"იურისტებთან კონსულტაციის შედეგად, "ვერსიამ" გაარკვია, რომ შემომწირველი ფიზიკური პირები აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ ადვოკატებს, რათა სასამართლოში სარჩელი შეიტანონ მათი ქონების დაყადაღების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ. არსებობს კიდევ ერთი სამართლებრივი მექანიზმი - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასამართლოს უნდა მიმართოს, რომ მიღებული გადაწვეტილებები შეჩერდეს. თუმცა მათივე თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური სასამართლოს არავითარ შემთხვევაში არ მიმართავს, რადგან მაშინ მოუწევს დაასაბუთოს, რის საფუძველზე ითხოვს ყადაღის მოხსნას და სახელმფიფო აუდიტის სამსახური არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს, რომ თავის დროზე უკანონო გადაწყვეტილება მიიღო", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით უკანონოდ დაჯარიმებული შემომწირველები ლევან ბეჟაშვილის, ნათია მოგელაძისა და მოსამართლეების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ!
"არა მარტო ჩემი, 62 შემომწირველი ფიზიკური პირის ქონებაა დაყადაღებული, რომლებიც იმ პერიოდში ნათია მოგელაძის სადამსჯელო ოპერაციის ქვეშ მოყვნენ. სამწუხაროდ, ჯერ ის დოკუმენტიც ვერ მივუღეთ, რომლითაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღსრულება შეაჩერა. პრაქტიკულად ეს იურიდიული დოკუმენტი შექმნილიც არ არის და მხოლოდ სიტყვიერ გადაწყვეტილებაზეა დაფუძნებული აღსრულების შეჩერება. სახელმწიფომ ჩვენი ქონება უკან დაგვიბრუნა, ოღონდ ეს ქონება ჯერ ისევ დაყადაღებულია. აქ არის მეორე მთავარი პრობლემაც - ერთია, რომ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ რომ უდანაშაულოები ვიყავით, ეს ჯერ არ დამტკიცებულა, ანუ უკანონო ჯარიმის გაუქმებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ნამდვილად არ ვიცი სად არის ნათია მოგელაძე, გაქცეულია თუ გამოქცეული, მაგრამ აუდიტის სახელმწიფო სამსახურთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უკვე გვაქვს - დაზარალებულები ვაპირებთ, პროკურატურას მივმართოთ, რათა ეს საქმე დამატებით გამოიძიონ და შეისწავლონ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი რომან კუსიანი.
"აუდიტის სახელმწიფო სამსახურის დანაშაული დღემდე გრძელდება, რადგან ჩვენი ქონება დაყადაღებულია და ყურადღებას არავინ აქცევს. სასამართლოს ვერ მივმართავთ, რადგან უკვე ორივე ინსტანცია გავლილი გვაქვს. მხოლოდ და მხოლოდ იმის იმედი გვრჩება, რომ ჩვენს მიერ პროკურატურაში შეტანილი საჩივარი ამ საქმეს ახალ გარემოებებს სძენს და შესაძლოა დამატებითი საფუძველიც გახდეს, რათა სასამართლოს მივმართოთ ის "პიარ-კამპანია", რომელშიც ნაციონალურმა მოძრაობამ გვაცხოვრა, წინა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა, ჯერ საზოგადოებას აუწყა, თითქოს ჩვენ მიმართ ჩადნილი მათი დანაშაული გამოსწორებულია, თითქოს ქონება დაგვიბრუნეს კიდეც, მაგრამ სინამდვილეში იგივე მდგომარეობაში ვართ, როგორშიც არჩევნებამდე ვიყავით", - ამბობს რომან კუსიანი.
"დამიკავშირდა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი ქონება გადმოაფორმეს ისევ ჩემს სახელზე. ვკითხე, რის საფუძველზე გადმომიფორმეს, არც ქონების ჩამორთმევა იყო კანონიერი და არც ამ ქონების უკან დაბრუნება. ქონება იმიტომ ჩამომართვეს, რომ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, თითქოს ადმინისტრაციული დანაშაული ჩავიდინე. შესაბამისად, ჩემი უძრავ-მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები დააყადაღეს, ამის შემდეგ ქონება აუციონზე გაიტანეს და გაასხვისეს. ასეთი ქმედებების მოტივაცია ნათელია, სააკაშვილის პოლიტიკური შეკვეთა მისმა გოშიებმა აღასრულეს - ვგულისხმობ აუდის სახელმწიფო სამსახურის ყოფილ უფროსს, რომელიც ახლა პარლამენტის წევრია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პარლამენტის წევრი გიგა ბუკია.
"უკვე დავუკავშირდი ჩემს ადვოკატს და დღესვე შემაქვს პროკურატურაში სარჩელი, რათა ლევან ბეჟაშვილის, ნათია მოგელაძისა და იმ მოსამართლის სისხლის სამართლის საკითხი დადგეს, რომლებმაც ასეთი უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს. საბანკო ანგარიშები ჯერ ისევ დაყადაღებულია და ვერ ვსარგებლობ. კოალიციას იპოთეკური საკრედიტო ხაზიდან გადავურიცხე, მაგრამ ისიც დაყადაღებულია და ვერც იპოთეკურ ვალს ვისტუმრებ. აღსრულების ეროვნულ ბიუროს ვესაუბრე, მაგრამ მითხრეს, რომ აუდიტის სახლმწიფო სამსახურმა უნდა შეცვალოს გადაწყვეტილება, ანუ ბრალდება უნდა მოხსნასო. ამიტომ შევიტან სარჩელს პროკურატურაში ზემოთ დასახელებული პირების წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება - ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოში მსგავსი დრის არასდროს დადგება და დანაშაული არავის ეპატიება", - დასძენს გიგა ბუკია.