ბოლო წლების გახმაურებულ საქმეებს შორის "ორთაჭალჰესის" საქმეც ფიგურირებს - 2008 წლის 19 დეკემბერს ეს ჰესი მოულოდნელად აუქციონზე გაიტანეს და გაყიდეს. მისი მფლობელები ქონების უკან დაბრუნებას ოთხი წელია ამაოდ ითხოვენ, როგორც ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ამბობს, მათ საქართველოში ყველა სასამართლო წააგეს და იძულებული შეიქნენ, საჩივარი სტარსბურში გაეგზავნათ:
- "ორთაჭალჰესის" მფლობელებს ეს ჰესი გრძელვადიანი იჯარით ჰქონდათ აღებული 2019 წლამდე. ეს იყო მცირე ჰესი, რომელიც თბილისის ნაწილს ელექტროენერგიით ამარაგებდა და შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, როცა დენი ითიშებოდა, ერთგვარი გენერატორის ფუნქციას ასრულებდა: ამარაგებდა მეტროპოლიტენს, პრეზიდენტის რეზიდენციას და სამთავრობო დაწესებულებებს. ეს იყო ერთგვარი სარეზერვო ვარიანტი, თუმცა არ იყო ისეთი საწარმო, რომელიც დიდ მოგებაზე მუშაობდა. თავის დროზე მას "ზარალჰესიც" კი დაარქვეს. მფლობელებმა "ორთაჭალჰესში" დაახლოებით 5 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადეს და მცირე შემოსავალს იღებდნენ. თუმცა ეკონომიკის სამინისტროს რატომღაც მოუნდა "ორთაჭალჰესის" გაყიდვა, საკუთრების ნორმებისა და კანონების დარღვევით გამოაცხადა აუქციონი და 2008 წლის 19 დეკემბერს ჰესი "ენერგოპროჯორჯიამ" შეისყიდა. ჩვენი აზრით, ეს იყო კიდევ ერთი კორუფციული გარიგება.
- შეგიძლიათ ამის დასაბუთება?
- რა და როგორ მოხდა, ჩვენ ამას დავასაბუთებთ პროკურატურაში, როცა იქ ახალი ხელმძღვანელობა მივა. სხვათა შორის, ამ გარიგების მიღმა მაღალი თანამდებობის პირები იდგნენ, ჯერჯერობით ეს კონფიდენციური ინფორმაციაა და ვერ გაგიმჟღავნებთ, მაგრამ ამ გარიგებაში მონაწილეთა ვინაობას საზოგადოება უმოკლეს ხანში შეიტყობს. ახლა რაც შეეხება "ენერგოპროჯორჯიას" - რა კომპანიაა ან რა ფუნქციით არის შემოსული საქართველოში, ჯერ ეს არის გასარკვევი. თუმცა, ვინც უნდა იყოს, არავის აქვს უფლება, სხვას იჯარის შეწყვეტისა და სასამართლოს გარეშე ჩამოართვას ქონება და გამორეკოს ტერიტორიიდან. სხვათა შორის, კომპანია "ორთაჭალენერჯი" ქონების გადასახადს დღემდე იხდის იმიტომ, რომ ეს ქონება ჯერ კიდევ არ არის გადაბარებული. აიღეს და გაყიდეს 25 მილიონ დოლარად! ასეთი რამ წარმოუდგენელია თუნდაც იმიტომ, რომ 25 მილიონი დოლარი დიდძალი თანხაა ასეთი პატარა ჰესისთვის, რომელსაც "ზარალჰესს" ეძახდნენ და რომელიც კარგა ხანს წამგებიანი იყო. ამიტომ, ჩემს კლიენტებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ გარიგებით დიდძალი "შავი ფული" გაირეცხა. როგორც ჩანს, დაგროვილი იყო დიდძალი ფული, რომელსაც ვერ აჩენდნენ და ბიუჯეტში ვერ შეჰქონდათ. სწორედ ამიტომ, უკანონოდ გაყიდეს სხვისი ქონება და ფული "ენერგოპროჯორჯიას" მეშვეობით ბიუჯეტში "ჩაასხეს". კაცმა არ იცის, რა წარმომავლობისაა ეს 25 მილიონი დოლარი, როგორც ჩანს, მაღალჩინოსნებს ერთმანეთთან რაღაც ვალდებულებები ჰქონდათ და ასე მორიგდნენ. აი, ეს არის ყველაზე ცუდი და საგანგაშო და არა ის, რომ ჰესები იყიდება და პრივატიზაცია მიმდინარეობს. ვის დასჭირდა 25-მილიონიანი ინვესტიციის ჩადება საწარმოში, რომელიც პრაქტიკულად ზარალიანი იყო? - ეს იგივეა, ასლარიანი ტელეფონი იყიდო 5 ათას ლარად, თანაც ეს ყველაფერი მოხდა საკუთრების უფლების უხეში შელახვის ხარჯზე.
