“ვერ გავიგეთ რით ჩავანაცვლოთ ის, რაც არ მოგვწონს“

“ვერ გავიგეთ რით ჩავანაცვლოთ ის, რაც არ მოგვწონს“

იმაზე, კონკრეტულად რამ შეიძლება შეცვალოს უკეთესობისკენ ქვეყანაში არსებული ვითარება, პრესა.გე შეხვდა და ესაუბრა საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრს, ვახტანგ ძაბირაძეს, რომელიც 1983-1987 წლებში პოლიტპატიმარი იყო.

 

ესწრებოდით 25 ნოემბერს, პარლამენტის წინ გამართულ “სახალხო კრებას“?

ვახტანგ ძაბირაძე: მისვლა საჭიროდ არ ჩავთვალე; დარწმუნებული ვიყავი, რომ იქ

ისეთი არაფერი მოხდებოდა, რომ ჩემი ყოფნა აუცილებელი ყოფილიყო.

 

თქვენი აზრით, რომელ პოლიტიკურ ძალას აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ყველაზე ოპტიმალური გზა?

- ასეთი ოპტიმალური გზა დღესდღეობით, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არა აქვს და სამწუხაროდ, ეს გზა არც საზოგადოებას გააჩნია. ჩვენ გაურკვეველ სიტუაციაში  მოვხვდით - ერთის მხრივ ვხვდებით რომ ერთ კაცზე, ერთ პარტიაზე, ერთ პიროვნებაზე ორიენტირება შედეგს არ გვაძლევს; მეორე მხრივ, ვერ გავიგეთ რით ჩავანაცვლოთ ის, რაც არ მოგვწონს.

 

აი, ამ სიტუაციაში პოლიტიკურ პარტიებზე მეტი პასუხისმგებლობა საზოგადოებას ეკისრება, რომელმაც გამოსავალი უნდა მოძებნოს. ჩვენ, როგორც ქვეყანას, სხვა გზა უბრალოდ, არ გაგვაჩნია. დღეს ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და ჩვენ გვაწევს ეს პასუხისმგებლობა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. სხვა ამას ვერც გვიკარნახებს და არც იმის შემძლე იქნება, რომ გამოსავალი მოგვაძებნინოს.

 

პოლიტიკური პარტიები გარდა იმისა რომ ამ საზოგადოების შემადგენელი არიან, თავიანთი ინტერესები, ხედვა გააჩნიათ და ყოველთვის ცდილობენ, რომ ნებისმიერ გამოსავალში საკუთარი ინტერესები ჩადონ, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა.

 

ანუ ნორმალურია ის რომ თავიანთ თავს აყენებენ ქვეყნის ინტერესებზე წინ?

- საკითხი ასე არ უნდა დავაყენოთ.

 

რატომ?

- იმიტომ რომ ქვეყნის პატრონი პარტია ვერ იქნება. ქვეყნის პატრონი საზოგადოება უნდა იყოს. რა არის ეს ქვეყნის ინტერესები, ეს თუ იქნება განსაზღვრული, მაშინ ისინი თავიანთ ინტერესებს წინ ვერ დააყენებენ.

 

გაჭირვების დროს ყველა ერში საზოგადოებრივი ჯგუფი ჩნდებოდა, რომელიც ქმნიდა მოდელს, რომლითაც შემდეგ მთელი საზოგადოება ყალიბდებოდა. ასე მოხდა ჩვენთან, მეცხრამეტე საუკუნეში - თერგდალეულები მოვიდნენ და ქვეყნის და ერის გადარჩენის კონცეფცია შექმნეს. მათ გააკეთეს ის, იმ დროს, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ ერს თვითმყოფადობა შეენარჩუნებინა.

 

ჩვენ დღევანდელი სიტუაციის გააზრება არ გვინდა. ამიტომ, ეს ყველაფერი პარტიებს მივანდეთ და პარტიები აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ – რა თქმა უნდა, იბრძვიან  პირველობისთვის და გვეუბნებიან – “აი, მე რომ მოვალ, ყველაფერი იქნება კარგად“. ახლა თითქოს გააქტიურებული საზოგადოების უკან სამწუხაროდ, პარტიები ილანდება.

 

ვის გულისხმობთ საზოგადოებაში?

- სამოქალაქო საზოგადოებას და ერის ელიტას, რომელიც არის განმსაზღვრელი ქვეყნის რაობის, კულტურის და მეობის. პარტია ვერც კულტურას შექმნის, ვერც ერის მომავალს და ვერც იდეოლოგიას. პოლიტიკურმა პარტიამ სოციალური პირობები უნდა შექმნას, იმისთვის, რომ აი, ეს მხარეები განვითარდეს. ესაა მისი ფუნქცია და სხვა არაფერი, მაგრამ დღეს ჩვენ ყველაფერი უკაცრავად და პარტიას ავკიდეთ  -  იდეოლოგიაც მან უნდა შექმნას, კულტურაც... ამას არ აკეთებს, იმას არ აკეთებს, - გვესმის ამა თუ იმ პარტიაზე, მაშინ, როცა ეს მან კი არა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ.

