"იმედის" წართმევისა და უკან დაბრუნების აქამდე გაუხმაურებელი დეტალები

რა მოხდა "იმედში"? რა გარიგება შედგა სააკაშვილს, პატარკაციშვილსა და მას შორის? როგორ გამოიყენა ის "ნაციონალურმა" ხელისუფლებამ? და რა წვლილი აქვთ ამ საქმეში დავით კეზერაშვილსა და ვანო მერაბიშვილს?

ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე ამერიკაში მყოფი ჯოზეფ ქეი "ქრონიკასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ყვება:

- თქვენ ბოლო განცხადებაში აღნიშნეთ, რომ საქართველოში უამრავი პიროვნებაა, ვისაც ძალადობისა და მუქარის შედეგად აიძულეს, ძველი ხელისუფლების გაძლიერებაში წვილი შეეტანათ და ერთ-ერთი მათგანი სწორედ თქვენ ხართ. პირველ რიგში, იქნებ, დაგვიკონკრეტოთ, რას გულისხმობთ ამაში? ხელისუფლების რომელი მაღალჩინოსნები ახორციელებდნენ თქვენზე ძალადობას და მუქარას, რა სახის და საბოლოოდ რა წვილი შეგატანინეს მათ გაძლიერებაში?
- ვიღაცისთვის პარადოქსული იქნება ჩემი პასუხის პირველი ნაწილი. მიუხედავად იმისა, რაც ბოლო წლებში გადავიტანე, მაინც თამამად შემიძლია ვთქვა, - მე ბედნიერი ადამიანი ვარ! რადგან მყავს ექვსი უსაყვარლესი შვილი, მეუღლე, სამი შვილიშვილი, მშობლები, დები, დისშვილები, ერთი სიტყვით, დიდი მოსიყვარულე ოჯახი და, თუნდაც, ამ გადმოსახედიდან ეს უფლის წყალობა და ჩემი ყველაზე დიდი შენაძენია. ბადრის გარდაცვალებამდე ახლობელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი რა იყო, არ ვიცოდი... და ჩემი უმთავრესი პრობლემებიც დაიწყო! თუმცა იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, რა შედეგები მოყვებოდა ამას, პირველ რიგში, ჩემთვის პიროვნულად, ჩემი ოჯახისთვის და შემდეგ ჩემი ბიზნესისთვის.

რას ვგულისხმობდი, როცა ვთქვი, ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვისაც წინა ხელისუფლების გაძლიერებაში მიმიძღვის წვლილი-მეთქი? - პირველ რიგში "იმედს" და იმ 200 მილიონს, რომელიც საქართველოში ჩამოვიტანე.

კონკრეტული სახელები და გვარები გაინტერესებთ? - მიხეილ სააკაშვილი და მისი დავალებით, მაგალითად, მაშინდელი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი. საერთოდ, სერიოზული ბიზნესისა და ბიზნესმენების მართვის კონტროლის "საინტერესო" სქემები ჰქონდათ შემუშავებული, მაგრამ ეს, ალბათ, უკვე შემდგომი საუბრის თემაა...

- და მაინც, რა მოხდა ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებით? ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი თქვენ ხელისუფლებასთან კავშირში და ქონების წართმევაში გადანაშაულებდათ. საბოლოოდ, თქვენ კომპანია გაყიდეთ, შემდგომ კი ის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, სააკაშვილთან დაახლოებული პირის, გიორგი არველაძის ხელში აღმოჩნდა.
- ნოემბრის ცნობილ მოვლენებამდე საქართველოს ხელისუფლებასთან ზუსტად ის ურთიერთობა მქონდა, რაც ყველა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელს, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო - დიფერენცირებულიც. ნოემბრის შემდეგ ბადრისა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა და ამის წინაპირობა ყველამ ვიცით. ჩემთვისაც მძიმე პერიოდი დადგა. ბადრი მძიმე მორალურ და სამართლებრივ სიტუაციაში აღმოჩნდა. ჩემი დეიდაშვილი ძალიან ჭკვიანი და გონიერი ადამიანი იყო და იცოდა, თუნდაც დროებითი ზავის მისაღწევად ხელისუფლებასთან მოლაპარაკება იყო საჭირო.

