"სააკაშვილი გარემოცვის გარეშე ვერ იარსებებს".

სოსო ცისკარიშვილი - "ყველაზე ღირსეული ნაბიჯი იქნებოდა პრეზიდენტის მიერ რეალობის გაცნობიერების საფუძველზე, მისი მოთხოვნა გადადგომასთან დაკავშირებით... ვფიქრობ, ოჯახის წევრები თუ შეძლებენ მის დარწმუნებას"

"ყოველთვის აკვირვებდა ჩემს საზღვარგარეთელ კოლეგებს, როგორ მოახერხა სააკაშვილმა თითქმის ერთი წლით გაეგრძელებინა საკუთარი უფლებამოსილება. ძნელად წარმოედგინათ ეს, მაშინ როცა დასავლეთში ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ მან 2007 წლის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნით პირიქით შეიმცირა ის! საუბარი კონსტიტუციაში ჩანაწერზე, რომ მხოლოდ ოქტომბერში უნდა იქნეს არჩევნები, მხოლოდ საბავშვო ბაღის მოწაფეებს თუ დააკმაყოფილებთ, როგორ არგუმენტი. თითქოს კონსტიტუცია ბიბლია იყოს, სწორედ იმიტომ დამახინჯდა არსებული სახით, რომ მორგებულიყო ქვეყნის პრეზიდენტის ახირებას", - აცხადებს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურითსოსო ცისკარიშვილი: "სააკაშვილი გარემოცვის გარეშე ვერ იარსებებს".

"ამდენად, როდესაც ქვეყანაში დგება ორხელისუფლებიანობის სრულიად მკაფიო საფრთხე და დასავლეთის მიერ კვლავ დემოკრატად მონათლული სააკაშვილი უკვე ღიად თამაშობს ორმაგ თამაშს: ერთი ხელით წარადგენს ახალ მთავრობას, მეორე ხელით კი უკრძალავს საკუთარ საპარლამენტო გუნდს, მხარი დაუჭიროს მისსავე კანდიდატებს, წარდგენილს პარლამენტისთვის. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ კიდევ უარესი. ეს ნიშნავს, რომ არათუ ქართველი საზოგადოება, არამედ მის მიერვე გაწვრთნილი პარლამენტართა უზრდელი, ცილისმწამებელი გუნდი აღარ ემორჩილება მას, პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ გამოდის და არ აძლევს ხმას იმ მთავრობას, რომელსაც პრეზიდენტი წარადგენს პარლამენტში. მოკლედ, ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე, ასეთ რეჟიმშია დღეს ჩვენი პრეზიდენტი და ვფიქრობ, დროა აღიაროს მან, როდის გადის ხუთწლიანი ვადა. ამიტომ შესაძლოა დეკემბერში ვეღარ მოესწროს ეს საქმე, მაგრამ არა უგვიანეს 2013 წლის იანვრისა, ასეთი არჩევნების გამართვა კიდევ მისცემს შანსს სააკაშვილს, რომ იგი რამე საერთაშორისო სისტემაში ჩაერთოს დემოკრატის იმიჯით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

