2012 წლის შემდეგ სურსათი 40-50%-ით გაძვირდა

2012 წლის შემდეგ სურსათი 40-50%-ით გაძვირდა

ოფიციალურ დონეზეც კი ინფლაცია იმდენად მაღალია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც კი ვეღარ „აბალანსებს“. წლის ყველაზე იაფ თვეში აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებელმა საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.9 პროცენტი შეადგინა. ეკონომისტების აზრით, დეკემბერში ინფლაცია 7%-ს მიაღწევს და ეს მოსახლეობას წელში გაწყვეტს.

„საქსტატის“ მონაცემებით, ბოლო პერიოდში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასი გაიზარდა 8.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.38 პროცენტული პუნქტით აისახა. თვალშისაცემად გაძვირდა ხილი და ყურძენი (18.2 პროცენტი), თევზეული (16.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (12.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.5 პროცენტი), ასევე მინერალური და წყაროს წყალი (4.7 პროცენტი).

ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასი გაიზარდა 13.8 პროცენტით, რაც 0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.

სპეციალისტები საუბრობენ, რომ ფასები ზრდის კუთხით ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა შექმნილი. არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი და ხელისუფლება რას ფიქრობს არავინ იცის. ეკონომისტ ირაკლი მაკალათიას შეფასებით არაოფიციალურ დონეზე ინფლაცია უკვე აღწევს 7%-ს და მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი დღითიდღე ეცემა.

„ინფლაცია საკმაოდ მაღალ დონეზეა, სამწუხარო ისაა, რომ ყველაზე მეტად ფასები სურსათის ჯგუფშია გაზრდილი. ინფლაცია ძირითადი მოხმარების პროდუქტების ინდექსით რომ დგინდებოდეს, ძალიან მაღალ მაჩვენებლს მიაღწევდა. ტრადიციულად „საქსტატი“ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფს „მაშველად“ იყენებს, რადგან ამ მიმართულებით მუდმივად დეფლაციაა.

ჯანდაცვის კუთხითაც ტარიფები გაზრდილია, ასევე საწვავის ფასიც და მომსახურების სხვადასხვა დარგში ყველგან მატებაა. წლების მიხედვით, დინამიკაში ინფლაციას თუ მიმოვიხილავთ, დავინახავთ, რომ ამ პროცესის პარალელურად მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მნიშვნელოვნად იკლებს.

წინასწარ რთულია თქმა, რომ ლარი კიდევ გაუფასურდება და ინფლაცია აუცილებლად გაიზრდება. 9%-იანი ინფლაცია ნამდვილად საეჭვოა, მაგრამ 7%-ს მიაღწევს, არაოფიციალურად ინფლაცია უკვე არის კიდეც ამ დონეზე. ასეთი ტენდენცია თუ გაგრძელდა, უკიდურესად მძიმე სიტუაციას შექმნის, თან, წინ საარჩევნო წელიწადია და ინფლაციის მოთოკვა როგორმე უნდა შეძლონ“, - ამბობს ეკონომისტი.

„საქსტატმა“ გამოაქვეყნა იმ პროდუქტების სიაც, რომელიც ბოლო 7 წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა. საერთო ჯამში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასმა 33%-ით მოიმატა (უფრო მეტად საკვებია გაძვირებული). რასაც 2012 წლის სექტემბერში 300 ლარად იყიდდით, დღეს იგივე შანაძენისთვის 400 ლარი დაგჭირდებათ.

ბოლო 7 წელიწადში ყველაზე მეტად ბადრიჯანი გაძვირდა - 95%-ით, ანუ ფასი თითქმის გაორმაგდა. ასევე თითქმის გაორმაგდა მწვანე ლობიოს და ნივრის ფასი.

78%-ით გაძვირდა ბავშვის საკვები. მაგალითად, თუ 2012 წლის სექტემბერში თვის განმავლობაში ბავშვის საკვების საყიდლად 300 ლარი იყო საკმარისი, ეხლა 534 ლარია საჭირო.

50%-ზე მეტად გაძვირდა ასევე წიწაკა, ხახვი, კარტოფილი, ბრინჯი, ატამი, ფორთოხალი და თევზის კონსერვი.

ხორბლის ფქვილი 39%-ით არის გაძვირებული, პური - 20%-ით, ყველი - 38%-ით, რძე - 35%-ით, ხორცი - 33%-ით, ლობიო - 30%-ით, პომიდორი - 28%-ით, კვერცხი - 15%-ით.

tngh 40%-სა და 50%-ს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა ფასეში. ცოტა უფრო დაზუსტებულად წერეთ ეს ბოღმით სავსე წერილები...
4 წლის უკან
tngh 40%-სა და 50%-ს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა ფასეში. ცოტა უფრო დაზუსტებულად წერეთ ეს ბოღმით სავსე წერილები...
4 წლის უკან