"საპარლამენტო უმრავლესობის წევრ კობა დავითაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის ვადას იხანგრძლივებს - პრეზიდენტი 5 წლით ირჩევა და, შესაბამისად, ვადა 2013 წლის იანვარში იწურება - ამავე კონსტიტუციით კი საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. დავითაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე პარლამენტში დისკუსია დაიწყება, რათა "ან პირველი ნორმა მოვიდეს შესაბამისობაში მეორესთან, ან მეორე - პირველთან". პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე კი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროის შესახებ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი "არასამართლიანია, თუმცა უკანონო არ არის", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სააკაშვილი 9 თვეს "კანონიერად, მაგრამ უსამართლოდ" იქნება პრეზიდენტი.
"კონსტიტუციაში არის ჩანაწერი: პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნები იმართება იმ წლის ოქტომბრის თვეში, როდესაც მათ უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. ანუ მიუხედავად იმისა, რომელ თვეში იქნება არჩეული პრეზიდენტი. ეს შესაძლებელია სხვადასხვა თვე იყოს იმიტომ, რომ პრეზიდენტი შეიძლება გადადგეს ან პარლამენტმა გადააყენოს თანამდებობიდან ან გარდაიცვალოს, ასეთ შემთხვევაში 45 დღეში უნდა გაიმართოს საპრეზიდენტო არჩევნები. ვთქვათ, პრეზიდენტი არჩეულია მარტის თვეში, მაშინ 5 წლის ვადა 5 წლის შემდეგ მარტში ამოიწურება, მაგრამ არჩევნები გაიმართება არა 45 დღის შემდეგ, არამედ ოქტომბერში. ასევეა პარლამენტის შემთხვევაშიც. მიმაჩნია, ასეთი ტიპის ჩანაწერი არ არის სამართლიანი, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ უკანონოა. სამართლიანი იმიტომ არაა, რომ ზოგადად არც ერთ არჩევით ორგანოს არ უნდა ჰქონდეს თავის უფლებამოსილების ვადაზე მეტი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.
"არჩევნები მანამდე უნდა გაიმართოს, სანამ უფლებამოსილების ვადა ამოიწურება. ამიტომ, უფრო სწორი იქნებოდა ასეთი სახის ჩანაწერის გაკეთება: პრეზიდენტის მორიგი არჩევნები იმართება მისი არჩევიდან მეხუთე წლის ოქტომბერის თვეში. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ვერასოდეს გამოვა 5 წელზე მეტი. შეიძლება გამოვიდეს ოთხწელიწად-ნახევარი ან 4 წელი და სამი თვე, მაგრამ 5 წელზე მეტი ვერ იქნება. ანალოგიური ჩანაწერი უნდა გაკეთებულიყო პარლამენტის შემთხვევაშიც. ეს იქნებოდა სამართლიანი, მაგრამ ასე არ წერია. რამაც გამოიწვია ის, რომ ვინაიდან პრეზიდენტის ბოლო არჩევნები 2008 წლის იანვარში იყო, 5 წლიანი უფლებამოსილების ვადა მას ეწურება 2013 წლის იანვარში, არჩევნები კი უნდა გაიმართოს ოქტომბერშიო. თუ ეს იქნება ოქტომბრის ბოლო, გამოვა, რომ პრეზიდენტი 5 წელი კი არ იქნება თავის თანამდებობაზე, არამედ 5 წელი და 10 თვე", - განაგრძობს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე.
"ვისაც 5 წლით აქვს თანამდებობაზე ყოფნის უფლება, არ შეიძლება ამ პოსტზე იყოს ამ დროზე მეტი ხნის განმავლობაში. ეს არის ზოგადი სამართლებრივი პრობლემა, მაგრამ არაფორმალური. ფორმალურად ყველაფერი ერთი შეხედვით თითქოს წესრიგშია. არ ვიტყოდი, რომ აქ კანონისადმი წინააღმდეგობაა, აქ ჩემი აზრით, სამართლიანობისადმი წინააღმდეგობაა, რომელიც წარმოიშვა არასამართლიანი განსაზღვრის გამო. ისეთი ვითარება ყოველთვის სახიფათოა, როდესაც უფრო მეტი გამოსდის უფლებამოსილების ვადა, ვიდრე ეს კონსტიტუციითაა განსაზღვრული. სააკაშვილი იანვრიდან ოქტომბრამდე ანუ არჩევნებამდე ქვეყანას მართავს იმ ფორმით, რა ფორმითაც მას ამის უფლებას კონსტიტუცია აძლევს. ჩვენი კონსტიტუცია ისეა აწყობილი, რომ სავსებით შესაძლებელია დამყარდეს ორხელისუფლებიანობა, თუ პრეზიდენტმა დაიწყო იმ უფლებების გამოყენება, რომელიც მას კონსტიტუციით აქვს. ჯერჯერობით მას ასეთი უფლებამოსილებები არ გამოუყენებია", - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.
