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრის შინაარსი, დეტალები და შედეგი, ამ დრომდე უცნობია.

Katana . ამბავს, რომელსაც არავინ ადასტურებს, ჰქვია ჭორაობა.
4 წლის უკან