მთავრობა ბადრის მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტისთვის და მისი ბიზნესების ხელშეუხებლობის გარანტად ტელევიზიას ითხოვდა. იმ პერიოდისთვის ტელევიზია ნომინალური მფლობელის ხელში იყო, რომელიც რეალურად არ მართავდა და არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებდა. მთავრობისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ფორმალურადაც და ფაქტობრივადაც ისეთი ადამიანის ხელში ყოფილიყო ეს აქტივი, რომელსაც თავად ექნებოდა რამე დასაკარგი, ან მათი კლანის წევრი იქნებოდა. ბადრი შარანგიას კანდიდატურა შესთავაზეს, არ დათანხმდა. მე ორივე მხარისთვის მისაღები აღმოვჩნდი, ბადრისთვის რატომ ეს მე და მან ვიცით მარტო. მთავრობისთვის კი მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც ამ დროისთვის საქართველოში უკვე ბევრი ჰქონდა დასაკარგი.

ეს მოლაპარაკება ინტენსიურად მიმდინარეობდა, ორივე მხარე ჩქარობდა. თითქმის ყველაფერზე შევთანხმდით. მე შევხვდი პრეზიდენტს, მივიღე მისგან ბადრის, ჩემი ბიზნესებისა და ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტია. ჩემი მხრივ, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის 5 წლით მართვის უფლების გადაცემაზე თანხმობა. სანამ საბუთები მომზადდებოდა და ოფიციალურ სახეს მიიღებდა ეს გადაწყვეტილება, დავტოვე საქართველო, აშშ-ში ჩემს ერთ-ერთ დეველოპერში ფიშერ აილენდზე დავბრუნდი.

რამდენიმე დღეში ბადრი გარდაიცვალა...

მითხრეს, ბადრი კი მოკვდა, მაგრამ მისი ოჯახი, შენ და თქვენი ბიზნესები ცოცხალია, ეს საქმე უნდა დაასრულოო. იქ იყო ისეთი საუბრები, რომლებზეც ახლა აპელირება არ მინდა.

აი, ეს არის სიმართლე, რომელიც, მე ვიტყვი თუ არა, ადრე თუ გვიან, მაინც გაირკვევა.

ეს გარიგება დავასრულე.

ამის შემდეგ თითქმის ყველაფერი თავდაყირა დადგა: ორმხრივ ცეცხლში აღმოვჩნდი, საქართველოს ხელისუფლებამ უკიდურესად დაძაბა სიტუაცია ჩემსა და ბადრის ოჯახს შორის. ჩვენი ტრაგედია სათავისოდ გამოიყენეს. მოჯადოებულ წრეში აღმოვჩნდი. მე, ასე ვთქვათ, "გამაშავეს": თითქოს ბადრის "ყალბი" ანდერძით მისი აქტივების ხელში ჩაგდება მინდოდა. ის აქტივები, რომელსაც მე ვფლობდი 2003 წლიდან, თითქოს ბადრის იყო და მე ვეპატრონებოდი, ეს არა მხოლოდ ჩემს ბიზნესაქტივებს, არამედ პირად ქონებასაც კი შეეხო.

ანდერძის თემას რაც შეეხება, ისევ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: 1. "იმედი" არანაირად არ უკავშირდება ანდერძს და ჩემს ეკზეკუტორობას. ეს მოლაპარაკებისა და გარიგების თემა იყო. ჯაოშვილს თავის წილ აქციებში ფული გადავუხადე; 2. ანდერძის აღმასრულებლის ფუნქცია გამოვიყენე მხოლოდ ორჯერ, ერთი - ბადრის სიცოცხლეშივე წართმეული მთაწმინდის პარკის თემის დასასრულებლად - ეს გიგი უგულავას ისტერიული მოთხოვნა იყო და მეორე - ბადრიმ თავისი დაღუპული მეგობრის შვილებს თანხა დაუტოვა და მის აღებაში დავეხმარე.

სამყაროში ვერავინ ვერსად იპოვის სხვა დოკუმენტს, სადაც, მე როგორც ეკზეკუტორი, ბადრის ქონებას რამე ფორმით განვკარგავ.

ისევ "იმედს" დავუბრუნდეთ: ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა - ნათესაობას, პარტნიორებს დამაპირისპირა. საზოგადოებისთვის კი ჩემგან შავი ოდიოზური პერსონა შექმნეს. შემდეგ ეს ყველაფერი მე შემომიბრუნეს. ნელ-ნელა გეგმაზომიერად ანადგურებდნენ და ითვისებდნენ ჩემს ბიზნესს...

2009 წელს კი გამომიცხადეს: სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩემთვის "იმედი" წაერთმია. მოტივი იყო შემდეგი - ინა ყველგან გებრძვის, გაშავებს და ტელევიზიაც შეიძლება წაგართვას, ამიტომ ის საიმედო ხელში უნდა იყოს. მე ამის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ეს არ იყო ჩვენი შეთანხმება და 5 წელიწადში მე "იმედი" უნდა დამებრუნებინა. თავისი გეგმის შესრულება შეძლეს. როგორ? ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.

- თქვენ რჩებით "იმედის" 10%-იანი წილის მფლობელად. აპირებთ თუ არა, დაუბრუნოთ ეს წილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს?
- ამის თაობაზე მე განცხადება თითქმის ერთი კვირის წინათ გავაკეთე: "რაც შეეხება "იმედის" თემას: დღეს შექმნილი სიტუაცია 2011 წლის 6 ივლისს "პატარკაციშვილების ოჯახსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების" გაგრძელებაა. მიუხედავად ამისა, მზად ვარ, დღეს ჩემს სახელზე არსებული 10% ტელეკომპანიის დღევანდელ მფლობელებს უპირობოდ გადავცე და ვიმედოვნებ, "იმედის" მთავარი პრიორიტეტი საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიული ფასეულობების დაცვა იქნება".

- თქვენი ინფორმაციით, მიუხედავად ხელისუფლებასა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა, რატომ დაუთმო ხელისუფლებამ ტელეკომპანია ოჯახს?
- 5 წლის შემდეგ ბადრის ოჯახს "იმედი" დაუბრუნდა, მართლაც ყველაფერი ღვთის ნებაა. საქართველოდან წამოსვლის შემდეგ ვაკვირდებოდი მოვლენებს, აქედან რაღაცები ცოტა სხვანაირად ჩანს. თუმცა ამას დრო გვიჩვენებს და ახლა ამაზე დაბეჯითებით საუბარი არაკორექტულია. მით უფრო, რომ მომავალში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს.

ინაც სააკაშვილის მძევალია. გრიფით - "საიდუმლო" ხელშეკრულების გასაჯაროება, ალბათ, რბილად რომ ვთქვა, ჩემ გარდა არავის აწყობს, მაგრამ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა ერთს დანამდვილებით ვიტყვი: ბორის ბერეზოვსკის ფაქტორის გამორიცხვა არ შეიძლება, თანაც ვიცით, როგორი ჰარმონიული ურთიერთობები ჰქონდა ყოფილ ხელისუფლებას ბადრის ყოფილ პარტნიორთან.

- თქვენს განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ხელისუფლებამ სამხედრო ძალით წაგართვათ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. იქნებ, გვითხრათ, რა მოხდა კონკრეტულად, რომელი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ ამ პროცესში და მაშინ რატომ არ განაცხადეთ ამის შესახებ? მით უმეტეს, როცა თქვენ დატოვეთ ქვეყანა და საფრთხე აღარ გემუქრებოდათ?..
- 2011 წლის 6 ივლისს 17.35 წუთზე დაცვის პოლიციის მაშინდელი უფროსის, კახა ლეგაშვილის მეთაურობით რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში სპეცრაზმი შევიდა. თანამშრომლებს შენობის 15 წუთში დატოვება მოსთხოვა. საფუძველი ვანო მერაბიშვილის სიტყვიერი ბრძანება იყო.