"მაგალითად, უფლება აქვს, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლოს ამჟამად დანიშნული სამი მინისტრი - იუსტიციის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრები. ასევე, უფლება აქვს გაათავისუფლოს პრემიერ მინისტრი, რაც ყველა მინისტრის გათავისუფლებას ნიშნავს. შემდგომ მან შეიძლება არ შექმნას ისეთი მთავრობა, როგორიც საპარლამენტო უმრავლესობას უნდა და თვითონ დანიშნოს მთავრობა. თუ ასეთი უფლებამოსილება მან გამოიყენა, შეიქმნება სერიოზული პოლიტიკური კრიზისი, რადგან ქვეყანაში გვეყოლება მთავრობა, რომელსაც მხარს არ უჭერს საპარლამენტო უმრავლესობა და ეს შექმნის უამრავ პრობლემას, თუნდაც საკანონმდებლო საქმიანობაში. ასევე, ბიუჯეტთან დაკავშირებულ პრობლემებაც - მთავრობას ენდომება რაღაცის გაკეთება, პარლამენტი მხარს არ დაუჭერს და პირიქითაც", - განმარტავს რესპონდენტი.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ისე დაამახინჯა კონსტიტუცია, რომ მასში ჩადო პოლიტიკური კრიზისების წარმოქმნის შესაძლებლობა. ასეთი ვითარებაა ახლა და ეს სახიფათოა. კონსტიტუციის მიხედვით, ისე უნდა იყოს ხელისუფლება მოწყობილი, რომ რაც შეიძლება მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი კრიზისის წარმოქმნის შესაძლებლობა. ნაცვლად ამისა, დიამეტრიულად საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ვითარება, უფრო მეტი დროის განმავლობაში ვიქნებით ასეთი რისკების საფრთხის წინაშე. შესაძლებელია კონსტიტუციური ცვლილება, მაგრამ ამას დასჭირდება პარლამენტის წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა. მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობას დღეს 2/3-ანი უმრავლესობა არ აქვს, ამიტომ ასეთი ცვლილება შესაძლებელი გახდება, თუ მას მხარს "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა გარკვეული რაოდენობაც დაუჭერს", - დასძენს ვახტანგ ხმალაძე.
"არჩევნების დროის შესაცვლელად 2 კონსტიტუციური ცვლილებაა საჭირო -არჩევნდები 2013 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, რაც დამტკიცებულია 70-ე მუხლის მე-8 პუნქტში. თუ ამოიღებენ ამ მე-8 პუნქტს, მაშინ არჩევნების სხვა დროს ჩატარება შესაძლებელი გახდება. გარდა ამისა, კიდევ უნდა შეიცვალოს კანონი კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, რაც მიღებულია 2010 წლის 15 ოქტომბერს. ანუ ეს ის კანონია, რომლითაც ახალი რედაქცია დამტკიცდა. ანუ, 2 კონსტიტუციური ცვლილებაა შესატანი. თუ ეს ორივე ცვლილება განხორციელდება, ასე, რა თქმა უნდა, დადგება სიტუაცია, როდესაც არჩევნები უნდა ჩატარდეს სხვა დროს. მაგრამ ეს იანვარი იქნება თუ თებერვალი, ვერ გეტყვით. იმიტომ, რომ ჯერ ერთი, 60 დღით ადრე უნდა დაინიშნოს საპრეზიდენტო არჩევნების დღე, რასაც პრეზიდენტი ნიშნავს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი.
"ეს ძნელად წარმომიდგენია - კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა მოითხოვს მინიმუმ 2 თვეს. შემდეგ კიდევ 60 დღე და შეიძლება პროცესი კიდევ გაჭიანურდეს - პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენოს. შემდეგ კიდევ 60 დღე და ეს ვადა თებერვალში გადადის ანუ იანვარში ვერანაირად ვერ დაინიშნება. ცვლილება, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, განხორციელდა 2006 წელს. იმ დროს არავის აზრადაც არ მოსდიოდა, რომ სააკაშვილისთვის უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვით გაეგრძელებინა. ეს უბრალოდ მსოფლიო გრაფიკის გათვალისწინებით იყო დადგენილი, რომლის შესაბამისად არჩევნები წინასწარ განსაზღვრულ გარკვეულ დროს უნდა ტარდებოდეს. ერთადერთი ნაკლი, რაც კონსტიტუციას ამ მიმართებით აქვს, ისაა, რომ არ არის გათვალისწინებული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, სწორედ ეს მოხდა 2008 წელს, მაშინ ჩატარდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და შესაბამისად დაირღვა კალენდარი", - განაგრძობს ავთანდილ დემეტრაშვილი.
"თუმცა, უფლებამოსილების ვადა 5 წელი ისედაც არ გამოდის იმიტომ, რომ ოქტომბერში ტარდება არჩევნები, მაგრამ არჩეული პრეზიდენტი ფიცს დებს ერთი თვის ან თვე-ნახევრის შემდეგ. ანუ 5 წელზე მეტი მაინც გამოდის. გარდა ამისა, როდესაც საგანგებო ან საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, არჩევნები არ ტარდება და ეს უფლებამოსილების ვადა 5 წელზე მეტი აუცილებლად იქნება. ანუ ეს ვადა არის დადგენილი ნორმალური სიტუაციისთვის, მაგრამ როდესაც არჩევნები ვადამდელია ან როდესაც საგანგებო ან საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, ეს ვადა შეიძლება უფრო მეტიც იყოს. ხოლო კონსტიტუციური ცვლილების გარეშე პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტისთვის არის 2 შესაძლო ვარიანტი: პირველი, რომ პრეზიდენტი თვითონ გადადგეს და მეორე - იმპიჩმენტი. თუმცა ამის ვარიანტს ვერ ვხედავ. მაგრამ ეს იანვრამდე მაინც ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოესწრება, თუ რა თქმა უნდა, ბ-ნი პრეზიდენტი არ გადადგა", - აცხადებს ავთანდილ დემეტრაშვილი