- როგორ, რა ფორმით ჩამოართვეს "ორთაჭალჰესი" მის მფლობელებს?
- როგორც წესი, იბარებდნენ ჰესის ხელმძღვანელებს და სთხოვდნენ, ხელშეკრულება შეწყვიტეთ და გადით აქედანო. უფრო მეტიც, ეკონომიკის სამინისტრო ისე გათავხედდა, რომ მყიდველს აუქციონის პირობებში წინასწარ ჩაუწერა: იყიდეთ და მეპატრონეებს ერთ თვეში გავაგდებთ იქიდანო. რა იცოდა ეკონომიკის სამინისტრომ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანდა სახელმწიფო? ეს ხომ სასამართლო დავის საგანი იყო და იქნებ სასამართლოს ეთქვა, რომ ხელშეკრულება არასწორად ჰქონდათ შეწყვეტილი? ჩვენ თავიდანვე გავასაჩივრეთ ეს ყველაფერი, სულ სასამართლო დავებში ვართ, მაგრამ საქართველოში სამივე ინსტანცია წავაგეთ და მერე მივმართეთ სტრასბურის სასამართლოს, სადაც 2 ათასი საქმეა საქართველოდან. 2 ათასი საქმე ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ძალიან ბევრია.
ახლა აუკვე დაიწყო პროცესი ქიბარ ხალვაშის ქონების დაბრუნების შესახებ, რასაც მოჰყვება სხვა საქმეებიც... კი ბატონო, სამართლიანობა უნდა აღდგეს, მაგრამ ამ პროცესში არ უნდა მოყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დაჩაგრულის მანტიას მოისხამენ და ვითარებით ისარგებლებენ. თანაც, ყველაფერი უნდა ჩატარდეს კანონმდებლობის ფარგლებში და კანონიერი სასამართლოს მეშვეობით. ალბათ, კანონში ჩაიდება, როგორ უნდა დაუბრუნდეს ყველას წართმეული ქონება - ამის პროექტი უკვე არსებობს. ჩემი აზრით, ის, ვინც ნებაყოფლობით დაუბრუნებს ქონებას კანონიერ მესაკუთრეს, გარკვეული პასუხისმგებლობისაგან უნდა გავათავისუფლოთ, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით არავინ უნდა დაისაჯოს. ვინც მართლა საშინელი დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს, ამის პრეცედენტი ქვეყანაში უნდა შეიქმნას.
რაც შეეხება "ორთაჭალენერჯის", მალე ყველაფერი გაირკვევა, რადგან ჩემი კლიენტები უკანდახევას არ აპირებენ. მალე გამომჟღავნდება, როგორ შემოვიდა ეს მონსტრი "ენერგოპროჯორჯია" ბაზარზე და როგორ ჩაიგდო ყველაფერი ხელში. სწორედ განუკითხაობის ბრალია, რომ დღეს ელექტროენერგიის გადასახადი ქვეყანაში ასტრონომიულად მაღალია. ბოლოს კი გეტყვით, რომ უკანონოდ წართმეული ყველა ქონება თავის მფლობელს დაუბრუნდება, ეს აუცილებელია ბიზნესისთვის, აუცილებელია ქვეყნისთვის, რადგან ეს გამოიწვევს სამუშაო ადგილების შექმნას.