მე, ამერიკის მოქალაქეს, შემეძლო დამეტოვებია ქვეყანა, თან წამეყვანა მეუღლე და შვილები, მაგრამ ჩემი ახლობლებისთვის, მეტ-ნაკლებად, უსაფრთხო გარემო უნდა შემექმნა; ეს გარანტია ჩემი დუმილი იყო!

- კიდევ რა აქტივებს ფლობდით საქართველოში, რომელიც წაგართვეს? რა გზით განხორციელდა წართმევა და ვინ მონაწილეობდა ამაში?
- საქართველოში 2003 წლიდან ვმოღვაწეობ: "რუსთავის მეტალორგიული ქარხანა", "ინვესტბანკი", აგარის შაქრის ქარხანა, სამშენებლო კომპანია "ნოლა", "ლოგოსი", "7სკყ", ეროვნული სტადიონის 30 წლით მართვის უფლება, მიწის ნაკვეთები, მაგალითად, სადაც ახლა იუსტიციის სახლია აშენებული და სხვა წვრილმანი აქტივი.

ის სქემები და მეთოდები, რითაც ის ხელისუფლება მოქმედებდა, მართლაც ცალკე საუბრის თემაა. "ვირტუოზულად", გეგმაზომიერად ახორციელებდნენ ამას. მოდით, ესეც ჩვენი შემდეგი საუბრის თემა იყოს.

მთელი ეს წართმევა-ჩამორთმევის პროცესი ქართულ ზღაპარს მაგონებს. "ერთი ბარტყი გადმომიგდეს" პრინციპით ყველაფერი წაიღეს და ბოლოს ჩემი სიამაყე - რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.

- ბოლო პერიოდში გავრცელდა განცხადება, რომ თქვენ ამერიკაში ავტოსკოლაში ასწავლით. არის თუ არა ეს სიმართლე და ამჟამად რა ბიზნესებს ფლობთ?
- ბოლო პერიოდში, მე და ჩემი ოჯახი, ძირითად დროს ლოს-ანჯელესთან ახლოს პატარა ქალაქში, ვესტლეიქ ვილიჯში ვატარებთ. აქ საუკეთესო სკოლები, მშვიდი და უსაფრთხო გარემოა, იდეალურია ბავშვებისთვის.

თითოეული მოსახლე თავს ვალდებულად მიიჩნევს, თავისი წვლილი შეიტანოს ქალაქის ცხოვრებაში. შემომთავაზეს, მეც გამეკეთებინა რაღაც - უსაფრთხო ტარების აკადემიაში ინვესტიციის ჩადება მთხოვეს. აქ ინსტრუქტორები, ძირითადად, არიან პედაგოგები, პოლიციელები, მეხანძრეები, ყოფილ პასტორსაც ნახავთ. ეს სკოლა 10 წელზე მეტია, არსებობსო, რაზეც, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანმხდი. სხვათა შორის, ჩემი მეშვეობით შეიძინეს სპეციალური პროგრამა, სიმულატორები, თანამედროვე ტექნიკა-ტექნოლოგიები... ეს ჩემთვის ქველმოქმედებაა. ქალაქის მერიისა და პოლიციის დეპარტამენტის ეგიდით ყოველწლიურ ღონისძიებაზე - "ყოველ 13 წუთს" - ჩავატარე ლექციები ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო ტარების თემაზე. მე მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილური საქმიანობაა.

დღესდღეობით ამერიკაში რამდენიმე სამშენებლო ბიზნესში მაქვს ინტერესი, ეკოლოგიურ პროექტში ჩინეთში, ვფლობ ბუნებრივი რესურსების საბადოებს ლიბერიაში. გასართობი ბიზნესიც მაინტერესებს (თუმცა არა კაზინო) და იქნებ ამ მიმართულებითაც რაღაც გავაკეთო უახლოეს მომავალში.