დაუბრუნებენ ასლან აბაშიძეს ჩამორთმეულ ქონებას?

დაუბრუნებენ ასლან აბაშიძეს ჩამორთმეულ ქონებას?

ახლახან, საპარლამენტო არჩევნებში "ნაცმოძრაობის" დამარცხების შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა აჭარის ავტონომიის ყოფილი მეთაური ასლან აბაშიძე და თქვა, რომ ბათუმში ცვილის ფიგურების მუზეუმის გახსნის იდეა სწორედ მაშინ გაუჩნდა, როცა ქვეყნიდან წასული ასლან აბაშიძის კაბინეტში გენერლის კამუფლაჟი იხილა. "ასლან აბაშიძე არის ბოროტი ჯადოქარი, რომელმაც ცირკი დაწვა და დელფინებს აშიმშილებდა", - განაცხადა სააკაშვილმა უფრო ადრე, ბათუმელ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე. 2007 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასლან აბაშიძეს დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და ჯარიმად 60 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა, ქონების დიდი ნაწილი კი ჩამოართვეს და გაყიდეს. ითხოვს თუ არა ასლან აბაშიძე ქონების დაბრუნებას? - ამ საკითხზე ასლან აბაშიძის ყოფილი ადვოკატი, ახალარჩეული პარლამენტის წევრი შალვა შავგულიძე გვესაუბრება:

- ასლან აბაშიძეს ახალი მოთხოვნა ქონების დაბრუნების თაობაზე არ წაუყენებია, თუმცა 2005 წელს შეიტანა სარჩელი სტრასბურის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მასში გასაჩივრებულია "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მიღებული "უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ადმინისტრაციული წესით ჩამორთმევის" საკითხი. თავისთავად ეს კანონი, რომლის ძალითაც ჩამოერთვა ქონება წინა, შევარდნაძის დროინდელ არაერთ მაღალჩინოსანს, საფუძველშივე ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიც არის უდანაშაულობის პრეზუმფცია, ვინაიდან ქონების ჩამორთმევა უკვე სასჯელის სახით ხდებოდა ბრალდებულისათვის, რომელიც სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი არ იყო, ასევე ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციით დაცულ საკუთრების უფლებასაც და ა.შ. სტრასბურის სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და ახლა განხილვას ელოდება. აღსანიშნავია, რომ ქონების მითვისებაში ბრალი წარდგენილი არ არის, ბრალდება არის სუსტი და ვფიქრობ, ასლან აბაშიძე ამ საქმეს მოიგებს.

- როგორ შეიძლება წარიმართოს პროცესები, თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ აბაშიძეს ქონება უკანონოდ ჩამოერთვა?
- ამ საკითხებს კანონი დაარეგულირებს. აღსანიშნავია, რომ ბინა ზაქარიაძის ქუჩაზე, N8-ში, ასლან აბაშიძის ოჯახმა მაშინ მიიღო, როცა ის ჯერ კიდევ თბილისში მუშაობდა მაღალ თანამდებობაზე. ეს სამთავრობო ბინა იყო, და რა თქმა უნდა, ამ ბინის მიჩნევა უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებად არ შეიძლება. რაც შეეხება ბინას ბათუმში, რომელიც მას ჩამოართვეს, აღსანიშნავია, რომ ესეც მემკვიდრეობით მიღებული ბინაა, რომელიც აბაშიძეების ოჯახს 1937 წლის რეპრესიების დროს დაათმობინეს. ასე რომ, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მათ ეს ბინა ხელმეორედ ჩამოართვეს. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული სასამართლო და როგორ განვითარდება მოვლენები. მე ასლან აბაშიძის ადვოკატი ვეღარ ვიქნები, ვინაიდან პარლამენტის წევრი გავხდი; ამიერიდან ის სხვა ადვოკატებთან ერთად იმოქმედებს, დაელოდებიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული სასამართლო და ამის მიხედვით განსაზღვრავენ, როგორ იმოქმედონ ქართულ სამართალწარმოებაში.