დევნილებმა უნარშეზღუდულთა შენობებსაც შეუტიეს! დავით დარახველიძე: "აუცილებლად გამოვავლენთ თაღლით დევნილებს"
"დევნილთა თუ სოციალურად დაუცველთა შეჭრა ამა თუ იმ დაწესებულების ამორტიზებულ, საცხოვრებლად უვარგის შენობებში მასობრივ და არაჯანსაღ სახეს იღებს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ეს ადამიანები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების უფლებების დარღვევაზე გადავიდნენ და მათ ხელობის შემსწავლელ სახელოსნოებში იჭრებიან. გუშინ ამ თემას საგანგებო პრესკონფერენცია მიუძღვნა სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა სახმარების ასოციაციამ, რომელსაც მხარი დაუჭირეს უნარშეზღუდულთა უფლებების დაცვაზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით დევნილებმა უნარშეზღუდულთა შენობებს შეუტიეს / ისინი ინვალიდთა უფლებების დამრღვევებად იქცნენ.
"ასოციაცია დაფუძნდა 1997 წელს ინვალიდი ბავშვების მშობლების მიერ. ასოციაციამ სხვადასხვა დონორისა თუ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არაერთი პროექტი განახორციელა. ინვალიდობის მქონე მოზარდთა დასახმარებლად. არასამთავრობო სექტორის მცდელობის მიუხედავად, დღემდე დიდ პრობლემად რჩება შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირთა დასაქმება. მათ განსაკუთრებული პრობლემები სკოლის დამთავრების შემდეგ ექმნებათ, ისინი აღარ არიან საჭირო აღარც სკოლისთვის, აღარც საზოგადოებისთვის... როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა მაია ასაკაშვილმა თქვა, მათი ორგანიზაცია განთავსებულია თემქაზე, ყოფილს 205-ე საჯარო სკოლაში, რომლის დირექტორიც ადრე თავად იყო. ოპტიმიზაციის განხორციელების შემდეგ შეიქმნა საკვირაო ცენტრი ინვალიდი მოზარდებისთვის, სადაც ეუფლებიან ხელსაქმეს, მუშაობენ თექაზე, გობელენზე, აკეთებენ სხვადასხვა აქსექსუარებს... ამჟამად ორგანიზაციამ მიიღო დაფინანსება ამერიკის საელჩოდან ინვალიდობის მქონე პირთა კომპიუტერული ცენტრისა და მინისტამბის ასამოქმედებლად, დონორმა შეიძინა ძვირად ღირებული ტექნიკა, სადაც ამ ბავშვებს კომპიუტერზე მუშაობა და პოლიგრაფიული საქმიანობა უნდა შეესწავლათ, რათა დასაქმებულიყვნენ, თავიანთი ადგილი ეპოვათ საზოგადოებაში, მაგრამ პროექტის დაწყება ვერ ხერხდება შენობაში დევნილთა შეჭრის გამო, რაც 26 ოქტომბერს მოხდა. ამან ჩაშალა სასწავლო პროცესი, დაარღვია ინვალიდთა უფლებები და შექმნა ფორსმაჟორული სიტუაცია", - აღნიშნავს გამოცემა.
"რა დააშავეს ბავშვებმა? არ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, რა ძალა მართავთ მათ, როგორ შეიძლება ქუჩაში გამოყარო ინვალიდები? მოხდა ინციდენტიც, ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები: "გვეკუთვნის შენობა, რადგან სახელმწიფო ბალანსზეაო, მრავალსულიანები ვართ და გაფართოება გვჭირდებაო. გვეუბნებიან, თქვენ რა გიჭირთ, სახლები მაინც გაქვთო. როგორ შეიძლება ეს ინატრო - ყველაფერს დავთმობდი, თუ ვინმე ჩემს შვილს ჯანმრთელობას დაუბრუნებდა", - აღნიშნა მაია ასაკაშვილმა. ასოციაციის წევრები თხოვნით მიმართავენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დროულად იქნას შესწავლილი 205-ე სკოლაში შექმნილი ვითარება და დროულად დაუბრუნონ შენობა ინვალიდ ბავშვებს", - დასძენს გამოცემა.
"არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა გ. ბიბილეიშვილმა მიმართა შენობაში შეჭრილ დევნილებს, რა შეიცვალა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ისეთი, რომ კანონმორჩილი დევნილები უცებ მოძალადეებად იქცნენ. მისი თქმით, საზოგადოებამ ხმა უნდა აიმაღლოს საბოტაჟური ქმედებების წინააღმდეგ და ხელი შეუშალოს დესტრუქციული ტენდენციების დამკვიდრებას. ხელისუფლებამ სიმტკიცე უნდა გამოიჩინოს და არ დაუშვას ასეთი ფაქტები... როგორც აღმოჩნდა, დევნილები გუშინ შეიჭრნენ ჩიქობავას ქუჩაზე მდებარე ინვალიდთა დღის ცენტრშიც, სადაც განთავსებულია კავშირი "მშობელთა ხიდი". "ახალი თაობა" კავშირის ხელმძღვანელ თეონა ყაჭეიშვილს ესაუბრა", - წერს სტატიის ავტორი.
"მოვიპოვეთ იაპონიის გრანტი, შენობა გავაკეთეთ და ვიწყებთ სოციალური საწარმოს მოწყობას. შეტევა იყო ჩვენ შენობაზე. დაცვა გავაძლიერეთ, საკუთარი ხელფასით ავიყვანეთ დაცვა. პოლიციაც ჩავაყენეთ საქმის კურსში. მიუხედავად ამისა, მეორე სართულს კიბე ბიადგეს, ბარბაროსულად ნაჯახებით გატეხეს ფანჯრები და ასე შეიპარნენ. 15 ოჯახია, პოლიცია იყო, მაგრამ ვერ ერევა ამ საქმეში - პროკურატურის დონეზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრასო, ასე გვითხრეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თეონა ყაჭეიშვილი და და შეკითხვას - "საიდან იცოდნენ თავისუფალი ფართის შესახებ?" - პასუხობს:
"არ იძახიან ამას. ამბობენ, უბნელებმა გვითხრეს, რომ იყო საჯარო სკოლის შენობაო. ორი კორპუსია - ერთი არის რეაბილიტირებული, სადაც ჩვენ ვიმყოფებით და მეორეა ავარიული, სადაც არაფრით არ შეიძლება შესვლა. მეც კი ვერ შევდივარ. ამ ორ კორპუსს საერთო აქვს დენი, წყალი. სველი წერტილები. ეს ხარჯი წამოვა ჩვენზე. გვპირდებიან, რომ რეაბილიტირებულ შენობაში, სადაც "ცენტრია", არ შემოვლენ, მაგრამ გარანტია არ მაქვს, რომ იქაც არ შემოვლენ".
"გუშინ სხდომაზე მთავრობამ სხვადასხვა დაწესებულებაში შეჭრილი მოქალაქეების პრობლემების გადაჭრის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომლის განხორციელება უკვე დაწყებულია - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. მისი ინფორმაციით, გუშინ ღამის მდგომარეობით სხვადასხვა ობიექტზე შეჭრილი ადამიანების რაოდენობა 1660-ს შეადგენს", წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით დავით დარახველიძე: "აუცილებლად გამოვავლენთ თაღლით დევნილებს".
"ყველა მათგანთან სოციალური აგენტები მივლენ, აღწერენ და შეავსებენ კითხვარებს. კითხვარები, გარდა იმ ინფორმაციისა, რაც სოციალურად დაუცველ ადამიანთა მონაცემების ბაზაში არსებობს, მოგვცემს დამატებითი ინფორმაციის მიღების საშუალებას, რათა მოხდეს დიფერენცირება - რამდენია რეალურად ღარიბი და რამდენი - ხელოვნურად მიკედლებული. სამწუხაროა, რომ ასეთი არცთუ ცოტაა! ანკეტირება იმ ინფორმაციასაც მოგვცემს, რომ გავარკვიოთ, რით შეიძლება მათ დამატებით დავეხმაროთ. ყველაზე მთავარი ამოცანა კი გახლავთ ის, რომ გამოვყოთ ბიუჯეტი, რათა ყველაზე გაჭირვებული ოჯახების ბინის ქირით დაკმაყოფილება დავიწყოთ", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. მისივე ინფორმაციით, 50 ობიექტიდან, სადაც სოციალურად დაუცველი მოქალაქეები არიან შეჭრილი, 16 ობიექტზე სოციალური აგენტები უკვე მივიდნენ და აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეების ინტენსიური ანკეტირება მიმდინარეობს", - აღნიშნავს გამოცემა.
"დევნილების მიერ სხვადასხვა შენობებში შეჭრა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მატარებელია. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს კომისიების მუშაობა, რომლებიც პერსონალურად სწავლობენ ოჯახებს და მათ მდგომარეობას, ხოლო პარალელურად ინტენსიურად დაიწყება საგამოძიებო მოქმედებებიც. "ამ მდგომარეობით თავად დევნილები არიან შეწუხებული. ისინი ხვდებიან, რომ ორგანიზებულ ძალასთან გვაქვს საქმე. არსებობენ კონკრეტული პირები, რომლებიც ცდილობენ ხელი მოითბონ სხვის გაჭირვებაზე", - ამბობს დარახველიძე, რომლის განმარტებით, მათ, ვინც ამ თაღლითურ სქემაში არიან ჩართული, აქვთ კონკრეტული სახელები და გვარები, რომლებიც თავად დევნილებმა მიაწოდეს", - დასძენს გამოცემა.
"ერთი მხრივ, გამოვლინდებიან თაღლითები, რომლებიც უკვე მერამდენედ ცდილობენ ასეთი სიტუაციით სარგებლობას, ხოლო შემდეგ ამ ფართების გაქირავებას ან გაყიდვას. მეორე, რაც მოხდება, გამოვლინდებიან ნამდვილად შეჭირვებულები და მათი პრობლემების გადასაწყვეტად სერიოზულად ვიფიქრებთ. სიტუაციის გამძაფრება არ არის გამოსავალი. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მატარებელი პრობლემა. მყისიერად ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. ამიტომ მოვუწოდებ მათ, ნუ განაგრძობენ ასეთ ქმედებებს. ჩვენ ცივილური ურთიერთობები გვაქვს მათთან, თუმცა როდესაც დანაშაულის ნიშნები ყოველგვარ ზღვარს გასცდება, სახელმწიფო იძულებული იქნება დაიცვას როგორც დევნილებისა და სხვა მოქალაქეების ინტერესი, ასევე წესრიგიც", - განაცხადა მინისტრმა. მისი განმარტებით, ვისაც დაუმტკიცდება, რომ უკანონოდ აქვს ფართი დაკავებული, მათი გამოსახლება მოხდება ცივილიზებული ფორმით. კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები დევნილების ფართებით უზრუნველყოფა კი ორი წლის ვადაში განხორციელდება", - წერს სტატიის ავტორი.