აგვისტოს ომის ობიექტურად გამოძიების დრო დადგა

აგვისტოს ომის ობიექტურად გამოძიების დრო დადგა

აგვისტოს ომის ობიექტურად გამოძიების დრო დადგა / 2008 წლის თავდაცვითი საჰაერო ომის შედეგები და შეცდომები
"ყველაზე მძიმე შედეგი, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიანმა პერიოდმა საქართველოს დაუტოვა, ის არის, რომ ქვეყნის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული... რა მოხდა სინამდვილეში და რამ მიიყვანა საქართველო იქამდე, რომ მეზობელ ბირთვულიარაღიან რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში ჩართულიყო, - აი, ეს არის მთავარი კითხვა, რასაც დღემდე ობიექტური პასუხი არ გასცემია... სააკაშვილის ხელისუფლებამ თითქოს სცადა, ჩაეტარებინა 2008 წლის ომის ფაქტორების კვლევა და ამისთვის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაც კი შექმნა, თუმცა ამ კომისიის მუშაობის შედეგი ერთგვარი "გაპრავების" მცდელობა იყო, რადგან მან ვერ და არ გამოავლინა მთავარი დამნაშავეები, რაც მოსალოდნელიც გახლდათ, - ქვეყნის სათავეში იგივე ძალა იდგა, ვინც დაუშვა, რომ საქართველო ომში ჩაბმულიყო", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (26 ოქტომბერი - 8 ნოემბერი, 2012) სტატიაში სათაურითაგვისტოს ომის ობიექტურად გამოძიების დრო დადგა / 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან მეოთხე წლისთავზე შეიქმნა ის სიტუაცია, როდესაც შეიძლება დაიწყოს ამ ომის წამოწყების, მიმდინარეობისა და შედეგების ობიექტური გამოკვლევა.

"ამისთვის აუცილებელია პარლამენტში შეიქმნას ახალი საგამოძიებო კომისია, რომელიც მართლაც დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტებითა და სპეციალისტებით დაკომპლექტდება, რათა მათ დაწერონ ის ობიექტური დასკვნა, რასაც ასე მოუთმენლად ელოდება მთელი საქართველო. საგამოძიებო კომისიის მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით უნდა წარიმართოს და მან აუცილებლად უნდა მოიცვას არა მარტო აგვისტოს ომის პერიოდი, არამედ წინა წლებიც, როცა განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ომამდე მიგვიყვანეს.... 2008 წლის აგვისტოს ომის ობიექტური გამოძიება თუნდაც იმიტომ გვჭირდება, რომ მომავალში არც ერთ ჩინოვნიკს თუ სამხედროს არ გაუჩნდეს შეგრძნება, რომ პასუხისმგებლობას დაუძვრება და შერჩება დანაშაული. საქართველოში რომ ჩატარებულიყო 1992-93 წლების აფხაზეთის ომის, 1998 წლის გალის მოვლენებისა თუ 2004 წლის ცხინვალის ომის ობიექტური გამოძიება და დამნაშავეები სათანადოდ დასჯილიყვნენ, 2008 წლის აგვისტოს ომამდე არც მივიდოდით", - აღნიშნავს გამოცემა.

"აგვისტოს ომზე ბევრი დაიწერა და, ალბათ, მომავალშიც დაიწერება. მე, თამაზ მსხალაიამ, შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკმა, აფხაზეთის ომის მონაწილემ (ვეტერანმა), რომელიც იმ დროს ვმსახურობდი სახმელეთო ჯარებში საჯარისო ჰაერსაწინაღო თავდაცვის განყოფილების უფროს ოფიცრად, გადავწყვიტე, მომეთხრო მკითხველისათვის ომის ცალკეული ეპიზოდები, რომელიც, ჩემი აზრით, ყურადღებას იმსახურებს, რადგანაც ზოგიერთმა მოვლენამ უარყოფითი გავლენა იქონია აგვისტოს ომის მსვლელობასა და ომის შემდგომ პერიოდზე", - წერს პოლკოვნიკი თამაზ მსხალაია "არსენალში" გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით საჰაერო თავდაცვის პოლკოვნიკი ალაპარაკდა / ვინ და რატომ გადაყარა "სტრელები" კოდორში...

"...თავდაპირველად მოწინააღმდეგის სამხედრო თვითმფრინავებს დიდად არ შევუწუხებივართ, მაღალ სიმაღლეებზე დაფრინავდნენ, ჩემი აზრით, დასაზვერად. ლბათ, უნდოდათ ჩვენი საარტილერიო ქვედანაყოფების საცეცხლე პოზიციები დაეფიქსირებინათ. ეს ჩემი პირადი აზრია, რადგან რაც იქ ვიყავი, ჩვენი არტილერია არ გაჩერებულა, რის გამოც რუსეთის რეგულარული ჯარები ხეობიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ და დიდი დანაკარგიც ჰქონდათ. 8 აგვისტოს შუადღიდან მოწინააღმდეგის სამხედრო თვითმფრინავებმა უკვე დაბალ სიმაღლეზე დაიწყეს ფრენა იმ იმედით, რომ საკადრის პასუხს ვერ გავცემდით. მათი რაოდენობა 80 ერთეულს აჭარბებდა. იმ დღეს ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა 11 სამხედრო თვითმფრინავი დააზიანეს. ერთი "შილკამ" ჩამოაგდო და ჩვენს მხარეს ჩამოვარდა. როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, ორი თვითმფრინავი "მიწა-ჰაერი" ტიპის სარაკეტო კომპლექსმა და ორიც "ბუკმა" ჩამოაგდო, რომლებიც მერე ცხინვალის ჩრდილოეთით ჩამოვარდნენ, დანარჩენი ექვსი თვითმფრინავი გადასატანმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა დააზიანა. რამდენიმე დაზიანებული თვითმფრინავის ფოტოები მოგვიანებით ინტერნეტით გავრცელდა. მათ რაკეტა ძრავაში ჰქონდა მოხვედრილი", - აღნიშნავს პუბლიკაციის ავტორი და განაგრძობს:

"9 აგვისტოს ვითარება მკვეთრად შეიცვალა, მოწინააღმდეგის სამხედრო თვითმფრინავებმა დილიდანვე მაღალ სიმაღლეებზე დაიწყეს ფრენა, დღის პირველ ნახევარში რაოდენობამ 100 ერთეულს გადააჭარბა. მოწინააღმდეგის სამხედრო თვითმფრინავების უმეტესობა ჩვენ საცეცხლე პოზიციებს უკვე გვერდს უვლიდნენ. ვითარებას ის ართულებდა, რომ საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებს ხშირად უწევდათ ადგილის გამოცვლა, ყოველი სროლის შემდეგ, არსებული რელიეფი კი ხშირი ცვლის მანევრის საშუალებას არ იძლეოდა, ხოლო ის თვითმფრინავები, რომლებიც ჩამოგდების ზონაში შემოდიოდნენ, რათა დაებომბათ ჩვენი პოზიციები, საკადრის პასუხს იღებდნენ, საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა ექვსი სამხედრო თვითმფრინავი დააზიანეს. ერთი ბომბდამშენი Ту-22М3 "ბუკმა" ჩამოაგდო, ერთი თვითმფრინავი "მიწა-ჰაერი" ტიპის სარაკეტო კომპლექსმა. დანარჩენი ოთხი თვითმფრინავი გადასატანმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა დააზიანეს. უნდა ითქვას, რომ თვითმფრინავების უმეტესობა დააზიანეს და ჩამოაგდეს მაშინ, როდესაც თვითმფრინავები უკან ბრუნდებოდნენ. სარაკეტო კომპლექსებმა "ოსამ" ვერც ერთი მიზანი ვერ გაანადგურა, თვით მერაბ ურიდიაც ადასტურებდა, რომ ოთხი თუ ექვსი რაკეტა გაუშვა და არც ერთი არ მოხვედრია მიზანს. საქმე ის არის, რომ სარაკეტო კომპლექსი "ოსა" გასული საუკუნის 60-იან წლებშია გამოშვებული, ის სამუზეუმო ექსპონატი უფროა, ვიდრე საბრძოლო. მას არა აქვს ავტომატიზებული მართვის სისტემა, მხოლოდ ხელის რეჟიმზე მუშაობს. როცა მის შეძენაზე მიდიოდა ლაპარაკი სამინისტროში, ჩვენ ვურჩევდით, უკრაინული, უფრო მოდერნიზებული კომპლექსი "ტორი" ან თუნდაც "ტუნგუსკა" ეყიდათ, მაგრამ არჩევანი მაინც "ოსაზე" შეჩერდა".

"დღის მეორე ნახევარში მტერმა დაბომბა და მწყობრიდან გამოიყვანა გორისა და ფოთის მიდამოებში განლაგებული ჩვენი რადიოლოკაციური სადგურები და საჰაერო სივრცეზე კონტროლი დავკარგეთ. პასიური რადიოლოკაციური სადგური "კალჩუგა" არ მუშაობდა და თუ მუშაობდა, რატომ არ ვიღებდით საჭირო ინფორმაციას, როცა აქტიური რადიოლოკაციური სადგურები გაგვინადგურეს და დაგვაბრმავეს, გაუგებარია. იმავე დღეს დაიბომბა კოპიტნარი, 31-ე ქარხნისა და მარნეულის აეროდრომები", - მოგვითხრობს თამაზ მსხალაია.

"ომმა დაგვანახვა ჩვენი სუსტი მხარეები და უამრავი შეცდომა, თუნდაც ის, რომ გენშტაბის საბრძოლო მოქმედების გეგმა, სადაც გაწერილი იყო ყველა დეტალი, თუ ვის, სად და რა ამოცანა უნდა შეესრულებინა, შესრულების ვადები, შენაერთების გადაადგილების გრაფიკი და სხვ, თაროზე შემოდეს. ეს იმიტომ მოხდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ გენშტაბის ფუნქციები გადაიბარა. იმთავითვე იგრძნობოდა, რომ ომის წარმოების არავითარი გეგმა არ არსებობდა. ერთ ფაქტს მოვიყვან: ეს კარალეთში მოხდა და კიდევ კარგი, რომ ბინდდებოდა და ფრენა არ იყო. ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილზე, 10 მ სიგანის გზაზე, თავი მოიყარეს სხვადასხვა საბრძოლო დანაყოფმა, სხვადასხვა სახის უამრავმა ტექნიკამ და ცოცხალმა ძალამ. იმხელა საცობი შეიქმნა, რომ ეს მოწინააღმდეგის თვითმფრინავებს რომ შეემჩნიათ, 5-დღიანი ომი 5 წუთში დამთავრდებოდა", - აცხადებს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი.

"მინდა შევეხო ერთ საკითხს, რომელიც დღესაც კამათის საგანია, თუ ვინ, სად, როდის და მტრის რამდენი თვითმფრინავი დააზიანა ან ჩამოაგდო. მე გავეცანი ჯარისკაცების იმ პატაკებს, რომლებიც სახმელეთო ჯარების საარტილერიო საზენიტო-სარაკეტო დივიზიონის მეთაურის სახელზე იყო დაწერილი (მეთაური ზაზა რევიშვილი). მასში იყო მითითებული დრო და ადგილი, სადაც დააზიანეს ან ჩამოაგდეს მტრის თვითმფრინავი. მონაცემების მიხედვით, ომის დროს ამ დივიზიონმა დააზიანა და ჩამოაგდო 10 თვითმფრინავი. ჩემი აზრით, მაინც ძნელია ზუსტი მონაცემის მიღება, რადგან როცა თვითმფრინავი ჩამოგდების ზონაში შემოდის, მას სხვადასხვა ქვედანაყოფი ერთდროულად უხსნის ცეცხლს და ძნელია, დაადგინო, რომელმა ქვედანაყოფმა დააზიანა ესა თუ ის თვითმფრინავი. დაზიანებული თვითმფრინავები ახერხებდნენ ზონიდან გასვლას და მათი ბედი ჩვენთვის უცნობი იყო. სწორედ ამ საკითხმა, თუ ვინ, როდის და რამდენი თვითმფრინავი ჩამოაგდო, ომის შემდეგ ამაზრზენი და ბინძური ხასიათი მიიღო. ბევრმა დაუმსახურებლად მიიღო ფულადი პრემიები და ჯილდოები, ხოლო ზოგიერთი ოფიცერი, ვინც სამართლიანობას იცავდა, შემდგომში სხვადასხვა საბაბით ციხეში აღმოჩნდა", - ამბობს გამოცემის რესპონდენტი.

