ანაკლიის პორტის ტვირთბრუნვის პროგნოზები - რას ელის კონსორციუმი 10 წელიწადში?

ანაკლიის პორტის ტვირთბრუნვის პროგნოზები - რას ელის კონსორციუმი 10 წელიწადში?

"ანაკლია სითის" ფინანსური დირექტორი გიორგი ჩუგოშვილი ანაკლიის პორტში ტვირთბრუნვის მოკლე და გრძელვადიან პროგნოზებზე დეტალურად საუბრობს.

როგორც მან BM.GE-ს განუცხადა, საქართველოში საკონტეინერო გადაზიდვებთან დაკავშირებით არსებული მონაცემები იმაზე მაღალია, ვიდრე ამას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" ვარაუდობდნენ.

"თავდაპირველ გრაფიკს გადავხედოთ - 2020 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო ანაკლიის პორტის მშენებლობა, 2021 წლის დასაწყისიდან პირველი გემი უნდა მიგვეღო და პირველი ფაზის ოპერირება დაგვეწყო, რომელსაც ექნებოდა ერთი მლნ კონტეინერის გამტარუნარიანობა.

2021 წლისთვის, იმ დაშვებით, რომ ანაკლიის პორტი გაშვებული იქნებოდა და უფრო მეტი კონკურენტული უპირატესობა გვექნებოდა სხვა კორიდორებთანაც და ჩვენს მეზობლებთან მიმართებით, გათვლა გვქონდა, რომ დაახლოებით 700 ათასი კონტეინერი იქნებოდა საქართველოს ბაზარი - სამივე პორტის ჯამური გამტარუნარიანობა.

რეალურად, ჩვენ დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ შეიძლება 2019 წლის ბოლოს იყოს უკვე 600 ათასზე მეტი. ამ მაჩვნებელს კი ჩვენ ველოდებოდით 2020 წლის ბოლოს და არა - 2019 წლის ბოლოს. ის ზრდა, რომელიც ახლა სახეზეა, დაახლოებით წლიური 34%, არის ყველასთვის მოულოდნელი და ამას თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზები აქვს - იქნება ეს ირანის სანქციები, რომელმაც გამოიწვია ის, რომ ტვირთის ნაწილი ჩვენს დერეფანში გადმომისამართდა და აქედან მიეწოდება სხვადასხვა ბაზრებს, თუ ის, რომ ჩვენ ვართ სატრანზიტო კორიდორი.

ახლა რა მაჩვენებლებსაც ვხედავთ, არის რეკორდულად მაღალი საქართველოს ისტორიაში და ჩვენც კი, რომლებიც ყველაზე ოპტიმისტურად ვართ განწყობილი საქართველოს ტვირთბრუნის პროგნოზთან დაკავშირებით, ჩვენც კი არ ველოდებოდით ასეთ ზრდას. ჩვენ პროგნოზირებული გვქონდა 15.4%-იანი ზრდა და სახეზე გვაქვს 34%. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია", - განაცხადა ჩუგოშვილმა და დასძინა, რომ ეს მნიშვნელოვნად ამცირებს იმ რისკებს, რომელიც შეიძლება ჰქონდა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ტვირთბრუნვის კუთხით.

„ძალიან დიდი კრიზისი, საომარი მოქმედებები და ა.შ თუ არ იქნება, მე ვერ ვხედავ ვერანაირ რისკს იმაში, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ გარანტიის გამოყენება დასჭირდეს.

რაც შეეხება ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნებს, ისინი სახელმწიფო ბანკები არიან, რომელთაც მუშაობის თავისი სტანდარტი აქვთ. ისინი უკვე დავარწმუნეთ იმაში, რომ ჩამოვიდნენ აქ და კერძო სექტორს 400 მლნ დოლარი მიანდონ, მაგრამ ისინი მსოფლიოში ყველაზე კონსერვატიული ფინანსური ინსტიტუტები არიან და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ის სახელმწიფო ფული, რაც აქვთ, იყოს დაზღვეული იმისგან, რომ ერთ დღეს არ გაქრება“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზს, გიორგი ჩუგოშვილის ინფორმაციით, კონსორციუმი 10-წლიან პერსპექტივაში ტვირთების 4%-იან ზრდას პროგნოზირებს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ტვირთბრუნვის პროგნოზი მთელი 50 წლის გამავლობაში, რაც არის კონტრაქტის ხანგრძლივობა და ეს დაფუძნებულია ძალიან მყარ ეკონომიკურ გათვლებზე. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ ის, რომ ამ ციფრებში არ შედის ჩინეთის ტვირთბრუნვის მონაცემები. ამას არც ვითვალისწინებთ. ანაკლიის პორტი ისედაც მომგებიანია, თუ ჩვენ მხოლოდ ვისაუბრებთ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრის ნაწილზე.

ჩვენ და ჩვენმა ჰოლანდიელმა კონსულტანტებმა ჩავთვალეთ, რომ დაახლოებით 4%-ია ის ზრდა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში გვაქვს არსებულ პროგნოზებში ჩადებული და რომელთან მიმართებითაც არავის აქვს პრეტენზია.

ანაკლიის პოტის ტვირთბრუნვასთან თუ კითხვები ჩნდება, ეს ჩნდება პირველი 2-3 წლის განმავლობაში, მათგანაც, ვინც პესიმისტები არიან, რადგნ ყველამ იცის, რომ ის მაჩვენებლი, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ სესხი გადავიხადოთ და მომგებიანი პროექტი გავაკეთოთ, საკმაოდ დაბალია; და 3-4 წლის შემდეგ, ეს რაოდენობები კითხვის ნიშნის ქვეშაც არ დგას, თუ ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა იქნება.

ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტვირთბრუნვის პროგნოზი დაფუძნებულია ორ ბაზარზე - სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე. სამხრეთ კავკასიაში ფაქტიურად მონოპოლისტები ვართ და რაც კი საზღვაო ტვირთი შემოდის, ეს არის ქართული პორტებიდან. ცენტრალურ აზიას რაც შეეხება, საკონტეინერო ტვირთის დაახლოებით 30% უნდა გადიოდეს საქართველოს დერეფნით, თუ ის გამართული იქნება. დღეს ეს დაახლოებით 5-დან 7%-მდეა. დღეს ეს უნდა ავიდეს 30%-მდე, თუ გამართული პორტი გვექნება", - განმარტა "ანაკლია სითის" ფინანსურმა დირექტორმა.

მისი ინფორმაციით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" პროგნოზების გადახედვას ტვირთბრუნვასთან და სხვა პარამეტრებთან დაკავშირებით კვარტალში ერთხელ ახორციელებს.

კითხვაზე, როგორ აპირებს კონსორციუმი ტვირთბრუნვის გარანტიებთან დაკავშირებით მთავრობასთან მოალაპარაკებების წარმატებით დასრულებას, ჩუგოშვილი პასუხად აღნიშნავს, რომ ამ დეტალებზე თავად კონსორციუმის გენერალური დირექტორი და დამფუძნებლები ისაუბრებენ.