რა ხდება ციხეში?
"რუსთავის სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულებაში პატიმრები ციხის ახალი ადმინისტრაციის დანიშვნას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ახალი უფროსი მათ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაშია შემჩნეული. სასჯელაღსრულების მინისტრის თქმით კი, ინციდენტი ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს უკავშირდება, რომლებიც სიტუაციის მართვას ცდილობენ. გუშინ მთელი დღის განმავლობაში უფლებადამცველები და მონიტორინგის ჯგუფის წევრები მე-16 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. მათი თქმით, ამ დროისთვის დაწესებულებაში სიტუაცია მართვადია, თუმცა საკმაოდ დაძაბული, რაც შესაძლოა სხვა ციხეებისთვისაც გადამდები იყოს. უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე კი ამბობს, რომ პატიმართა პროტესტი უსაფუძვლო არ უნდა იყოს და სასჯელაღსრულების სამინისტრომ და გენინსპექციამ დროული რეაგირება უნდა მოახდინოს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ქურდების" კონტრრევოლუცია / "კრიმინალური ავტორიტეტები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ დავძაბავთ სიტუაციას, თუ თავისუფლება არ გვექნებაო".
"პატიმართა სრული შემადგენლობა გამოხატავს პროტესტს ციხის ახალი დირექტორისა და მის მიერ დანიშნული თანამშრომლების მიმართ. უკვე გადმომცეს იმ 22 თანამშრომლის სია, რომლებიც მხილებულები არიან პატიმრების მიერ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში. პატიმრები აცხადებენ, რომ ეს თანამშრომლები მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ახალი დირექტორი დაინიშნა. ამავე დროს გამოხატავენ პროტესტს ახალი დირექტორის, ლევან აბურჯანიას მიმართაც, ვინაიდან პატიმრების ნაწილი მას ცემაში ამხელს 2006-2007 წლებში პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის დროს თბილისის ერთ-ერთ რაიონში. ასევე რამდენიმე პატიმარი აცხადებდა, რომ აბურჯანიამ მათ ნარკოტიკული ნივთიერება უკანონოდ პირადად დაუდო. მსჯავრდებულების მოთხოვნაა, გათავისუფლდეს დირექტორი და ადმინისტრაციის 22 თანამშრომელი. ვფიქრობ, მათი მხრიდან ეს მოთხოვნა ლეგიტიმურია და გენინსპექციამ და სასჯელაღსრულების სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე.
"პატიმრებს აქვთ პრეტენზია ე.წ. სამლოცველო საკნებში დილის საათებში ცისკრის ლოცვაზე დასწრებაზე. ითხოვენ როგორც ადრე იყო, იგივე პრინციპი აღდგეს და დაუშვან პატიმრები სამლოცველო საკნებში. რაც შეეხება სატელეფონო ზარებს, ძალიან ხშირ შემთხვევაში სატელეფონო ხაზი დაზიანებულია და ახალ ქსელებზე დარეკვას ვერ ახერხებენ. ამასაც ადმინისტრაციის შეგნებულ მოქმედებას მიაწერენ. ვფიქრობ, საკმარისი საფუძველი დაგროვდა იმისთვის, რომ ბატონი სოზარ სუბარი პირადად დაინტერესდეს საკითხით და მიიღოს გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბატონ სოზარს იმ 22 თანამშრომლის გათავისუფლება მოუწევს. რაც შეეხება მის მიერ ახლად დანიშნულ დირექტორს, ალბათ საფუძვლიანი მოკვლევა უნდა ჩაატაროს და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. არ შეიძლება პროცესის დროში გაწელვა, ამით შეიძლება დღევანდელი ხელისუფლების მტერმა ისარგებლოს და გაუთვალისწინებელი პროვოკაციები დაიგეგმოს. ამ დროისთვის სპეცრაზმი ციხეში შეყვანილი არ არის", - დასძენს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
"შეხვედრა მქონდა მინისტრის მოადგილე გიორგი წერეთელთან და გენინსპექციის უფროსთან მირზა სუბელიანთან. ჩვენ ყველა ერთად ვესაუბრეთ ციხის დირექტორს, ლევან აბურჯანიას, რომლის მიმართაც 3 ათას მსჯავრდებულს აქვს პრეტენზია. ყველა შევჯერდით იმ აზრზე, რომ ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრების მიმართ სიხისტეს ჰქონდა ადგილი, ცხადია, პატიმრების აღშფოთება უსაფუძვლო არ იყო. რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომ "ქურდული მენტალიტეტის" მქონე პირები ცდილობდნენ სიტუაციის მართვას, სიმართლეს არ შეესაბამება. ვფიქრობ, რომ ბატონ სოზარს არ ჰქონდა სრული ინფორმაცია, როცა ამას ამბობდა. "ავტორიტეტები" ამ პროცესებს ემიჯნებიან. აქ ადგილი აქვს თანამდებობის გადამეტებას და არა "ავტორიტეტების" მიერ ციხის კონტროლის მცდელობას", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მონიტორინგის ჯგუფის წევრი ლალი მოროშკინა
"მაქვს 3000 პატიმრის ხელმოწერილი წერილი, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ აბურჯანიას მხრიდან მუქარას ჰქონდა ადგილი და სპეცრაზმის შეყვანის მცდელობა იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც ციხეში სამინისტროს წარმომადგენლები მოვიდნენ, ყველანაირი სადამსჯელო რაზმის შეყვანა და ოპერაცია გამოირიცხა. თუ სიტუაციის მართვა დროულად არ მოხდა, შესაძლოა, პროცესი უფრო მასშტაბური გახდეს და სხვა ციხეებსაც გადაედოს. ამაში "ნაცმოძრაობის" აგრესიული ფრთის ჩარევის მცდელობას ვხედავ. საბოტაჟური ჯგუფის გარდა არავის ინტერესში არ არის ციხეებში სიტუაციის არევა! მთლიანად დაბლოკილია ჯანდაცვის სისტემა, გუშინ ახალი წარმომადგენელი დაინიშნა და იმედი მაქვს სასწრაფოდ მოგვარდება ეს პრობლემა. არა მარტო შიდსით დაავადებული პატიმრები ვერ იღებენ მედიკამენტებს, არამედ ჰეპატიტით და ტუბერკულოზით დაავადებულებიც. ციხეში ასევე არ არის მედპერსონალი", - ამბობს ლალი მოროშკინა.
"მსგავსი მცდელობა, პატიმრებმა სიტუაციის მართვა რომ შეძლონ, ბათუმშიც შეინიშნება. დაჟინებული მოთხოვნები აქვთ, არის მუქარები, რომ ყელს გამოვიჭრით, თუ ამ მოთხოვნებს არ დაგვიკმაყოფილებთო. ისეთი სურათი იქმნება, რომ უკვე პატიმრების მხრიდან არის იერიში ციხის პერსონალზე, პირდაპირ აგინებენ და შეურაცხყოფას აყენებენ თანამშრომლებს. ამას "მოძველბიჭო ელემენტები" აკეთებენ. ისეთი პროცესები იწყება, რომ ბევრმა შესაძლოა მუშაობას თავი დაანებოს. პატიმრის უფლებების დაცვა არ ნიშნავს იმას, რომ მას იმ უფლებებზე მეტი მიეცეს, რაც საჭიროა. სიტუაციის მართვა სამინისტროს მხრიდან უნდა მოხდეს", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე და ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის წევრი პაატა შავაძე.
"საკანონმდებლო ბაზა საჭიროებს დახვეწას, რომ მსგავსი სიტუაცია აღარ განმეორდეს. რა უნდა "ბრიტვას" კამერაში? როგორც ბანაობის დღე აქვს პატიმარს გამოყოფილი, ასევე უნდა ჰქონდეს გაპარსვის დღეც. ბლაგვი საგნების და სამართებლის შეტანა კამერებში დაუშვებლად მიმაჩნია. გამწარებულ ადამიანს სუიციდის მცდელობაც შეიძლება ჰქონდეს. სიტუაციის მმართველი თავიდან ბოლომდე სასჯელაღსრულების სამინისტრო და ციხის ადმინისტრაცია უნდა იყოს და არა ე.წ. მაყურებლები. ავტორიტეტი ამ შემთხვევაში ციხის ადმინისტრაცია უნდა იყოს, ოღონდ კარგი გაგებით, მის სიტყვას ძალა უნდა ჰქონდეს. როცა ის თავის სიმაღლეზე იქნება, თავს "მაყურებლები" და "ავტორიტეტები" ვერ წამოწევენ", - აღნიშნავს პაატა შავაძე.
