პათოლოგიური სიცრუით განთქმულმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნებამდე 7 თვით ადრე, როგორც სჩვევია, „ისტორიული“ ტყუილით გამოიჩინა. თუმცა ეს ტყუილი არა მარტო გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობითაც ისტორიული იყო: სააკაშვილმა საზოგადოება მოატყუა, როცა თქვა, რომ სულ მალე იერუსალიმის ჯვრის მონასტერი საქართველოს დაუბრუნდება. სულ მალე მის ამ სიცრუეს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და იერუსალიმის პატრიარქმაც ფარდა ახადეს, მაგრამ რად გინდა? სააკაშვილს ტყუილზე გამოჭერის არასოდეს რცხვენოდა და არც ამჯერად წაუყრია თავზე ნაცარი. პირიქით, კარგა ხანს თუთიყუშივით იმეორებდა დაზეპირებულ ტყუილს.
ისტორიული ძნელბედობის გამო მეჩვიდმეტე საუკუნეში დაკარგულ ჯვრის მონასტერს ბერძნები დაეპატრონენ. მისი სავალალო მდგომარეობა რუსთაველის ფრესკის წაბილწვამაც დაგვიდასტურა. ახლა კი ცნობილი რუსი ბლოგერი მარინა იუდენიჩი ასე აღწერს იქ არსებულ ვითარებას: „დღეს ბერძნები პრაქტიკულად აღარ უვლიან ჯვრის მონასტერს – ორი ქრისტიანი არაბის ამარა აქვთ მიტოვებული. მათ კი იქ ჩაიხანა და საწვრილმანო გახსნეს, თანაც თუთიყუშები მოაშენეს. სხვა ყველაფერი ვერანდება. იმის შესახებ, რომ საქართველოში ჯვრის მონასტერი ჯერ კიდევ ახსოვთ, ქმინდა გიორგის ხატია, რომელიც წარწერის თანახმად, მონასტრისთვის სააკაშვილს გადაუცია“.
მარინა იუდენიჩი მონასტრის ფოტოების გარდა ვიდეოსაც აქვეყნებს, რომელზეც თეთრი თუთიყუშია აღბეჭდილი. არც არაბულ, არც ივრითზე ნათქვამ ფრაზებზე მას რეაქცია არა აქვს, მაგრამ როგორც კი ქართული „გამარჯობა“ ესმის, თეთრი თუთიყუში მთელ წარმოდგენას მართავს: ბუმბულს აიშლის, ლამბაქს აყირავებს, სკამზე ცოცავს, დახტის, ერთი სიტყვით, „ერთი თუთიყუშის შოუს“ მართავს. კარგად დააკვირდით ამ თუთიყუშს ვიდეოჩანაწერზე და მიხვდებით, რომ იგი ძალიან ჰგავს სააკაშვილს; მასსავით ეგზალტირებულია, ცდილობს თავი გამოიჩინოს, უაზრო ქცევას მიმართავს და მიშასავით კმაყოფილია საკუთარი თავით!
საქართველოც, სააკაშვილის მმართველობის 9 წლის განმავლობაში „ერთი თუთიყუშის შოუს“ დაემსგავსა, რომლის გაგრძელება 21 ოქტომბერს, ქუთაისის დაუმთავრებელი პარლამენტში ვიხილეთ. თუმცა თუთიყუშიც არის და თუთიყუშიც! მეტეხის ტაძრის წინამძღვრის, მამა აკაკის თუთიყუში „მამაო ჩვენოს“ და „შვიდგზის“ ლოცვებს წარმოთქვამს, ეს ჩვენი მაღალი თუთიყუში კი ცრუობს და ცრუობს!