"ომის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში ვითარება დაიძაბა, ეძებდნენ იმ ოფიცრებს, ვისზეც შეიძლებოდა ჯოხის გადატეხა, რათა თავიანთი არაკომპეტენტურობა და სიმხდალე სხვებისთვის გადაებრალებინათ. ოფიცრებს საგამოძიებო განყოფილებებში იბარებდნენ და ღირსების შეურაცხმყოფელ დაკითხვებს უწყობდნენ. ძნელია გადმოსცე სიტყვებით ის დამცირება, რაც ოფიცრებმა გამოვცადეთ. ბაჩო ახალაიას მინისტრად დანიშვნის შემდგომ დაიწყო კადრების მასობრივად, უმიზეზოდ გათავისუფლება, მათ შორის მეც აღმოვჩნდი. 2009 წლის ნოემბერში მივლინებიდან დაბრუნებულმა შევიტყვე, რომ სამი დღის გათავისუფლებული ვყოფილვარ, რა მიზეზით, პასუხი ვერ მივიღე... როგორც სამხედრო სპეციალისტს ომამდე და ომის შემდეგაც, ხშირად მიწევდა მივლინებებში გამგზავრება. ვეცნობოდით თანამედროვე საბრძოლო შეიარაღებას, ძირითადად, საჰაერო თავდაცვის სისტემებს... ჩვენ ომამდე არაერთხელ დაგვიყენებია საკითხი, განეხილათ ჩვენი რეკომენდაცია საშუალო რადიუსის (40-60 კმ) მობილური ავტომატიზებული სითბური რაკეტებით აღჭურვილი რადიოლოკაციური სისტემის შეძენის თაობაზე, რადგან მისი აღმოჩენა ან განადგურება, მობილურობიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია. მოლაპარაკებამ თითქმის ერთ წელზე მეტხანს გასტანა. სამწუხაროდ, მხოლოდ სითბური გადასატანი საზენიტო-სარაკეტო რაკეტები იყიდეს... დასასრულ, მინდა აღვნიშნო ომის დროს ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრების მაღალი საბრძოლო სულისკვეთება, საბრძოლო დავალებების შესრულების პასუხისმგებლობა, რასაც ვერ ვიტყვი ვითომდა სამხედრო საქმის მცოდნე ზოგიერთ მაღალჩინოსანზე და იმ ვაიპოლიტიკოსებზე, რომლებმაც მიგვიყვანეს დღევანდელ შედეგამდე. ახალი მთავრობის მოსვლით იმედია, სამართალი იზეიმებს და ბევრ პატიოსან ოფიცერს საშუალება მიეცემა თავისი სპეციალობითა და ცოდნით ემსახურონ ჩვენს ქვეყანას", - იმედოვნებს პუბლიკაციის ავტორი.

"1992-93 წლებში იმდროინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ომისა და ქვეყნის უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩამოყალიბდა სამხედრო-საზღვაო ძალების მმართველობა თავისი შტაბით (თბილისი), რომლის დაქვემდებარებაშიც იყო შერეული საზღვაო ბრიგადა შტაბით (ფოთი), სადაც გაერთიანდა წყალზედა საბრძოლო, საპატრულო და დამხმარე ხომალდებისა და გემების დივიზიონები, რადიოტექნიკური ასეული, ჰიდროგრაფიული სამსახური, უმცროს სპეციალისტთა მოსამზადებელი ცენტრი, საზღვაო ქვეითთა ბატალიონი, სამხედრო აკადემიის ბათუმის სამხედრო-საზღვაო ფაკულტეტი, ჰოსპიტალი, ლოჯისტიკის სამსახური და ა.შ. თუმცა მომდევნო წლებში საზღვაო ძალების განვითარების პერსპექტიული გეგმების დამუშავებაზე თავი არავინ შეიწუხა, განსაკუთრებით ოქრუაშვილის მინისტრობიდან დაიწყო მისი მიზანმიმართული დანგრევა.  შედეგად, საზღვაო ძალებს ახლანდელ საფრთხეებზე რეაგირება არ შეეძლოთ და 2008 წლის აგვისტოს ომმაც ეს დაადასტურა", - აცხადებს "არსენალის" კორესპონდენტთან საუბრისას კონტრადმირალი ალექსანდრე ჯავახიშვილი, სტატიაში სათაურით საზღვაო ქვეყანას საზღვაო ძალები სჭირდება და შეკითხვას - "2008 წლის ომის შემდეგ საზღვაო ძალები გაუქმდა, ხოლო მცურავი საშუალებები და პირადი შემადგენლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვას გადაეცა. რა მოვიგეთ ამით?" - პასუხობს:

"მოგებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ საზღვაო საზღვრების დაცვასთან დაკავშირებული ძველი პრობლემები ისევ გადაუჭრელი რჩება. ამჟამად რთული მდგომარეობა გვაქვს წყალქვეშა საზღვრების დაცვის საქმეში. არ გვაქვს წყალქვეშა სივრცის გაკონტროლების სტაციონარული და მცურავი საშუალებები, ხოლო წყალქვეშა დივერსანტს თავისუფლად შეუძლია შემოაღწიოს ჩვენს ნებისმიერ პორტში და იქ ისეთი რამ გააკეთოს, რომლის წარმოდგენაც კი შემზარავია. დღეისთვის წყალქვეშა მებრძოლ-დივერსანტებს თითქმის ყველა ქვეყანა ამზადებს და მათ შორისაა რუსეთის შავი ზღვის ფლოტიც, რომელსაც მრავალრიცხოვანი და კარგად მომზადებული კონტინგენტი ჰყავს.  ასეთმა დანაყოფებმა შავბნელი საქმეები შეიძლება ისე გააკეთონ, რომ ჩვენ მათ ვერც აღმოვაჩენთ და ვერც შევებრძოლებით, თუმცა ამის საწინააღმდეგო ბრძოლის ტაქტიკა არსებობს".

"1993 წლიდან ბათუმში საზღვაო აკადემიის ბაზაზე ამოქმედდა სამხედრო-საზღვაო ფაკულტეტი, რომელიც საზღვაო ძალებისა და საზღვაო მესაზღვრეებისთვის ოფიცრებს შტურმანებისა და მექანიკოსების სპეციალობით ამზადებდა. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხერხდა ეროვნული პროგრამით ქართულ ენაზე სამხედრო მეზღვაურების მომზადება და ფაკულტეტის 15 გამოშვებით ჩვენ 177 ლეიტენანტი მივიღეთ. ახლა ზოგიერთი კატარღის მეთაურია და ზოგიც სამსახურს პასუხსაგებ თანამდებობებზე განაგრძობს. 2010 წელს ფაკულტეტი გაუქმდა და საზღვაო ოფიცერთა მომზადება ფაქტობრივად შეწყვეტილია. ამის შედეგია, რომ საზღვაო მიმართულებებზე ხელმძღვანელ თანამდებობებს საზღვაო საქმის უცოდინარი და არაკომპეტენტური პირები იკავებენ და ასე გრძელდება წლიდან წლამდე. პოლიციელები როგორ აღკვეთენ ზღვის მხრიდან აგრესიას, ან როგორ უნდა შეეწინააღმდეგონ მოწინააღმდეგის მტრულ მოქმედებებს", - განმარტავს კონტრადმირალი ალექსანდრე ჯავახიშვილი და დასძენს:

"საზღვაო ძალები არ არსებობს, ამიტომ გამოცდილი სამხედრო მეზღვაურების შესაბამის თანამდებობებზე უკან დაბრუნება უპირველესად სამხედრო-საზღვაო ძალების აღდგენასთან იქნება დაკავშირებული. სასურველი იქნებოდა გამოცდილი მეზღვაურებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც მომავალი საზღვაო ძალების სტრუქტურაზე, შემადგენლობასა და შტატებზე იმუშავებდა. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ გვყავს ისეთი საზღვაო ოფიცრები, ვისაც საზღვაო პრაქტიკასთან ერთად შესაბამისი თეორიული ცოდნაც აქვთ".