პანიკა ბირჟებზე - რა ელის საწვავის ფასს მსოფლიოში და საქართველოში?

პანიკა ბირჟებზე - რა ელის საწვავის ფასს მსოფლიოში და საქართველოში?

საუდის არაბეთში მომხდარი მასობრივი თავდასხმის გამო, მსოფლიო სანავთობო კრიზისი წინაშე აღმოჩნდა. შავი ოქროს ფასი ელვისებურად გაიზარდა და ბირჟებზეც პანიკაა. სხვა ქვეყნებთან ერთად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება საქართველო, რადგან გაძვირების ტალღას ვერც ადგილობრივი მომხმარებელი გადაურჩება.

საუდის არაბეთში კომპანია „არამკოს“ ქარხანაზე, ასევე კურაისის ნავთობპროდუქტის რეზერვუარზე შეტევები უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა, რის შემდეგაც ორივე ლოკაციაზე ხანძარი გაჩნდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა იემენში ამბოხებულმა შიიტმა ჰუსიტებმა აიღეს. მათი განცხადებით, საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმისთვის 10 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.

საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, საუბარია საუდის არაბეთის ეროვნულ ნავთობგადამამუშავებელ კომპანია „საუდიარამკოს“ კუთვნილ აბკაიკესა და ჰურაისეს საბადოებსა და იქვე განლაგებულ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე. 14 სექტემბერს მოიერიშე დრონებით მათზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

ახალი თავდასხმებისა და კიდევ უფრო დიდი დანაკარგების შიშით, საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვება გაანახევრა და ახლა ქვეყანაში ყოველდღიურად მხოლოდ 5 მლნ ბარელ ნავთობს მოიპოვებენ და ამუშავებენ.

მსოფლიო ბაზარზე პანიკა შეიქმნა და ნავთობი მყისიერად გაძვირდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ნავთობის რეზერვების გახსნისა და გამოყენების განკარგულება გასცა. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, თავდასხმა ფასის ზრდას გამოიწვევს და ამის თავიდან აცილების მიზნით, მარაგი უნდა გამოიყენონ.

თეთრი სახლის წარმომადგენელი მაიკ პომპეო კი ტერორისტული თავდასხმის უკან ირანის კვალს ხედავს.

„თეირანი საუდის არაბეთზე დაახლოებით 100 თავდასხმის უკან დგას და ეს ხდება მაშინ, რომდესაც როუჰანი (ირანის პრეზიდენტი) და ზარიფი (ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი) თავს ისე გვაჩვენებენ, თითქოს დიპლომატიური გზებით ცდილობენ საკითხის მოგვარებას. დეესკალაციის მოთხოვნის ფონზე ირანმა უპრეცენდენტო თავდასხმა განახორციელა, რომელიც მიმართული იყო მსოფლიოს ენერგომომწოდებლებზე“, - აღნიშნა პომპეომ და დაამატა, რომ იგი მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს, რათა ირანმა პასუხი აგოს თავის ქმედებებზე.

მსოფლიო ბირჟებზე ნათობი უკვე 13%-ით გაძვირდა, ვითარება ჯერჯერობით უმართავია. დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება საქართველოც, სადაც მალე საწვავის გაძვირებაზე დაიწყება საუბარი. საცალო ქსელში კი ბენზინისა და დიზელის ფასი ისედაც ისტორიულ მაქსიმუმზეა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილ ნავთობის გაძვირების გამო, საქართველოში საწვავის ფასზე შესაძლო გავლენის შესახებ საუბრობს. მისი აზრით, ჯერ დასკვნების გამოტანა ნაადრევია. საერთაშორისო ბირჟებზე ვითარება საკმაოდ რთულია და შესაძლოა, ითქვას არაპროგნოზირებადი.

„საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი იზრდება, შესაბამისად, საუდის არაბეთი უახლოეს პერიოდში ნავთობის მოპოვების რა მოცულობით აღდგენას შეძლებს, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორი ფასები გვექნება გლობალურ ბაზარზე. ნავთობის მოცულობა, რომელსაც საუდის არაბეთი ამ ეტაპზე ვერ მოიპოვებს, საკმაოდ დიდია. ვითარება საკმაოდ რთულია და შესაძლოა, ითქვას არაპროგნოზირებადი. არავინ იცის, ეს ფასები სადამდე წავა და შესაბამისად ჩვენ მთლიანად ამ პროცესებზე ვართ დამოკიდებულები. ჯერ მხოლოდ ერთი დღეა გასული, რაც ეს პროცესი დაიწყო, ამიტომ საქართველოში საწვავის ფასის ზრდაზე საუბარი, ჯერ ნაადრევია“, - აღნიშნა მთვრალაშვილმა.