"რას აპირებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა მინისტრმა გუშინ კატეგორიულად განაცხადა, რომ რუსთავის #16 დაწესებულების დირექტორის, ლევან აბურჯანიას სამსახურიდან გათავისუფლებას არ აპირებს - "დაწესებულებაში მოთავსებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ დავძაბავთ სიტუაციას, თუ თავისუფლება არ გვექნებაო. დღეს მოითხოვეს, რომ დირექტორი წავიდეს, რადგან პირველ წინადადებაზე არ წავედით. ასეთ მოთხოვნას არ გავითვალისწინებთ, მაგრამ თუ რომელიმე თანამშრომელი კანონს და ვინმეს უფლებას დაარღვევს, პირველი, ვინც მის მიმართ მკაცრ ღონისძიებას გაატარებს, მე ვიქნები", - განუცხადა სუბარმა ჟურნალისტებს. მისივე განცხადებით, "არ უნდა ავყვეთ იმ თამაშს, რომელიც კრიმინალურმა სამყარომ შეიძლება შემოგვთავაზოს", - წერს სტატიის ავტორი.
"ეს ძალიან მარტივი სქემაა - სააკაშვილი ყოველდღე უშვებს ციხიდან კრიმინალებს, რომლებსაც ასრულებინებს იმ დავალებას, რაც მას სურს: იმიტომაც გახშირდა ძარცვა, მანქანების გატეხვა, თავდასხმა ბანკებზე. გახშირებულია შიმშილობის ფაქტები ციხეებში და მიმაჩნია, რომ სოზარ სუბარის სამინისტროსთან სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ანტიკრიზისული ჯგუფი, რომელიც პირადად იმუშავებს ადეკვატურობას აცდენილ პატიმრებთან. იმდენად მძიმეა პატიმრების ვითარება, რომ აფექტში შეიძლება მართლაც დაუშავონ რამე საკუთარ თავს. ძნელი იქნება გარკვევა, ეს იყო აფექტში მომხდარი თვითდაზინებები თუ დავალება აქვთ მიღებული", - აცხადებს ლალი მოროშკინა გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნაციონალები ციხეში ბუნტს გეგმავენ! / ლალი მოროშკინა: "ჩვენ გვყავს სახსრებში, ძვლებსა და წელში გადატეხილი პატიმრები".
"ასეთივე დირექტივები მიღებულია ლტოლვილებთან დაკავშირებითაც - მათ ჰყავთ ათასკაციანი ბრიგადები, რომლებიც იჭრებიან სხვადასხვა დაწესებულებებში და ისინი გეგმის მიხედვით მუშაობენ. იმიტომ აქვს მკურნალიძეს მოლოდინის რეჟიმი, რომ ახლა აირევა ციხე და ამბობს, ისევ ჩვენი დასალაგებელი იქნება ციხეში მდგომარეობაო. მინდა დავაფიქსირო "კანონიერი ქურდების" პოზიცია, რომლებიც აბსოლუტურად ემიჯნებიან იმ კრიმინალურ ვითარებას, რაც ახლა მძვინვარებს ქალაქში და ამბობენ, რომ ესეც არის ნაცმოძრაობის დაკვეთით შესრულებული საქმე და არავითარ შემთხვევაში ისინი ამაში არ ერევიან და მენიშნა, რომ პატრიარქი პირველად ამ პატიმრებთან მივიდა. აქედან არ ირევა დღეს სიტუაცია, არამედ ირევა ნაცმოძრაობის აქტიური ფლანგიდან, რომელიც მუშაობს ისრაელში დაკვეთილ კრიზისულ ჯგუფთან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლალი მოროშკინა და შეკითხვას - სახალხო დამცველის პოსტზე ვის უჭერთ მხარს და რატომ?" პასუხობს:
"ღრმა პატივისცემას გამოვხატავ გელა ნიკოლეიშვილისა და ლია მუხაშავრიას მიმართ. ორივე საოცარი მეომარია, მაგრამ არ შემიძლია დიმიტრი ლორთქიფანიძეზე არ ვთქვა - ასეთი სუფთა ადამიანი, თანაც შვიდი შვილის მამა და ორი შვილიშვილის ბაბუა ამ ასაკში არ მინახავს. 4-5 ათასი პატიმარი ერთად მოვინახულეთ, ყველას საქმეები იცოდა, რა მუხლით არიან გასამართლებული, მათი ოჯახის წევრებს იცნობს! როგორი რუტინული სამუშაო უნდა გასწიო ადამიანმა, რომ ეს ყველაფერი თავში ჩაეტიოს. ჩვენ პირველად ბავშვებთან შევედით და ვერ აღვწერ, რა სითბოს აფრქვევს ეს ადამიანი..."