"ბატონები წიკლაური, ოჩიაური, ქალბატონი ჩიორა თაქთაქიშვილი და ზოგიერთი მათი თანამებრძოლი რომ აშკარად მოუმზადებელი შეხვდნენ დამარცხებას, ეს მათ სახეზეც ეტყობოდათ და პოლემიკის ტონალობაზეც. ის ტაქტიკა, რომლის დემონსტრირებაც მოახდინა უმცირესობამ, კონტრპროდუქტიული იყო - მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ ბატონი წიკლაურის პირად-შეურაცხმყოფელი, საპარლამენტო პოლემიკისათვის უცხო და ამაზრზენი გამოხტომა, ან ბატონი ოჩიაურის აბსოლუტურად "აპოლიტიკური", გულწრფელად შეუგნებელი და გულუბრყვილოდ უადგილო ვარიაციები პატრიოტიზმზე ან ბატონი ბობოხიძის გულამაჩუყებელი თხოვნა-შეგონებები", - აცხადებს დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ცინცაძე: "ბევრი ხმაურიანი და სენსაციური სასამართლო პროცესი გველის".
"მონოპოლისტურად მშვიდმა ცხოვრებამ ნაციონალურ მოძრაობას ბრძოლისუნარიანობა დაუქვეითა. ნაციონალების საპირწონე რეალური ძალა ჰორიზონტზეც არ ჩანდა. ჰოდა, ირწმუნა მმართველმა პარტიამ, რომ მის თავზე სულ ასე უღრუბლო იქნებოდა ცა. ის რაც ახალი პარლამენტის მუშაობის პირველსავე დღეებში ვიხილეთ, საფუძველს იძლევა, რომ ეჭვს ქვეშ დავაყენო ყოფილი მმართველი პარტიის მარგი ქმედების კოეფიციენტი. გავიმეორებ: უახლოეს ეტაპზე, როდესაც ახალი ხელისუფლებისადმი ნდობა ძალზედ მაღალია, საპარლამენტო უმცირესობის აგრესიულ-გაღიზიანებულ პოზაში დარჩენა მათვისავეა წამგებიანი. წამგებიანია ასევე პენსიებისა თუ ხელფასების ზრდის კონკრეტული ვადებისა და გრაფიკის კატეგორიული მოთხოვნა როგორც ჩანს, მალე მართლაც გაიაფდება დენისა და გაზის გადასახადი...", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე
"თუ გამარჯვებულების მიერ გახმოვანებული განზრახვები და თუნდაც "კეთილი სურვილები" ვისმეში უნდობლობას იწვევს, ვერდიქტის გამოტანა დროს უნდა მივანდოთ ჩვენც და ოპოზიციამაც. არადა სულ უპრობლემოდ შეეძლო საპარლამენტო უმცირესობას საკუთარი ფუნქციაც შეესრულებინა, "სახეც შეენარჩუნებინა" და უმრავლესობასთან სამომავლო თანამშრომლობის (თუნდაც მხოლოდ საკუთარი ინტერესების ჩარჩოში) მყარი წინაპირობაც შეექმნა - როდესაც პარტიის ლიდერმა პრეზიდენტმა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა ახალი მთავრობა და მისი პროგრამა, ამით მან "სახის შენარჩუნების" იდეალური შანსი მისცა საკუთარ უმცირესობას. თუ უკანასკნელი, თუნდაც უამრავი წინაპირობებითა და დათქმებით, კბილებს შუა გამოსცრიდა თანხმობას და ხმას მისცემდა მთავრობას, ამით არაფერს არ წააგებდა არც ქვეყნის მთელი მოსახლეობისა და არც საკუთარ მომხრეთა თვალში, ვინაიდან საპარლამენტო ოპოზიციის წილი პასუხისმგებლობა უკვე აღებული ჰქონდა საკუთარ თავზე პრეზიდენტს", - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვას - "საზოგადოებაში აქტიურად მუსირებს ყოფილი მმართველი პარტიის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ მოვლენათა ასეთი განვითარება?" - პასუხობს:
"ასეთ განწყობას ბევრწილად შეუწყო ხელი საპარლამენტო უმცირესობის იმ ტაქტიკამ, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. მართალია იგივე მსოფლიო პრაქტიკამ იცის პოლიტიკურ პარტიათა კანონგარეშედ გამოცხადების პრეცედენტები, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში არც ეს მეჩვენება მიზანშეწონილად და რეალურად. ზოგი ხალხის ნებასა და "ხალხის სასამართლოზეც" აპელირებს. ცივილიზებულ ქვეყნებში უშუალოდ ხალხი არსად არ ახორციელებს მართლმსაჯულებას, იგი მხოლოდ და მხოლოდ მისი სახელით ხორციელდება. ამაშია პრინციპული განსხვავება. გარკვეული გაგებით "ლინჩის კანონიც" სამართლიანობის აღდგენის კეთილშობილი იდეით იყო ნაკარნახევი, მაგრამ ამერიკელები დღესაც სირცხვილით იგონებენ იმ წლებს. როგორც ჩანს, ბევრი ხმაურიანი და სენსაციური სასამართლო პროცესები გველის ახლო მომავალში და ნუ დავიწყებთ ელმავლის წინ რელსებზე სირბილს, ეს სახიფათოა".
"პირდაპირ გეტყვით, რომ გარკვეული კითხვები მაქვს კოალიციის მომავალთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მართლაც მიატოვებს საჯარო პოლიტიკას. ვიცით, რა აერთიანებს რესპუბლიკელებსა და ალასანიას პარტიას, მაგრამ არ ვიცით სად გადის მათ შორის წყალგამყოფი, ეს კი გადამწყვეტ ფაქტორად იქცევა თავის დროზე. მაგრამ გაცილებით დიდი კითხვის ნიშანი არსებობს გუშინდელი მმართველი პარტიის მომავალთან დაკავშირებით: სულ მალე მის უმაღლეს ლიდერებს საშინელი ბრალდებებისაგან მოუწევთ თავის დაცვა. ღმერთმა უწყის რა დანაკლისით დააღწევს თავს პარტია ამ პროცესს. საუკეთესო შემთხვევაშიც კი ელის მეორე, არანაკლებ მტკივნეული და სარისკო პროცედურა: პრეზიდენტმა კათარზისი ახსენა, რაც თვითგაწმენდასაც გულისხმობს. თუ საძირკველი მოირყა, მასზე ახალ შენობას ვეღარ ააშენებ. გინდ ძველი "პრარაბი" დარჩეს, სამშენებლო მასალა ახალი იქნება საჭირო, ძველი უკვე უიმედოთაა ამორტიზირებული..." - განმარტავს პოლიტოლოგი.