 

საზოგადოებამ, ერის ინტელექტუალურმა ელიტამ,  უნდა მოძებნოს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, რომელიც ძალიან მარტივია – უნდა შევთანხმდეთ იმ წყობაზე, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს და ხელისუფლებას შეზღუდავს.

 

ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი – ან მივდივართ დემოკრატიის გზით და ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, ან მივდივართ დიქტატურის გზით. თუ ამ უკანასკნელი გზით მივდივართ, მაშინ რა საჭიროა იმის შეცვლა, რაც არის?! თუ დემოკრატიის გზით მივდივართ, მოდით გავიაზროთ რა არის ჩვენთვის ეს დემოკრატია. ჩვენ ხომ ამაზე არ ვკამათობთ?!

 

25 ნოემბერს “სახალხო კრებამ“ ახალი კონსტიტუცია გააპროტესტა -  ხელისუფლებამ ძალიან ცუდი კონსტიტუცია მიიღოო. გასულ თვეში ფილარმონიაში მოსამზადებელი კონფერენცია, რომ ჩაატარეს, კონსტიტუციის მიღების პროცესი მიდიოდა, რის პარალელურადაც საზოგადოებრივი საკონსიტუციო კომისია, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად აწყობდა პერმანენტულ საპროტესტო აქციას. მოსამზადებელ კონფერენციაზე ერთი სიტყვაც არ უთქვამთ, თუნდაც უბრალო სოლიდარობაზე. ეს არის სერიოზული პრობლემა, მაგრამ ეს არის ის კვაკუთხედიც, რომელზედაც ქვეყანა უნდა აშენდეს. კონსტიტუციას ვგულსიხმობ. სხვანაირად ვიქნებით იმ ჭაობში, რაშიც ვართ.

 

რას იტყვით საარჩევნო გარემოს შეცვლით ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე?

- თუ ვამბობთ რომ ქვეყანაში არის ავტორიტარიზმი, რომელიც მიდის ტოტალიტარიზმისკენ (მე ასე ვთვლი), მაშინ, იქნებ ვინმემ ან ერთი პრეცენდენტი დამისახელოს, ან მონახაზი მითხრას – ასეთ ქვეყანაში საარჩევნო გარემოს რატომ შეცვლის ხელისუფლება, მოლაპარაკების მაგიდასთან?!  

 

ანუ ეს გზა თქვენთვის მიუღებელია.

- ეს იცით რა გზაა?!

 

უაზრო გზაა?

- დიახ. მგონია რომ აქედან შედეგი არ იქნება. 150-დან 90 მანდატს უმრავლესობა არ დათმობს და დანარჩენს დათმობს; ესეც იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთიდან ძალიან ძლიერი ზეწოლა იქნება.

 

როგორ წარმოგიდგენიათ იმის განხორციელება, რაზეც საზოგადოება შეიძლება ჩამოყალიბდეს?

- ქუჩიდან ზეწოლით.

 

როგორ ფიქრობთ, გამოვა ხალხი ქუჩაში, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით?

- ქვეყანაში საპროტესტო მუხტი კი არ გაქრა, უბრალოდ ნდობა აღარ არსებობს, არც საზოგადოებასა და მოსახლეობას შორის და მით უმეტეს, პოლიტიკურ პარტიებსა და მოსახლეობას შორის. ეს ვითარება ხელს აძლევს ხელისუფლებას. ვერც საზოგადოება და ვერც პოლიტიკური სპექტრი მოსახლეობას ვერ ვთავაზობთ ვერაფერს, გარდა იმისა, რომ მოდი შევცვალოთ მიშა.

 

მოსახლეობას კონსტიტუციის მოდელი უნდა შევთავაზოთ და დავარწმუნოთ იმაში, რომ კონსტიტუციის შეცვლა არის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი გზა.  გარკვეულწილად ეს არის ხალხოსნური მოძრაობა. ამასთან,  ეს არის ის მოძრაობა, რაც გაკეთეს სახალხო ფრონტებმა ბალტიისპირეთში, “სოლიდარობამ“ პოლონეთში.

 

გასააზრებელია მოქმედების გეგმა. ჩვენ ყველამ ერთად რომ ვთქვათ, ეს კონსტიტუცია გვინდაო, ხელისუფლება ამაზე მაინც არ წავა. ამიტომ საჭიროა ქუჩიდან ზეწოლა. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, რა არის ის, რაც უნდა დავძლიოთ, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება წამოვიდეს მოლაპარაკებებზე, კომპრომისებზე, ეს გეგმაა შესამუშავებელი. ამ პროცესში როდის, რა ეტაპზე და რა დოზით უნდა ჩაერთოს პოლიტიკური სპექტრი, ამაზე საზოგადოება უნდა შეთანხმდეს.

 

თუ ამას გავაკეთებთ, სიტუაცია დალაგდება, მოსახლეობაში იმედიც გაჩნდება და იდეაც, რომლისთვისაც ხალხი იბრძოლებს. დღეს ქვეყანაში იდეა არ არის; დღეს ქვეყანაში არის მოთხოვნა, სურვილი, რომ გადავაგდოთ მიშა, მაგრამ მხოლოდ ეს, შედეგს არ მოგვიტანს.