"რასაკვირველია, რეფერენდუმი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია ახალი ხელისუფლების ხელში. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ რეალობას, რომელშიც იმყოფება ქართველი საზოგადოება და მისი დიდი უმრავლესობა მოითხოვს აუცილებელ პასუხისმგებლობას იმ დიდმოხელეებისა, რომლებიც წლების განმავლობაში მოევლინენ ქართულ სახელმწიფოს ყაჩაღთა, მწამებელთა და ცილისმწამებელთა მანტიით. ამიტომ შედეგი ასეთი რეფერენდუმისა ადვილად გამოსაცნობია. თუმცა უფრო მარტივი შეიძლება იყოს ერთი-ორი გადალაპარაკება უმცირესობის წევრებთან და დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს იმ რაოდენობას დეპუტატებისა, რომელიც საკმარისი იქნება კონსტიტუციური უმრავლესობისთვის. გადალაპარაკებაში ვგულისხმობ უმცირესობის ზოგიერთი წევრისთვის საშუალების მიცემას, გაამჟღავნონ საკუთარი ლტოლვა "ქართული ოცნებისკენ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"მაგრამ მიმაჩნია, ეს იქნება არანაკლები საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის, ვიდრე გახანგრძლივებული ვადა სააკაშვილის პრეზიდენტობისა - თუ ის ისურვებს იყოს ქვეყნის პრეზიდენტი და არა გადაგვარებული ძალის ლიდერი. მას აქვს ინდივიდუალური რესურსი, რომ განახორციელოს პრეზიდენტის ფუნქცია ქვეყანაში, მაგრამ, როგორც ჩანს, მას საკუთარი გარემოცვის გარეშე უკვე უჭირს არსებობა ამქვეყნად. ალბათ ცხარე ცრემლებით დასტირის თავის ფავორიტებს: ადეიშვილს, კეზერაშვილს, შაშკინს და საერთოდ მდუღარე ცრემლს ღვრის ახალაიების მონატრების გამო. ასეთ შემთხვევაში, რასაკვირველია, ის საჯაროდ აცხადებს, რომ ყოველგვარი რესურსი ქვეყნის პრეზიდენტობისა მის მიერ ამოწურულია. აქ კი არის კონსტიტუციური შეუთავსებლობა, მაგრამ წონადობის თვალსაზრისით, რასაკვირველია, ბევრად მნიშვნელოვანია ხუთწლიანი ვადა, ვიდრე ამოჩემებული ერთი თვე. მესმის, რომ ამ კონსტიტუციის შემქმნელ პოლიტიკურ გუნდს დიდი სიმპათიები აქვს იმ მოვლენის მიმართ, რასაც ჰქვია დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია და ჩანს, ნაციონალური მოძრაობა სწორედ ლენინიზმის გზით აპირებს მოღვაწეობის განგრძობას", - დასძენს სოსო ცისკარიშვილი.

"მაგრამ მე მგონი ქართულ პარლამენტარიზმს ამჯერად იმდენად გონიერი ხალხი წარმართავს, რომ არ შეიძლება, ჩავიციკლოთ მაინცდამინც ოქტომბრის თვეში. ჩემი აზრით, აჯობებს, ნურავინ შეიცვლის საკუთარ გუნდს, მაგრამ თუ გამოჩნდება ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას დღევანდელ უმცირესობაში, რასაკვირველია, ეს იქნება ყველაზე დემოკრატიული და სამართლიანი გადაწყვეტილება. ინდივიდუალური მუშაობა უმცირესობის წევრებთან და მათი ინდივიდუალური აზრის საჯაროდ გამოთქმა იქნებოდა საკმაოდ საინტერესო... მხარდამჭერი ერთია და ეს მისასალმებელია, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის ზრდა საკონსტიტუციო დონემდე არცთუ მიმზიდველი ნაბიჯი იქნება ახალი ხელისუფლების დასახასიათებლად", - აცხადებს პოლიტოლოგი და შეკითხვას - "რა პროცესებს ელოდებით ამ საკითხთან დაკავშირებით?" - პასუხობს: 

"ყველაზე ღირსეული ნაბიჯი იქნებოდა პრეზიდენტის მიერ რეალობის გაცნობიერების საფუძველზე, მისი მოთხოვნა გადადგომასთან დაკავშირებით. თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი რეალობა ძნელად წარმომიდგენია, რადგან მან საკუთარ გარემოცვასა და მრჩეველთა ჯგუფში აღარავინ დატოვა, ვისაც რამე ელემენტარული ნდობა მაინც დარჩენია ქართველის საზოგადოებისა. ისე, ვფიქრობ, ოჯახის წევრები თუ შეძლებენ მის დარწმუნებას, რომ სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს".