"დღეს არსებულ ვითარებას რაც შეეხება, ეს ადამიანები ვერ ისვენებენ, ვგულისხმობ ნაცმოძრაობის ელიტას. ვუყურებდი ნაციონალებს მთავრობის დამტკიცების დროს, მათ პრეტენზიებსა და რეაქციებს, და ალბათ ძალიან ბევრ თანამოქალაქეს ნერვები აეშალა. თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ნამდვილად ღირსეული პასუხი გასცა ყველა კითხვას, იყო ძალიან პრინციპული, ძალიან შემტევი. იმის მაგივრად, რომ თავი ჩაქინდრონ და გაჩუმდნენ ამდენი დანაშაულის, ამდენი უბედურების შემდეგ, რაც მათ თავს დაატეხეს ჩვენს ქვეყანას, ამის მაგივრად დიდ გულზე არიან, პრეტენზიებს აყენებენ და ვერ იტანენ ოდნავ კრიტიკასაც მათი მისამართით", - აცხადებს სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ყველა დასასჯელი უნდა დაისაჯოს.
"დიდმა ფრანგმა მოაზროვნემ და განმანათლებელმა ვოლტერმა, რომელიც ებრძოდა აბსოლუტიზმს, ინკვიზიციას, ასეთი ფრაზა წარმოთქვა - "გასრისეთ ქვეწარმავალი". ანალოგიურად, ჩვენ ვდგავართ ამოცანის წინაშე, რომ ამ მახინჯ ძალას, ნაციონალურ ელიტას, რომელმაც ამდენი უბედურება მოუტანა ჩვენს ქვეყანას, სრულად აგებინონ პასუხი ჩადენილი დანაშაულებისთვის. ჩვენი ხალხი ბევრ რამეს ელოდება ახლა "ქართული ოცნებისგან", ახალი მთავრობისგან, იმავე სოციალურ სფეროში, დასაქმების სფეროში, სოფლის მეურნეობის სფეროში, მაგრამ პირველ რიგში, ხალხი ელოდება სამართლიანობის აღდგენას. მოუთმენლად და ჰონორით რომ გამოდიან ეს ბარამიძეები, გაბაშვილები, ბოცო წიკლაურები - როდის დაიწყებთ თქვენი დაპირებების შესრულებასო, - აი, ამ დროს უნდა ვუპასუხოთ ჩვენ ერთი რამ - რომ სწორედ მოუთმენლად ელოდება ხალხი, როდის დადგება მთელი რიგი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. დაწყებული ძალიან მსხვილი ჩიტებით და დამთავრებული საშუალო და წვრილმანებით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ბათიაშვილი.
"მთელი ამ მანკიერი სისტემის ავტორი არის მიხეილ სააკაშვილი, თუმცა აქ არის პროცედურული პრობლემა - პრეზიდენტის პასუხსიმგებლობის საკითხის დასმა ხდება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით, ამიტომ ჯერჯერობით აქ არის სირთულე. დანარჩენი პირების მიმართ უნდა წამოიჭრას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ეს ადამიანები არიან დამნაშავეეები თუ არ არიან - ამას ელოდება მთელი საზოგადოება და ეს იქნება სამართლიანობის აღდგენის დასაწყისი. აი, ეს რომ დაიწყება, მერე როგორ იხტუნავებენ ნაციონალები და როგორ იყიყინებენ, ვნახავთ. მათ რატომღაც ჰგონიათ, რომ არიან ხელშეუხებელი და ვიღაცის თუ რაღაცის მფარველობის იმედი აქვთ... არადა, მასობრივად რაც ხდებოდა სააკაშვილის პერიოდში - მკვლელობები, რეპრესიები ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, - მსგავსი არ ყოფილა არასდროს", - დასძენს ირაკლი ბათიაშვილი და შეკითხვას - "დარჩება ვინმე ხელშეუხებელი? ითქვა ისიც, რომ ვიღაცებმა გარანტიები მიიღეს..." - პასუხობს:
"საზოგადოება ამ საკითხზე ძალიან ღელავს და ძალიან ადარდებს, რომ უსამართლობა არ მოხდეს, არ მოხდეს გარიგება! როცა ამდენი ტკივილი აქვს თითოეულ ოჯახს გადატანილი, ეს ოჯახები ელოდებიან, რომ არ მოხდება არანაირი გარიგება და კომპრომისი. ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანამ უნდა დაინახოს, რომ დამნაშავენი დაისაჯნენ სამაგალითოდ, როგორც ეს წესი და კანონია".