ვინ შემოუგდო სააკაშვილი ჟვანიას - რუსებმა თუ ამერიკელებმა და რატომ შეუწყო მის აღზევებას ხელი შევარდნაძემ?!
"თავის გუნდში სააკაშვილის მოყვანით ზურამ საფლავი გაითხარა"
"ბარამიძემ რაც ჟვანიას გაუკეთა, იმის მერე რა მიკვირს?"
"ერთმა პოლიციელმა ჩემს მეუღლეს უთხრა, - დავალება გვაქვს, რომ გაგაგიჟოთო"
"ქართული ლაპარაკის გაგონებაზე ტანში ჟრუანტელი მივლის, ისე ვარ მონატრებული. როგორც ბოლო მოვლენებიდან ჩანს, მალე დავბრუნდები სამშობლოში. ღვთის წყალობით, მჯერა, რომ ასე იქნება", - ასე დაიწყო საუბარი ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა ლევან მამალაძემ, რომელიც უკვე 9 წელია, სამშობლოში არ ყოფილა.
- მას შემდეგ, რაც ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარე გახდა და თავისი მინისტრები დანიშნა, შევარდნაძესა და ჟვანიას შორის სიტუაცია დაიძაბა. მე 1994 წლიდან ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულად ვმუშაობდი. ყველა დაჯგუფება ცდილობდა, წინ წაწეულიყო პარლამენტსა და პარტიაში. ჟვანიასა და შევარდნაძის ინტერესები ერთმანეთს დაშორდა. ჟვანიას პრემიერმინისტრობა უნდოდა, შევარდნაძეს კი თავისი თამაშის წესები ჰქონდა. დაპირდებოდა ვინმეს თანამდებობას და არ ნიშნავდა, აკვირდებოდა პროცესებს. შევარდნაძისა და ჟვანიას დაპირისპირება ამის გამო კონფლიქტად იქცა. ჟვანიას კახა თარგამაძესა და სხვა მინისტრებთანაც გაუმწვავდა ურთიერთობა.
1995 წელს ჟვანიამ მოულოდნელად თავის გუნდში მოიყვანა მიხეილ სააკაშვილი, სიით პარლამენტში შეიყვანა და "მოქალაქეთა კავშირის" ფრაქციის თავმჯდომარედ დასვა. არავინ იცოდა, ვინ გაუწია სააკაშვილს ჟვანიასთან რეკომენდაცია. ამის გამო ზურას გუნდში განხეთქილება დაიწყო. ყველა კონფლიქტი სააკაშვილის მეშვეობით ღვივდებოდა. ვერავინ გაიგო, რატომ ხდებოდა სააკაშვილის აღზევება, ეს საკითხი საბჭოზეც რამდენჯერმე განიხილეს. შეიძლება ზურა ფიქრობდა, - ბიჭების წინ წამოწევას მიშას საშუალებით დავაბალანსებო. მიშას რაიმეს ეტყოდა, ის გამოვარდებოდა და ყვიროდა. ზურას გარემოცვაში სააკაშვილზე კარგს არავინ ამბობდა. ფაქტია, რომ თავის გუნდში სააკაშვილის მოყვანით ზურამ საფლავი გაითხარა. ეგონა, მიშას გამოვიყენებო და ბოლოს თვითონ აღმოჩნდა მის ხელში. გასარკვევია, ვინ შემოუგდო სააკაშვილი ჟვანიას - რუსებმა თუ ამერიკელებმა და რატომ შეუწყო მის აღზევებას ხელი შევარდნაძემ.
დღეს ვინც ტაშს უკრავს სააკაშვილს, ხან შინ მაკითხავდა და ხან სამსახურში - გვიშველეო.
- მაინც ვინ მოდიოდა?
- მიშა მაჭავარიანი, დათო ტყეშელაშვილი... არ მინდა ყველა დავასახელო. მაჭავარიანმა ერთხელ მითხრა, - ჩქარა დავჯგუფდეთ, თორემ სააკაშვილი ყველას დაგვაპირისპირებსო. მაჭავარიანი მე მოვიყვანე "მოქალაქეთა კავშირში", როდესაც ახალგაზრდულ ფრთას ჩავუდექი სათავეში. სტუდენტობის მეგობარმა გიორგი მაისურაძემ გამაცნო (დღეს ის გერმანიაშია პროფესორი) - აქტიური ბიჭია, კომკავშირში მუშაობდა და გამოგადგებათო. შემომთავაზეს, პარტიაშიც და პარლამენტშიც ჩვენი გუნდი ცალკე გამოვყოთ და ჟვანია მიხვდება, რომ ანგარიში ჩვენ უნდა გაგვიწიოსო. ჩემი ძალა სჭირდებოდათ. მაშინდელ პარლამენტში 20-კაციანი ჯგუფი მყავდა. დავიწყე გუნდის ჩამოყალიბებაზე მუშაობა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ვინც ჩემთან დახმარების სათხოვნელად მოდიოდა, კურდღლებივით განზე გახტნენ და მე და ჟვანია შეგვატოვეს ერთმანეთს. ზურასთან დაძაბული საუბარი მქონდა, მაგრამ არ ჩამიშვია ისინი, ვინც დახმარებას მთხოვდა. ვუთხარი, შენი თანაგუნდელები ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა სააკაშვილია, რომელიც მათ მიუქსიე-მეთქი.
პარტიაში სიღრმისეული რღვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჟვანიამ გადაწყვიტა, შევარდნაძეს შეწინააღმდეგებოდა. არ ვიცი, ჟვანიამ რა მოილაპარაკა რუს ექსპერტებთან, რომლებიც არჩევნებისთვის ჰყავდა მოწვეული. შემომთავაზეს, - შევარდნაძეს ვერაფერი შევასმინეთ, ამიტომაც უნდა განვუდგეთ და ჩვენთან იყავიო. უარი ვუთხარი, რადგანაც სახელმწიფოს საწინააღმდეგო მზაკვრული გეგმა ჰქონდათ. მიპასუხეს, - აი, ნახავ, რაც მოხდება. ისეთი რამეები მოგეკერება, ვერ ჩამოიშორებ და ყველასთვის მიუღებელი გახდები. უპირველესად, შევარდნაძეს "მოქალაქეთა კავშირს" წავართმევთო. დაიწყეს გეგმის განხორციელება. მთავარი შემსრულებელი სააკაშვილი იყო. შევარდნაძე აიძულეს, გადამდგარიყო "მოქალაქეთა კავშირის" თავმჯდომარეობიდან. შევარდნაძეს პირობას უყენებდნენ - თუ ამას აქ არ დანიშნავ და იმას იქ, აღარ დაგიცავთ და ქართველი ხალხი გადაწყვეტს თქვენს ბედსო. თითქმის მთელი მედია ხელში ჰქონდათ და ამას ადვილად ახერხებდნენ. ისინი უკვე ახორციელებდნენ ქართველი ხალხის ფსიქოპოლიტიკური მართვის გეგმას, რომელიც რუსეთიდან ჩამოყვანილმა პიარტექნოლოგებმა (თუ სპეცსამსახურის თანამშრომლებმა) შეუქმნეს. ამ ბრძოლაში ჩავები და ჟვანიას გუნდს სასამართლოს გზით პარტია წავართვი. ამის მერე მიშამ შექმნა "ნაციონალური მოძრაობა".
ჩემი საწინააღმდეგო ბინძური პიარი რომ დაიწყო, სააკაშვილს პეროვსკაიაზე, კაფეში, შევხვდი. ჩვეული მანერით მესაუბრა. თვალებში არ მიყურებდა, იცინოდა - შენთან პრობლემები არ მაქვს, ზურას გეგმის თანახმად ვმოქმედებთო. მიმანიშნა, რომ ჩემთან დაპირისპირება მისი ინიციატივით არ ხდებოდა.
ქართველი ხალხი ბრბოდ გადააქციეს ტელევიზიების საშუალებით. ჰქონდათ ტელევიზიების რეკლამებით დაფინანსების სქემა. მათთან დაახლოებული ჟურნალისტები და გაზეთების წამყვანი კორესპონდენტები კარგად იყვნენ, მათი ქმრები კი ინიშნებოდნენ საბაჟოზე, საგადასახადოსა თუ სხვაგან. მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი მათ სასარგებლოდ და ჩემს წინააღმდეგ მუშაობდა. ეს გუნდი მედიის კონტროლითა და არჩევნების გაყალბების სქემებით ემზადებოდა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ამ დროს ოქროს თემა წამოსწიეს.
"მადნეულში" ქართულ-ავსტრალიური კომპანია "კვარციტი" მუშაობდა. წლების განმავლობაში ეს საწარმო ბიუჯეტში მცირედს იხდიდა და წამგებიანი იყო. ჩემი ინიციატივით მოხდა ამ საწარმოს რეორგანიზაცია და იქ დირექტორად ზურაბ ლობჟანიძე დაინიშნა. ახალი დირექტორის მისვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ "კვარციტი" თანხებს ითვისებდა და ვალს ადებდა "მადნეულს", ავსტრალიურ მხარეს 10 მლნ ლარზე მეტი უნდა გადაეხადა ქართული მხარისათვის. ეს კონტროლის პალატის ოქმებშიც არის დაფიქსირებული. ავსტრალიელები სასწრაფოდ დაუკავშირდნენ სააკაშვილს, რომელსაც ჰყავდა ლობისტური ჯგუფი და ჰქონდა საადვოკატო კანტორა, მას ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა. სააკაშვილი ავსტრალიელებს მოელაპარაკა, - ეს 10 მლნ სახელმწიფოს დავადოთ ვალადო. ავსტრალიელთა ერთმა წარმომადგენელმა მითხრა, რომ ამაში სააკაშვილი იყო დაინტერესებული და თანხის გარკვეულ ნაწილს მიიღებდა. საქმე განსახილველად სტოკჰოლმში წაიღეს, მაგრამ იქ ავსტრალიელების სარჩელი არც კი მიიღეს. მათ 10 მლნ სახელმწიფოს სასარგებლოდ ვალი დაედოთ. სააკაშვილი გაგიჟებული იყო. მთავრობის სხდომებზე შევარდნაძეზე ზეწოლას ახდენდა, როგორც იუსტიციის მინისტრი, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ამას ჩემს წინააღმდეგ კამპანიის გამწვავება მოჰყვა. მედიაში გამოჩნდა ჩემი ფოტოები, სადაც ოქროს ზოდები მიჭირავს ხელში. არადა, ამ ფოტოებზე ჟვანია და სააკაშვილი იდგნენ ჩემს გვერდით. საწარმოს სტუმრებს ვაჩვენებდით და ასეთ სამახსოვრო ფოტოებს ვიღებდით ხოლმე. ამ პერიოდში სამჯერ გავუმართე სააკაშვილს დებატები და სამჯერვე ეთერიდან გაიქცა.
- იმდროინდელ პრესაში აქტიური თემა თქვენი აფრიკაში ნიანგებზე ნადირობა იყო...
- ნადირობას ვერ ვიტან. ცხოველის მოკვლა არ მიყვარს. ეგ კი არა, ხორცსაც არ ვჭამ. ეს ბინძური პიარი იყო.
2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებზე კოალიცია "ერთიანი საქართველოსათვის" სიაში მე-6 ნომერი ვიყავი. თან ბოლნისის მაჟორიტარი გავხდი. ვესწრებოდი უშიშროების საბჭოს სხდომებს და კარგად ვიცი, ვისთან რა მოლაპარაკებები იყო რევოლუციის თუ გადატრიალების წინ. ამ თემაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ.
რადგან არ მომეშვნენ, გაცლა ვამჯობინე და რევოლუციის შემდეგ მოსკოვში, იურიდიული აკადემიის ასპირანტურაში ჩავაბარე. თუმცა "რუსთავი 2"”იქაც დამდევდა. სიუჟეტი გააკეთეს, - მამალაძემ ოქრო ტომრებით წაიღო, მაგრამ მოსკოვში ჯიპით კი არა, მეტროთი დადისო.
ჩემზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ოჯახი დამიწიოკეს. დედაჩემის დაპატიმრება უნდოდათ, ჩემი ყველა ნათესავი და მოგვარე დაჰკითხეს. ასეთი ზეწოლის გამო ბიძაჩემმა თავი მოიკლა. ერთ წელიწადში მამაჩემი გარდაიცვალა. ბინა რამდენჯერმე გამიჩხრიკეს. ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი ქუჩაში დატოვეს. ბავშვები ტიროდნენ, - მიშამ სათამაშოები წაგვართვაო.
თავი რომ არ დამანებეს, გია ბარამიძეს დავურეკე, რომელიც მაშინ შს მინისტრი იყო, - ჩამოვალ და დამიმტკიცეთ, რისი დამტკიცებაც შეგიძლიათ-მეთქი. წაიბლუკუნა, - ამის ინიციატორი მიშაა. შენზე ვკითხავ ზურას, ხვალ დამირეკეო. მეორე დღეს მითხრა, - შენი ჩამოსვლა არ შეიძლება. დაგეგმილი აქვთ, ზურას საწინააღმდეგოდ გამოგიყენონ და მერე გაგანადგურონო. ამის მერე მასთან კონტაქტი აღარ მქონია. მიუხედავად იმისა, რომ ოქროსთან დაკავშირებით რაღაცებს მიგორებდნენ, ჩემდამი წაყენებულ ბრალდებებში ოქროს თემა საერთოდ არ ფიგურირებს. ჩემს წინააღმდეგ სამი ეპიზოდია. პირველი ეხება მანქანა "შევროლე ბლეიზერის" შეძენას, რომელიც ირაკლი ჩუბინიშვილის ფირმამ მომყიდა.
ირაკლი ჩემს მეგობრად ითვლებოდა და "შევროლეს" ავტომობილებთან დაკავშირებით (რომელიც მაშინ პარლამენტისთვის შემოიყვანეს) მაქინაციებს აკეთებდა ხათუნა გოგორიშვილთან ერთად. ეს მანქანა ირაკლი ჩუბინიშვილის ფირმისაგან ოფიციალურად ვიყიდე და დეკლარაციაშიც შევიტანე ეს შენაძენი. ყველა საბაჟო და სხვა დოკუმენტები მაქვს, მაგრამ ვიღაც უცხოელს ათქმევინეს, ეს მანქანა ქრთამად მივეციო. მეორე ეპიზოდშიც ქრთამის აღება დამაბრალეს. რუსთავში ერთი ბანკის ფილიალში ანგარიში მქონდა გახსნილი. ამ ანგარიშზე 4 წლის განმავლობაში ბრუნვა მხოლოდ 15 ათასი დოლარი იყო. ამ ბანკის თავმჯდომარის მძღოლი დააშინეს და ათქმევინეს, რომ თითქოს მას ხელმძღვანელი აძლევდა ფულს, რომელიც რაღაც ანგარიშზე შეჰქონდა, მერე გამოჰქონდა და ჩემთან მოჰქონდა(!). მესამე ბრალდება ქონებრივი დეკლარაციის გამო წამიყენეს. დეკლარაციაში არის პუნქტები, სადაც უნდა მიუთითო თანხა ლარIით გაქვს თუ სხვა ვალუტით. გრაფაში "სხვა ვალუტა" მიწერია 2 500 და არ მაქვს მითითებული ვალუტის სახეობა.
სასამართლომ ჩემი საბუთები არ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მტკიცებულება არ ჰქონდათ ჩემს წინააღმდეგ, 17 წელი მომისაჯეს. ბინ ლადენზე უარესი ძებნა იყო ჩემზე გამოცხადებული. ოჯახმა საშინელება გადაიტანა. ჩემს სახლში პოლიციელები საწოლის ქვეშ ძვრებოდნენ. არ ვიცი, რას ეძებდნენ. ერთმა პოლიციელმა ჩემს მეუღლეს უთხრა, - დავალება გვაქვს, რომ გაგაგიჟოთო. წერილებს უგდებდნენ - გაგიტაცებთ და თქვენს შვილებს გავუსწორდებითო.
როდესაც ირაკლი ჩუბინიშვილმა განაცხადა, რომ "შევროლე" მის ფირმაში არ მიყიდია, დავურეკე - ასე რომ ტყუი, როგორ გძინავს-მეთქი. მითხრა, - აქ ისეთი ამბები ხდება, სხვანაირად ვერ მოვიქცევი. ამის გარდა სხვა მასალებსაც დაგიდებს ოქრუაშვილიო ("კვარციტის" ამბების გაბუქვა უნდოდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს). არ ვიცი, რას შეჰპირდნენ... მერე ელჩად დაინიშნა რუსეთში, მერე - ყაზახეთში.
- რამდენადაც ვიცი, "მოქალაქეთა კავშირის" ყოფილ ლიდერებთან ნათელ-მირონი გაკავშირებთ...
- ჩემი უფროსი ქალიშვილის, ანა-მარიას ნათლია ზურაბ ჟვანია იყო, ნიკოლოზისა - მიშა მაჭავარიანი, უმცროსი ვაჟი, გეგა, ემზარ კვიციანმა მომინათლა. ემზარ კვიციანი, რომელიც, ნორა კვიციანთან ერთად კოდორს კბილებით იცავდა, მიხეილ სააკაშვილმა მტრად გამოიყვანა და მერე ერთ წელიწადში ჩააბარა რუსებს კოდორი.
- სააკაშვილი იმიტომ ხომ არ დაგიპირისპირდათ, რომ კონკურენტად მიგიჩნიათ?
- მთელ საქართველოში ასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია გავაერთიანეთ "საქართველოს ერთიანობის ალიანში". სერიოზული ჯგუფი მყავდა პარლამენტში ორი ფრაქციის სახით. ხედავდნენ ჩემს ძალას. სააკაშვილს ეგონა, პრეზიდენტობა მინდოდა, რაზეც არასოდეს მიფიქრია. მიშა მთავარ მოწინააღმდეგედ მიმიჩნევდა, რადგან კრიჭაში ვედექი. მიშას უნდოდა, გავენადგურებინე ან მისი პირადი პატიმარი ვყოფილიყავი.
ბიძინა ივანიშვილს ძლიერი იურისტების ჯგუფი ჰყავს. იმედი მაქვს, ჩემს საქმეს განიხილავენ და სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების გამოსწორება ადვილი იქნება. ამნისტია რომც შემეხოს, მაინც მინდა სასამართლომ განიხილოს ჩემი ბრალეულობა. მინდა მაგალითად ვაქციო ჩემი საქმე, თუ როგორ შეიძლება ადამიანის პიარითა და ჭორების მექანიზმით განადგურება. ასევე მინდა ყველასთვის ცხადი გახდეს, რას გეგმავდა სააკაშვილი ჩემს წინააღმდეგ. ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებაზე მეტად მინდა, ყველამ დაინახოს სააკაშვილის ხელისუფლების სახე. მინდა საქართველოში მალე დავბრუნდე. მამაჩემის საფლავი არ მინახავს...
ირაკლი ჩუბინიშვილს აქვს შანსი თავისი არაკაცური საქციელის გამოსწორებისა, ასევე მიხეილ მაჭავარიანსაც. მიშას ჩემთან კი არა, თავის ნათლულთან აქვს ბოდიში მოსახდელი, რომელსაც ბავშვობა გაუმწარეს. იმავეს მათ ოჯახებს არასდროს ვუსურვებ. თანამდებობის გამო კაცობაზე როგორ აიღეს ხელი?! კი გაუხარდებოდათ, რომ ცოცხალი არ ვიყო, მაგრამ მოუწევთ ჩემთვის ბევრ რამეზე პასუხის გაცემა. ბარამიძემ რაც ჟვანიას გაუკეთა, იმის მერე რა მიკვირს? სატანას მიჰყიდა სული, როდესაც მეგობარს უღალატა მიშას სასარგებლოდ. ზურას დააბრალა ისეთი უმსგავსობა, რაც ნამდვილად არ იყო...
სამართლიანი ჟურნალისტებით განებივრებული არ ვყოფილვარ. 9 წლის განმავლობაში არავისთვის მიმიცია ინტერვიუ, რადგან მიმაჩნდა, რომ აზრი არ ჰქონდა. ახლა ისეთი განცდა მაქვს, თითქოს აღსარება ჩავაბარე...
P.S. ინტერვიუს ჩაწერიდან ცოტა ხანში ლევან მამალაძემ მაცნობა, რომ მის ელექტრონულ ფოსტაზე კიბერშეტევა განხორციელდა. გავიკვირვე, - ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ მოსმენა და ელექტრონული მიმოწერის კონტროლი აიკრძალა-მეთქი. "მიშას თავისი შტაბი ჯერ ხომ არ დაუშლია? ისინი ისევ ისმენენ და აკონტროლებენ მიმოწერას... დარწმუნებული ვარ, მიშას ისევ აწვდიან ინფორმაციებს. ესენი ხომ ჩასაფრებულები არიან - "ოცნებას" ცოტა ხანს დავაცდით და მერე ისევ დავბრუნდებითო", - მითხრა ლევან მამალაძემ...