ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლების სათავეში მოსული გუნდის ცხრაწლიანმა მმართველობამ განათლებისა და მეცნიერების სფეროში არაერთი შავი თუ თეთრი ლაქა დატოვა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ფიგურისადმი საზოგადოება ყველაზე დიდ ინტერესს იჩენდა. განათლების სისტემის პრობლემებსა და განვითარების პერსპექტივაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი მარგველაშვილი გვესაუბრება:
- განათლების დონის გაუმჯობესება ყველა სახელმწიფოს უმთავრესი საზრუნავია; განათლება, მეცნიერება სტრატეგიული სფეროა. წინა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა განათლების სფეროს პოლიტიზებისა და მასზე ტოტალური კონტროლის დასამყარებლად, რაც საფუძველშივე ეწინააღმდეგება განათლების, კვლევის, შემოქმედების არსს. ამ მხრივ ცვლილება განათლების სისტემის ყველა დონეზეა განსახორციელებელი, აუცილებელია სისტემის დეპოლიტიზება. რაც შეეხება უმაღლესი განათლების სისტემას, "ბოლონიის პროცესთან" შეერთება სტრატეგიულად სწორი კურსია, მაგრამ ამასთანავე, არაერთი პრობლემა იჩენს თავს. უნივერსიტეტებს მეტი ავტონომია უნდა მიენიჭოს, რაც "ბოლონიის პროცესში" განიხილება არა მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციის დამოუკიდებლობად ხელისუფლებისგან, სამინისტროსგან, არამედ პროფესორ-მასწავლებლების, ლექტორების აკადემიურ თავისუფლებად იმავე რექტორატისგან. რექტორი ქმნის გარემოს, მაგრამ სტუდენტი აუდიტორიაში ლექტორის მოსასმენად შედის. ოპერაში პლასიდო დომინგოს თუ პაატა ბურჭულაძის მოსასმენად მისული მსმენელი არ იკითხავს, ვინ არის დირექტორი, მიუხედავად იმისა, რომ ეს დირექტორიც ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს თეატრის ცხოვრებაში.
ასევე უმნიშვნელოვანესია დაფინანსების პრობლემა. უნდა მოხდეს თანხების დივერსიფიცირება, უნდა მოვიზიდოთ არა მხოლოდ სახელმწიფო თუ კომერციული სახსრები, არამედ ამ სფეროში აქტიურად უნდა ჩაერთოს ბიზნესი. აგრეთვე აუცილებელია საერთაშორისო კონტაქტების აქტიური გამოყენება, გლობალურ დიალოგში ჩართვა. ამ თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია განათლებისა და მეცნიერების რეფორმის სახელმწიფო კომისიის როლი, რომელსაც ცნობილი მეცნიერი, ფიზიკოსი გია დვალი უხელმძღვანელებს.
მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მეცნიერების, მეცნიერული კვლევის ინტეგრაციას ეკონომიკასთან. მეცნიერი, პედაგოგი სტუდენტს, ერთი მხრივ, არსებული შრომის ბაზრისთვის ამზადებს და, მეორე მხრივ, სიახლეს, ნოვაციას ნერგავს.
- განათლების ყოფილმა მინისტრმა შაშკინმა ქართული სკოლა შეადარა ჯუნგლებს, სადაც, მანდატურების მეშვეობით, როგორც იქნა, წესრიგი დამყარდაო. როგორია თქვენი დამოკიდებულება მანდატურის ინსტიტუტისადმი?
- ეს სიტყვები სკოლის მართვის საფუძვლების არცოდნას ადასტურებს. ნებისმიერი პრობლემის, მათ შორის დისციპლინის საკითხის წამოჭრისას ერთმანეთს ეპაექრება ორი ღირებულება - თავისუფლება და აკრძალვა. ამიტომ პოლიტიკის დაგეგმვისას მათ შორის რაციონალური ბალანსი უნდა გამოიძებნოს. მაგალითად, როცა საუბარია სკოლაში სიგარეტის შეტანაზე, ამ მოვლენას შეიძლება ორნაირად ებრძოლო: სკოლის შესასვლელში ერთსაათიანი ჩხრეკა ჩაატარო ან სკოლა გისოსებში მოაქციო, მაგრამ ამ შემთხვევაში მოსწავლეების თავისუფლება იზღუდება. ამიტომ ოქროს შუალედის გამოძებნაა საჭირო. მანდატურის სამსახურმა დისციპლინის რაღაც პრობლემები, შესაძლოა, მოაგვარა, მაგრამ დააკნინა სკოლის, აღმზრდელობითი პროცესის მთავარი ღირებულება - თავისუფალი ადამიანის აღზრდა თავისუფალ გარემოში. ამიტომ, უპირველესად, მოსწავლის შეგნება უნდა ამაღლდეს, რომ თვითონ არეგულიროს ქცევა თავისუფალ გარემოში, თავისუფალ ადამიანებს შორის, რომ მუდმივად ზედამხედველი აღარ სჭირდებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ამგვარი მაკონტროლებელი თვალი ინსტიტუტშიც დასჭირდება და მომავალ ცხოვრებაშიც. ძალადობით თავისუფალი და მორალური ადამიანის აღზრდა შეუძლებელია, ისეთის, როგორიც ჩვენ გვინდა, მომავალი თაობა იყოს. სკოლაში მთავარი ფიგურა მასწავლებელია, და თუ მას მანდატური აკონტროლებს, რა ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს მოსწავლეებში? ახლახან ისიც კი მითხრეს: მასწავლებლებიც ადამიანები ვართ, ზოგჯერ ვცდებით და ასეთ შემთხვევაში მანდატურები გვაძლევენ რჩევასო; საინტერესოა, მანდატურები ადამიანები არ არიან, არ ცდებიან და მათი სიტყვაა ბოლო ჭეშმარიტება? მანდატურს ვინღა აკონტროლებს? თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ სკოლების ნაწილს, განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, ჰქონდეთ კრიმინალის პრევენციის პრობლემა, მით უმეტეს, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, ამ სკოლის დირექციამ, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა განაცხადონ, რომ სკოლას, განსაკუთრებით მის გარე პერიმეტრს კონტროლი სჭირდება; თვითონ პედაგოგმა უნდა განსაზღვროს, სად არის საჭირო ამგვარი ჩარევა, ისიც დროებით.
- არსებული მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 22 პროცენტს აქვს მიღებული უმაღლესი განათლება, მაშინ, როცა ისრაელში, კანადაში ეს მაჩვენებელი თითქმის 50 პროცენტია. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია ჩვენში სწავლის საკმაოდ მაღალ საფასურთან, რომელიც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელშიც კი 2 250 ლარია?
- ეს ციფრები ეკონომიკურ განვითარებასთან ბმაში, მასთან შეფარდებით უნდა განვიხილოთ. რაც შეეხება დაფინანსებას, საზოგადოდ, სწავლის საფასური მისი ხარისხის პირდაპირპროპორციულია. ამიტომ ჩვენი მიზანი სწავლის საფასურის უპირობო შემცირება კი არა, არამედ იმის განსაზღვრაა, ვისზე უნდა გადადიოდეს ეს ტვირთი. ხაზგასმით აღვნიშნავ - ეს არ ნიშნავს, რომ სწავლის საფასური მთლიანად სტუდენტმა უნდა გადაიხადოს. დღევანდელი სტუდენტური ვაუჩერი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ლექტორს კარგი ხელფასი გადაუხადო და მას სამეცნიერო კვლევის საშუალება ჰქონდეს. უმაღლესი სასწავლებლების რექტორების ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია სწორედ ახალი ფინანსური სახსრების მოზიდვა და არსებულის ეფექტიანი მართვაა. ვიმედოვნებ, ამ თვალსაზრისით რექტორებთან სამინისტრო კონსტრუქციულად იმუშავებს. საჭიროა გამოინახოს ალტერნატიული გზები საიმისოდ, რომ თანხა, რომელიც სტუდენტს უმაღლეს სასწავლებელში მიაქვს, მსოფლიო სტანდარტს მივუახლოოთ. მხოლოდ მეტი ფინანსების მოზიდვით შევძლებთ გვქონდეს იმავე ხარისხის განათლება და მეცნიერება, რაც ევროპის წამყვან ქვეყნებშია.