"დღეს უკვე აღარ ვარ დეპუტატი და შემიძლია ივანიშვილის დაფინასება მივიღო".

გიორგი ასანიძეს ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა სურს - "დღეს უკვე აღარ ვარ დეპუტატი და შემიძლია ივანიშვილის დაფინასება მივიღო"

"უპირველეს ყოვლისა ახალ მთავრობას გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო. მათ ხალხის ნდობა მოიპოვეს და იმედია გაამართლებენ. დარწმუნებული ვარ, ახალი პრემიერ-მინისტრი მაქსიმალურად შეასრულებს იმ დანაპირებს, რასაც მოსახლეობას შეპირდა", - აცხადებს ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი პარლამენტარი გიორგი ასანიძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გიორგი ასანიძეს ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა სურს / "დღეს უკვე აღარ ვარ დეპუტატი და შემიძლია ივანიშვილის დაფინასება მივიღო".

"ბიძინა ივანიშვილის ფონდი გარკვეულწილად მეც მაფინანსებდა, როგორც ოლიმპიურ ჩემპიონს. მას შემდეგ, რაც შარშან კანონი იქნა მიღებული, რომ დეპუტატს აღარ ჰქონდა სხვა შემოსავლის მიღების უფლება თუ ის არ ეწეოდა პედაგოგიურ ან სასულიერო მოღვაწეობას, - კანონის შესაბამისად მის დახმარებაზე მომიწია უარის თქმა. თუმცა, ეს ადამიანი ძალიან ბევრ ფედერაციას, სპორტსმენს თუ სხვა საზოგადო მოღვაწეებს აფინანსებდა და კარგია, თუ ეს კვლავ გაგრძელდება - ქართული სპორტი საჭიროებს ფინანსურ მხარდაჭერას. დღეს უკვე აღარ ვარ დეპუტატი და შემიძლია მისი დაფინასება მივიღო: ბატონი ბიძინას ფონდი გარკვეულ ჰონორარს ყველა ოლიმპიურ ჩემპიონს აძლევდა და თუ ჩათვლიან საჭიროდ, რომ მეც მომცენ, მივიღებ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ასანიძე 

"... 2004 წელს "ნაციონალური მოძრაობიდან" გავხდი პარლამენტარი, შემდეგ მეორე მოწვევის დროს გლდანის მაჟორიტარი ვიყავი. როდესაც ოლიმპიადიდან დავბრუნდი, რევოლუცია ახალი მომხდარი იყო. ძალიან ბევრი შემოთავაზება მივიღე, რამაც გარკვეულწილად მიმაღებინა გადაწყვეტილება. აქედან გამოდინარე შეიცვალა ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობა... ჩემი ურთიერთობა ყველა ადამიანთან არის პირნათელი. დღევანდელ პარლამენტში საკმაოდ ბევრი სპორტსმენია, ამ ადამიანებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. შეიძლება პოლიტიკურად ოპონენტები ვიყავით, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთის მტრები ვართ. ბევრ მათგანთან ძალიან ახლო ურთიერთობაც კი მაქვს. ჩემი გამოცდილება, რომელიც დამიგროვდა როგორც სპორტში, ასევე პოლიტიკაში, მზად ვარ მათ გავუზიარო და ვითანამშრომლო, რა თქმა უნდა, ამას თავადაც თუ ჩათვლიან საჭიროდ. სპორტი არ არის დიდი სფერო, რომ ერთმანეთის აზრები არ გავითვალისწინოთ. ყველა მათგანისადმი დიდი პატივისცემით ვარ გამსჭვალული", - დასძენს გიორგი ასანიძე და შეკითხვას - "ახლა რას აპირებთ?" - პასუხობს:

"ჯერჯერობით ვარ უმუშევარი, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღევანდელ ხელისუფლებას თუ ექნება სურვილი, მათთან ვითანამშრომლებ და ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ. იმდროინდელი ხელისუფლების წევრი ვიყავი და ამის გამო თუ უარს იტყვიან, არც ესაა პრობლემა. გულწრფელად ვამბობ, რომ იმედი მაქვს, ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესობისკენ შეიცვლება".