აზარტული თამაშები უკვე ადამიანებს კი არა, მთელი ქვეყნის ეკონომიკას ემუქრება. ამ ჩრდილოვანი ინდუსტრიისკენ მიმართული თანხები ყოველწლიურად არანორმალურად იზრდება, მდიდარი უცხოელები ერთობიან, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა ღატაკდება. გამოსავალი არ ჩანს. სათამაშო ბიზნესის არათუ შეზღუდვა, არამედ მისი რეკლამირების აკრძალვაც კი ვერაფრით მოხერხდა.
აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე ოპერატორების ბრუნვამ 2018 წელს შესაძლოა, 10 მლრდ ლარს გადააჭარბოს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, შარშან იმ სექციის ბრუნვამ, სადაც აზარტული თამაშების სექტორიც შედის, წინასწარი მონაცემებით ჯამში 12,596 მლრდ ლარი შეადგინა.
დაზუსტებული მონაცემები სტატისტიკის სამსახურს ოქტომბერში ექნება, მაგრამ მანამდე საყურადღებოა ერთი კომპონენტი. 2017 წლის მონაცემების მიხედვით, „ხელოვნება, გართობა და დასვენების“ სექციის ბრუნვიდან 97%-ზე მეტი სწორედ აზარტული თამაშების ბიზნესზე მოდიოდა. ამ სექციის მთლიანი ბრუნვა შეადგენდა 6176,6 მლრდ ლარს, საიდანაც 6050,1 მლრდ ლარი აზარტული თამაშების წილი იყო. 2018 წელს კი ამ სექციაში შემავალი ბიზნეს-სუბიექტების ბრუნვამ 12,598 მლრდ ლარი შეადგინა და ამ თანხიდან დაახლოებით 9-10 (რაც 10 მლრდ ლარზე მეტია) შესაძლოა, სწორედ აზარტული თამაშების წილი იყოს.
ზრდასრულ მოქალაქეებს რომ თავი დავანებოთ, მოსწავლეთა 48% აზარტული თამაშებზეა დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით აკრძალულია. აზრტული ბიზნესის დამანგრეველ შედეგებზე საუბრობენ არათუ სპეციალისტები, არამედ ბიზნესმენებიც, რომლებიც ამბობენ, რომ სათამაშო ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკას ძირს უთხრის.
„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებლის ირაკლი გურჩიანის აზრით, სათამაშო დაწესებელებები მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ხოლო ადგილობრივი მოქალაქეებისთვის - დახურული.
„ქართველები ორ კაპიკს იშოვიან და გარბიან ტოტალზიატორში, ჰგონიათ, რომ გაასამმაგებენ მოგებას, მაგრამ ასე არ ხდება. იმიტომ არის, რომ დაიღუპა მთელი საქართველო. მე რომ ვიყო სახელმწიფოს მეთაური, ერთი ხელის მოსმით, ერთი ბრძანებით ავკრძალავდი ქართული პირადობის მოწმობით კაზინოში და ტოტალიზატორში შესვლას. გამოთავისუფლებული ფული საქართველოს ეკონომიკაში დარჩება. დღეს ტოტალიზატორის ფული საზღვარგარეთ გადის იმიტომ, რომ მათ უმეტესობას უცხოელი მფლობელი ჰყავს. ეს არხი დასაკეტია“, - აცხადებს „კომერსანტთან“ გურჩიანი.
აზარტულ თამაშებში რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილია ჩართული, ამას ანალიტიკოსი სოსო არჩვაძეც ადასტურებს. ხშირ შემთხვევაში, კაზინოებსა და ტოტალიზატორებში ჩაფლულ საქართველოს მოქალაქეებს უძრავი ქონების გაყიდვა ან ვალის აღება უწევთ.
„ამ დროს სათამაშო ინდუსტრიის სფეროს სარგებლობის სიდიდე გაღებულ ხარჯებთან შედარებით 7-8%-ს არ აღემატება, ანუ მოსახლეობა ცალსახად დაზარაბეული გამოდის. ხშირად ამისათვის ისინი ბოლო კაპიკსაც კი ხარჯავენ, ან კიდევ უძრავ ქონებას ყიდიან, ან ვალებში ვარდებიან. ხშირად ისეც ხდება, რომ ოჯახის წევრებმაც კი არ იციან, რომ ერთ-ერთი მათგანი თამაშობს. წლიდან წლამდე სათამშო დაწესებულებებში სულ უფრო მეტ თანხებს ხარჯავენ ადამიანები, თანაც ისე, რომ ეს ჩვენი მოსახლების რეალური შემოსავლების ზრდის ტემპს აღემატება. შესაბამისად, მათ უფრო ნაკლები თანხა რჩებათ პირველადი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ქვეყანაში ნომინალურად თითქოს შემოსავალი იზრდება, მაგრამ რეალურად განკარგვადი სახსრების რაოდენობა ნაწილობრივ მცირდება. განსაკუთებით 2014 წლის შემდეგ, ჩვენი მოსახლეობის რეალური კეთილდღეობის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო. ამიტომ, ოჯახების კეთილდღეობას და სულიერ სიმშვიდეს საფრთხე ემუქრება სწორედ ასეთი თამაშებისაგან“, - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.
ამ მასალას, რომელიც ეხება უმწვავეს ქართულ პრობლემას, როგორც ხედავთ, მხოლოდ 537 ნახვა აქვს! მხოლოდ 537 ადამიანი დაინტერესებულა, როგორ ვიქცევით და ვიღუპებით ამ აზარტული თამაშების სენისაგან...
და ეს მაშინ, როცა ლევან ლორთქიფანიძესთან ინტერვიუთი („გახარიას გაპრემიერება ნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე ნამდვილი ორთაბრძოლები გაიმართება“) - ამ საიტის 6.024 (sic!) მომხმარებელი დაინტერესებულა!
აი, ასეთები რომ ვართ, იმიტომ არის დედა რომ აღარა გვყავს!
მაგრამ თითი სულ გამზადებული გვაქვს, რომ ხან ზვიადისკენ გავიშვიროთ, ხან შევარდნაძისკენ, ხან მიშასკენ, ხან ბიძინასკენ: სულ იმათი ბრალია, რაც ცუდი გვჭირსო!