ბიძინა ივანიშვილი მამუკა ხაზარაძეს ოპოზიციაში წასვლისკენ მიერეკება

ბიძინა ივანიშვილი მამუკა ხაზარაძეს ოპოზიციაში წასვლისკენ მიერეკება

“ტელეკომპანია “რუსთავი 2“ -ის რეალური მფლობელი ქიბარ ხალვაში კი არა, ირაკლი ოქრუაშვილიც არასდროს ყოფილა. 2004 წლიდან ამ ტელეკომპანიას ერთადერთი ადამიანი მიხეილ სააკაშვილი ფლობდა, რომელიც „რუსთავი“ 2-ის სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავდა“,- ამის შესახებ “2020NEWS“ -თან “რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

დავით ბერძენიშვილი პოლიტიკაში “თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძეს შესაძლო ჩართვასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენს პოლიტიკაში წასვლისკენ უბიძგებს.

-ბატონო დავით,  ქვეყანაში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, ლარი მკვეთრად გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულებამ 3 ლარს მიაღწია. ასეთ ვითარებაში, ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის გადადგომასა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ქვეყანაში შექმნილი ვითარება აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობას მოითხოვს?

-საქართველოში არსებული ვითარება ძალიან საგანგაშოა. შექმნილ ვითარებაზე კი პასუხისმგებელი მთავრობა და ევროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეა, რომელმაც გეგმაც კი ვერ წარმოგვიდგინა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ კრიზისული ვითარებიდან. ასეთ ფონზე, წესიერი კაცი გადადგომაზე ნამდვილად იფიქრებდა. რაც შეეხება მთავრობას, ის სრულიად უმოქმედოა. ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა დამყარებული, შესაბამისად, რას იტყვიან ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძე ან მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, მნიშვნელობა სრულებით არ აქვს.

-შსს-მ  20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით “გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი მას შემდეგ დააკავა, რაც  თავდაცვის ყოფილი მინისტრი “ოცნების“ ლიდერს,  ბიძინა ივანიშვილს პირადად დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ  “რუსთავი 2“ მისი საკუთრებაა. თქვენი აზრით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავება პოლიტიკურ მოტივს უკავშირდება?

-პირადად გაცილებით მეტ მნიშვნელობას ირაკლი ოქრუაშვილის იმ განცხადებებს მივანიჭებდი, რომლებშიც  ოქრუაშვილი ხელისუფლებას ამხელს. 2014 წლის გაზაფხულზე ირაკლი ოქრუაშვილმა საკუთარი თავი „ქართული ოცნების“ პროკურატურას შესთავაზა და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ  ჩვენება მისცა, რის გამოც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია გასამართლებული.  ამჟამად ოქრუაშვილმა ხელი პირადად ბიძინა ივანიშნილსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაადო, რაზეც ბიძინა ივანიშვილი შეშფოთებულია, აქედან გამომდინარე, მისი დაკავება, ბუნებრივია, პოლიტიკურ ნიშანას ატარებს.

-მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლომ  “თიბის ბანკის“  დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს  ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით 700-700 ათასი ლარის გირაო შეუფარდა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას “ქართული ოცნების“ სისტემის დანგრევის გარანტია მისცა. აღნიშნული ხომ არ ნიშნავს, რომ ბიზნესმენმა პოლიტიკაში ჩართვის შესახებ გადაწვეტილება უკვე საჯაროდ დაადეკლარირა?

-დიდი ალბათობით, მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მოსვლას აპირებს. ფაქტია, ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენს პოლიტიკურ ოპოზიციაში წასვლისკენ მიერეკება.

მარტო მამუკა ხაზარაძე “ქართული ოცნების“ დამარცხებას ვერ შეძლებს. მამუკა ხაზარაძეს შეუძლია, ის ჯგუფები შეავიწროოს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ქვეყენაში მესამე და მეოთხე პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ. “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს აქვს რესურსი იმისა, რომ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინოს.