საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე საბჭო სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის 9 თვით შემცირებას გეგმავს

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე საბჭო სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის 9 თვით შემცირებას გეგმავს

"მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის პოსტი უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო 20 იანვარს უნდა დატოვოს - "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო საბჭოს ქმნის, რომელმაც ამ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად საკონსტიტუციო შესწორება სასწრაფოდ უნდა მოამზადოს. როგორც ამ საბჭოს ერთ-ერთი წევრი, სამართლის დოქტორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მთავარი სახელმწიფო მრჩეველი და სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წევრი ნინო ნიშნიანიძე აცხადებს, "არსებობს კონსტიტუციის გადასინჯვის წესი. 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა შეგროვდეს და გადასინჯვა შესაძლებელია. მგონია, რომ საქართველოში 200 ათასზე მეტი ადამიანიც კი მოიძებნება, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მომხრე იყოს". ნინო ნიშნიანიძე ამავდროულად გურამ შარაძის ოჯახის ადვოკატიცაა და ამიტომაც შარაძის მკვლელობის ხელახალი გამოძიების დაწყებაზეც საუბრობს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე საბჭო სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის 9 თვით შემცირებას გეგმავს / შარაძეების ოჯახის ადვოკატი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მთავარი სახელმწიფო მრჩეველი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა თანამდებობა 20 იანვარს უნდა დატოვოს.

"ჩვენ ვაცხადებთ, რომ გურამ შარაძის მკვლელობა პოლიტიკური იყო. ის ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე იყო, ყველა ეროვნულ და სახელმწიფოებრივ საკითხს ის ძალიან მწვავედ და კვალიფიციურად ეხმიანებოდა და ასეთი ადამიანი ყოველთვის სახიფათოა ტოტალიტარული რეჟიმისათვის. კონკრეტულად თუ რის გამო მოკლეს, დათა ახალაიას უნდა ჰკითხოთ, რომელსაც დაუგეგმავს ეს. ის რომ თავად არ გადაწყვეტდა ამას და ვიღაცის დავალებას ასრულებდა, ალბათ ფაქტია. შარაძის მკვლელობის თემის გარდა, არის მეორე საკითხიც - უახლოეს მომავალში იქმნება საბჭო, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვას გეგმავს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტ სააკაშვილს არა ნოემბერში, არამედ იანვარში უნდა ამოეწუროს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა. საკონსტიტუციო საბჭო აღმასრულებელი და საკანონმდებლო უფლებამოსილების გამიჯვნის საკითხებზე იმუშავებს. შემოთავაზება მივიღე და აუცილებლად ჩავერთვები", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნინო ნიშნიანიძე.

"საკითხი ასე დგას - პრეზიდენტს მომავალი წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო ვადა ეწურება. კონსტიტუციაში არის მეორე ნორმა, რომ არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ანუ, პრეზიდენტს ოქტომბრამდე აქვს უფლებამოსილება. ეს ორი ნორმა ურთიერთსაწინააღმდეგოა. ამდენად, ეს ჩანაწერი აბსურდულია და ამაზე ხმა ყველამ უნდა ამოიღოს. ვფიქრობ, რომ არ შეიძლება, პრეზიდენტ სააკაშვილს პრეზიდენტობის ვადა ფორმალურად გაუხანგრძლივდეს. მან პრეზიდენტობის პოსტი უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით იანვარში უნდა დატოვოს. ეს უფლებამოსილების მიტაცებაა და ამიტომაც საზოგადოება და კონსტიტუციონალისტები ერთად უნდა დადგნენ, რომ ამის შეცვლა მოხდეს. არსებობს კონსტიტუციის გადასინჯვის წესი. 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა შეგროვდეს და გადასინჯვა შესაძლებელია. მგონია, რომ საქართველოში 200 ათასზე მეტი ადამიანიც კი მოიძებნება, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მომხრე იყოს", - ამბობს ადვოკატი.

"მართალია, "ქართულ ოცნებას" პარლამენტში არ ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ მას ჰყავს ამომრჩეველთა უდიდესი არმია, რომელიც ასევე უფლებამოსილია, თავისი ხელმოწერებით მოითხოვოს კონსტიტუციის გადასინჯვა და ცვლილებების შეტანა. 200 ათასი ამომრჩეველი არის საკანონმდებლო კონსტიტუციური ნორმის გადასინჯვის ინიცირების უფლებამოსილების მქონე პირი. მათ შეუძლიათ, ასეთი მოთხოვნა შეიტანონ და ეს კონსტიტუციის ნორმებში აისახოს. თუმცა, ეს ცვლილება, რა თქმა უნდა, პარლამენტმა უნდა მიიღოს და არ მგონია, რომ პარლამენტი ასეთი გაურკვეველი და ორაზროვანი ნორმების მომხრე იყოს. თანაც, როდესაც საზოგადოებში იქნება მოთხოვნა და დიდი მუხტი, ეს დეპუტატებზეც მოახდენს გავლენას და შესაძლებელია, პარლამენტმა ამ ცვლილებას დაუჭიროს მხარი", - მიიჩნევს ნინო ნიშნიანიძე.

"საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ და მხოლოდ იმ სარჩელს იხილავს, როდესაც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში საკანონმდებლო აქტი ან ნორმატიული აქტია. აქ კი თავად კონსტიტუციაა წინააღმდეგობაში, კონსტიტუციის ნორმებია არასწორი და ამ შემთხვევაში პაპუაშვილის უწყება არ არის უფლებამოსილი, ასეთი დავა განიხილოს. ფორმალური გაგებით, ორივე ნორმა სწორია. სამართალში არის ასეთი ტერმინი - "ფორმალური გაგება", მაგრამ, როდესაც პრეზიდენტს ვადა 20 იანვარში უმთავრდება, უფლებამოსილება არ უნდა გაუგრძელდეს. საკონსტიტუციო კომისიამ რატომ გაუგრძელა ვადა, არ ვიცი. ალბათ, ავთო დემეტრაშვილი გააკეთებს კომენტარს", - დასძენს რესპონდენტი.

"ჯერ ოფიციალური მიწვევა არ მაქვს. თუმცა ვიცი, რომ საკონსტიტუციო ჯგუფში იქნებიან მინდია უგრეხელიძე, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მდივანი ოთარ ბენიძე. თუკი პოლიტიკური ნება იქნება, ცვლილება ძალიან მალე შეიძლება მოხდეს. მესმის, რომ დიდია საზოგადოების ინტერესი, თუმცა, ზუსტ ვადებს ვერ დავასახელებ. ვიცით, რომ კონსტიტუციური კანონის მიღებას, კონსტიტუციის შესწორებას დღევანდელ პარლამენტში 100 დეპუტატი სჭირდება. რადგან დღევანდელი უმრავლესობა არ არის 100-კაციანი, ამიტომაც 200 ათასმა ამომრჩეველმა უნდა დასვას ეს საკითხი, მოითხოვოს კონსტიტუციის გადასინჯვა. ამ ხელმოწერების მოგროვება ერთ თვეშიც არის შესაძლებელი. შემდეგ კი მოთხოვნა პარლამენტში შევა. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება კი პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს აქვს და ამაში დაბრკოლება არ არსებობს. როდესაც პარლამენტს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება, საყოველთაო სახალხო განხილვისათვის ის უნდა გამოქვეყნდეს და გამოქვეყნებდან ერთი თვის შემდეგ იწყება განხილვა. ბოლოს კი აუცილებლია, კონსტიტუციის შესწორებას პარლამენტის წევრთა 2/3-მა დაუჭიროს მხარი", - განმარტავს ნინო ნიშნიანიძე.