"ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი რესურსი ამოწურა და ერთადერთი რასაც ეყრდნობოდა, ეს იყო ადეიშვილზე დამყარებული სტრუქტურა -ამიტომაც იყო, რომ ადეიშვილი პირველი გაიქცა საქართველოდან. მართალი კაცი არსად გარბის - პირიქით, მართალი კაცი მიდის - თუ რამე პრეტენზია გაგაჩნიათ, აგერ ვარ და მელაპარაკეთო. ადეიშვილი რატომ გაიქცა, არ იცით თქვენ? იმიტომ, რომ პირველად ბრძანებებს სააკაშვილი აძლევდა ადეიშვილს, ადეიშვილის პირიდან გადიოდა მერე ეს ბრძანებები იგივე მერაბიშვილზე და ა.შ. ადეიშვილია მთავარი მოწმე, რომელიც, გამოძიება რომ დაიწყოს, ხელს დაადებს პირდაპირ სააკაშვილს, ამიტომ იყო ადეიშვილის გაყვანა ყველაზე სასწრაფო ამოცანა", - აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ნაციონალებს მძიმე პერიოდი დაუდგებათ" / რატომ გაიქცა ადეიშვილი.
"მერე თუ დასჭირდათ, იმის სპეციალისტებიც არიან, რომ ადეიშვილმა დაიძინოს და ვეღარ გაიღვიძოს. ადეიშვილი არის ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე და თან ამ ყველაფრის მთავარი მოწმე, რომელმაც იცის სააკაშვილის აბსოლუტურად ყველა ნამოქმედარი და ყველა ნაბიჯი. არის ყველა იმ მახინჯი იდეის, რომელიც სააკაშვილის ტვინში იბადებოდა, ხორცშემსხმელი და სულისჩამდგმელი, მერე მოჰყვებოდნენ მას მერაბიშვილები და ახალაიები. ძალიან მალე უნდა დამყარდეს სამართლიანობა და ეს არ უნდა იყოს რევანში. ეს არც მოხდება, გამორიცხულია. ქვეყანაში უნდა ზეიმობდეს კანონი და სამართლიანობა. ამისთვის უნდა არსებობდეს არა ძმები კუბლაშვილების სასამართლო, არამედ უნდა იყვნენ ღირსეული მოსამართლეები, აბსოლუტურად ხელშეუხებელი სასამართლო. ყველაფერი უნდა დაადგინოს ობიექტურმა გამოძიებამ და სამართლიანმა სასამართლომ გამოიტანოს საქართველოს სახელით საბოლოო ვერდიქტი - აი, მაშინ ვიტყვით, რომ ჩვენი სახელმწიფო შედგა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა ხაჭაპურიძე.
"რაც გუშინ ისაუბრეს - რატომ ჰგონიათ ამ ბარამიძეს და ნაციონალურ მოძრაობას, რომ ჰააგის სარჩელთან დაკავშირებით ხაჭაპურიძე და უმრავლესობა თავდაცვის რეჟიმში გადავლენ? თავდაცვის რეჟიმში მე მაგათ ორშაბათიდან გადავიყვან! ჰააგის სარჩელს ახლა ნაწილ-ნაწილ დავშლი. იქ კონკრეტულად არის ჩამოთვლილი, რომელი კანონები როდის მიიღეს, რატომ მიიღეს. აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები ბარამიძეზე, აფრასიძეები რომ ჩაცხრილა, აღიძრას საქმე იმ 141 ბიჭის მკვლელობის ფაქტებზე - ოღონდ სათითაოდ იქნება ყველა წარმოდგენილი. უამრავი საჩივარი შევა პროკურატურაში, ალბათ ერთი კვირის განმავლობაში ვერ გამოლევ ეს კრიმინალები სხედან და გაიძახიან - საქართველოს უჩივლაო - ვუჩივლე არა საქართველოს, არამედ მის ხელისუფლებას - პირდაპირ არის გვარები ჩამოთვლილი ამ სარჩელში და მათ შორის ბარამიძეც არის. მაპატიეთ და ეს ნამუსგარეცხილი ბარამიძე კიდევ რამდენს ლაპარაკობს. კაცი, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ახლა განახვებთ ორშაბათ დილიდან ფაქტების დალაგებას - გენერალურ პროკურატურასთან მექნება 24-საათიან რეჟიმში ბრიფინგები. დამხმარე დამჭირდება, იმდენი ფაქტი უნდა შევიტანო.... ვამზადებ ახალ სარჩელს, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მივმართო, რომ აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა ისე, როგორც თავის დროზე ფაშისტური პარტია. ამის საშუალებას იძლევა კონსტიტუცია და თუ უნდათ მუხლსაც დავუსახელებ. პარტია, რომელიც ეწევა ძალადობის პროპაგანდას, უნდა აკრძალოს საკონსტიტუციო სასამართლომ. ესენი იმაზე მეტს ტლიკინებენ, რისი უფლებაც არა აქვთ და ხალხს აღიზიანებენ! მაგათ გულის გასახეთქად, სწორედ რომ ძალიან ბევრ საჩივარს დავწერ. 26 მაისის ფაქტები გამზადებული მაქვს და ახლა ამასაც გავგზავნი ჰააგაში", - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე და შეკითხვას - "გუშინ ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგა ჟვანიამ საკმაოდ ხმამაღალი განცხადებები გააკეთა ძმის მკვლელობასთან დაკავშირებით..." - პასუხობს:
"აქ რომ არავინ არაფერი გამოიძია, სწორედ ამიტომ მოხვდა ზურაბ ჟვანიას საქმე ჰააგის სასამართლოში. ეს არის აბსოლუტურად გამოუძიებელი საქმე. თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, ჩვენზე უკეთესად ეს დეტალები, რა თქმა უნდა, გოგამ იცის და თუმცა ბევრი რამ არ უთქვამს და იტყვის მაშინ, როცა საჭირო იქნება"