"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის პარტიის აქტივისტებს ციხეში განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობოდნენ. ამის შესახებ გაზეთ "კვირის ქრონიკას" ციხის სკანდალური კადრების გამავრცელებელმა ვლადიმერ ბედუკაძემ განუცხადა.
"ვადასტურებ, რომ განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ ნინო ბურჯანაძის აქტივისტებს. მე პოლიტიკურ პარტიაში არასდროს ვყოფილვარ დ პარტიული საქმიანობისგან ძალიან შორს ვარ, მაგრამ ბურჯანაძის მიმართ რომ განსაკუთრებული აგრესია იყო, ამას ვადასტურებ. დასცინოდნენ, ჩაუვლიდნენ და წამოაძახებდნენ "ბელ ჩაო!", - აცხადებს ბედუკაძე გაზეთთან ინტერვიუში.
მისი თქმით, პოლიტპატიმრების გაუპატიურების ბრძანებას ძალიან იშვიათად იღებდნენ და ეს მხოლოდ სააკაშვილი-ახალაიას მითითებით ხორციელდებოდა.
"არა პოლიტპატიმრებზე ასეთი მუქარა არ ყოფილა, თუ არ იყო პირადად ახალაიას მითითება, პოლიტპატიმარს ამას არ უკეთებდნენ. ძალიან ზემოდან უნდა ყოფილიყო ამის მითითება, რომ პოლიტპატიმარი გაეუპატიურებინათ. ახალაია-სააკაშვილის მხრიდან ბრძანება ტერაქტზე დაკავებულები ვინც არიან, თითქმის ყველაზე იყო", - აღნიშნა ბედუკაძემ.
როგორც ბედუკაძე აცხადებს, პოლიტპატიმრების მიმართ ძირითადად ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო. ბედუკაძე ნინო ბურჯანაძის დეიდაშვილის ზვიად ბერაძის დაკავებს იხსენებს, რომლის მიმართაც ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლის ბრძანება ჰქონდათ მიღებული.
"როგორც ჩანს, ფსიქოლოგიურად მომზადებული იყო ამ დღისთვის, რომ მას ციხეში სხვანაირად დახვდებოდნენ და შევატყვე თავი სხვანაირად ეჭირა, ანუ ის ელოდა ჩვენგან ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ჩვენ ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის არ მიგვიყენებია, ის იყო ე.წ. "ფუქსში" (ერთ კვ.მ ფართი, სადაც ცარიელი კედლების მეტი არაფერია)", - ყვება ბედუკაძე.
მან ასევე ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთ-ერთი წევრის დაკავება გაიხსენა, რომელსაც სამართალდამცავები ცოლ-შვილის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთ-ერთ წევრს თანამშრომლები დახვდნენ, გააჩერეს მისი მანქანა, სადაც იჯდა მისი ცოლ-შვილი და არ მინდა ამ პიროვნების დასახელება, პოლიციელებმა ბავშვების თვალწინ სცემეს, ჩაუდეს ნარკოტიკი, იარაღი და მოიყვანეს საშინლად განადგურებული", - ყვება ბედუკაძე.