"ახალი ხელისუფლება საქართველოდან გაქცეულ და ძებნილ ჩინოვნიკებს ქვეყანაში დაბრუნებისა და სასამართლოს წინაშე წარდგომის შანსს მისცემს. მათ უფლება მიეცემათ თავიანთი საქმეების გადახედვის მოთხოვნით შესაბამის ორგანოებს მიმართონ. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ძებნაში მყოფი ყოფილი ჩინოვნიკები საქართველოში დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ. ასლან აბაშიძე, ლევან მამალაძე, ემზარ კვიციანი, იგორ გიორგაძე - ეს იმ ადამიანთა არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც საქართველოში დაბრუნების სურვილი გამოთქვეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ძებნილ ჩინოვნიკებს გამართლების საშუალება მიეცემათ / "თუ დამნაშავეა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არ უნდა ცხოვრობდეს".
"აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში უკვე დაბრუნდა ემზარ კვიციანის ოჯახი. კვიციანის წინააღმდეგ საქმე უკანონო ფორმირებების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ბრალდებით არის აღძრული. მისი ოჯახის წევრებს სამართლიანი გამოძიების იმედი აქვთ. ქონების დაბრუნებას ითხოვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ლიდერი, ასლან აბაშიძე. სარჩელი სტრასბურგის სასამართლოშია შეტანილი. მას ბრალი თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და შეიარაღებული ბანდფორმირებების შექმნაში ედება. პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ გაქცეული ჩინოვნიკების საქართველოში დაბრუნების ამბიცია ლოგიკურია, რადგან მათ გამოძიების სამართლიანად ჩატარების იმედი გაუჩნდათ. საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თქმით, ყველას, ვისაც განცდა აქვს, რომ მის მიმართ უსამართლო განაჩენი გამოიტანეს, გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, საშუალება მიეცემა სასამართლოს წინაშე წარსდგეს", - აღნიშნავს გამოცემა.
"იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ წინა ხელისუფლების მიერ მათ მიმართ უკანონო განაჩენი იქნა გამოტანილი, სამართლებრივი შესაძლებლობა მიეცემათ, რომ უფლებამოსილ ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართონ. პროკურატურა იქნება ეს, თუ სხვა, ამას მოგვიანებით კანონი განსაზღვრავს. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი საქმეების გადასინჯვა მოითხოვონ, რასაკვირველია, ეს წესი გავრცელდება ყველაზე, ცნობილზეც და უცნობზეც. ის პირი, ან ორგანო, რომელიც უფლებამოსილი იქნება მათი საქმეები შეისწავლოს, თუ მივა იმ აზრამდე, რომ განცხადებაში მოყვანილი არგუმენტები სწორია, სასამართლოში შუამდგომლობით შევა და განაჩენი გაუქმდება", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა, რომლის განმარტებით "ეს წესი შეეხება ყველას, მათ შორის, ასლან აბაშიძეს, ლევან მამალაძეს და სხვებს", - დასძენს გამოცემა.
"საქართველოს მოქალაქეს თავის ქვეყანაში ცხოვრების უფლება ნამდვილად აქვს. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდს არაერთი პოლიტიკური პატიმრის საქმე უკავშირდება და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ზოგიერთი მსჯავრდებული დააპატიმრეს არა სამართლებრივი საფუძვლით, არამედ პოლიტიკური ნიშნით. შესაძლებელია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანა დატოვეს, სწორედ, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებას აარიდეს თავი. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი მათგანის სასამართლო სხდომა განსასჯელის გარეშე ჩატარდა და მათ დაუსწრებლად მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა. ახლა კი, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ამ ადამიანებს მათი საქმეების გამოძიების ობიექტურად ჩატარების იმედი გაუჩნდათ. სასამართლო პროცესები ახლიდან ჩატარდება. ვფიქრობ, რომ ძალიან ლოგიკური იქნება, თუ ეს ადამიანები ჩამოვლენ" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახი კახიშვილი.
"არავის არ აქვს უფლება საკუთარ მოქალაქეს ქვეყანაში ჩამოსვლა და ცხოვრება აუკრძალოს. გასარკვევია, აქვთ თუ არა მათ დანაშაულები ჩადენილი. თუ ამ ხალხმა ჩამოსვლა გადაწყვიტა, ალბათ, სასამართლოს იმედიც აქვთ. სწორედ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მათი ბრალეულობის საკითხი. მთავარია, ადამიანი კანონის წინაშე იყოს სუფთა და თუ დამნაშავეა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არ უნდა ცხოვრობდეს. "ნაცმოძრაობამ", ფაქტობრივად, საქართველოს მოსახლეობის 80% "ჩარეცხა". ისინი მოსახლეობად მხოლოდ თავიანთ თავს და საკუთარ მხარდამჭერებს თვლიდნენ. ადამიანი იყო ან ჩარეცხილი, ან კორუმპირებული, ან საქართველოდან გაქცეული. ეს პოლიტიკა უნდა დასრულდეს", - ამბობს პოლიტოლოგი.
"ბუნებრივია, ამ ადამიანებს აქამდე აკრძალული არ ჰქონიათ საქართველოში დაბრუნება, მაგრამ იცოდნენ პოლიტიზებული სასამართლოსა და პოლიტიზებული გამოძიების მიდგომები, ამიტომაც დატოვეს ქვეყნის საზღვრები. შევარდნაძისდროინდელი ჩინოვნიკები არ ბრუნდებიან თანამდებობებზე. ისინი თავიანთ სახლებში ბრუნდებიან. ქვეყანაში ცხოვრების აკრძალვის უფლება არც სასამართლოს, არც პრეზიდენტს და არც არავის არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ის ხალხი დაბრუნდება რომელთა საქმეებზეც გარკვეული ეჭვები არსებობს, აუცილებლად გამოიძიებენ. დაბრუნებაში კი ხელი არავის არ უნდა შეეშალოს" - განაგრძობს რესპონდენტი.
"როგორც ვიცი, ამ ადამიანებს არ ჰქონდათ განცდა იმისა, რომ მათ საქმეებს განიხილავდნენ არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი ნიშნით. დღეს ეს განცდა გაუჩნდათ. რამდენადაც ვიცი, უმაღლეს თანამდებობებზე მათი დანიშვნის საკითხი არ განიხილება. სამშობლოში დაბრუნება "ნაცმოძრაობის" გაქცეულ წარმომადგენლებსაც შეუძლიათ. დაბრუნდნენ და სასამართლოს კითხვებს პასუხები გასცენ. "ნაციონალები" შევარდნაძისდროინდელ ჩინოვნიკებზე ამბობდნენ, რომ დამნაშავეები იყვნენ და იმიტომაც გაიქცნენ, ახლა კი ყველა ვხედავთ, რომ თვითონაც ზუსტად იგივეს აკეთებენ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი მმართველობის პერიოდში მოსახლეობას ჩამოუყალიბა აზრი, რომ შევარდნაძისდროინდელი გაქცეული ჩინოვნიკები დამნაშავეები არიან და რა ქნას მოსახლეობამ ახლა, რა იფიქროს თავად "ნაცმოძრაობის" გაქცეულ ჩინოვნიკებზე, რახან გაიქცნენ ე.ი დამნაშავეები არიან?! თუ ასე არ არის მაშინ ჩამოვიდნენ და სასამართლოს წინაშე აგონ პასუხი" - დასძენს კახი კახიშვილი.