ახალ წლამდე დაგეგმილი ამნისტია სხვადასხვა ფორმით პრაქტიკულად ყველა პატიმარს შეეხება

ახალ წლამდე დაგეგმილი ამნისტია სხვადასხვა ფორმით პრაქტიკულად ყველა პატიმარს შეეხება

"ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ახალ წლამდე პატიმართა ამნისტია იგეგმება, თუმცა იქნება თუ არა ეს ფართომასშტაბიანი, წინასწარ ვერ ამბობენ. ჯერჯერობით საკითხის განხილვა ახალ პარლამენტში დაწყებული არ არის. არც კონკრეტული კანონპროექტის შესახებ არსებობს რაიმე ინფორმაცია. რა მოლოდინია საზოგადოებაში და დატოვებს თუ არა ციხეებს მსჯავრდებულთა უმრავლესობა, ამაზე "რეზონანსი" უფლებადამცველებს ესაუბრა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ამნისტია იქნება... ვის შეეხება, ჯერ არ იციან / ზოგიერთი პატიმრების რაოდენობის განახევრებასაც კი ითხოვს.

"ამნისტია სხვადასხვა ფორმით ყველა ადამიანს უნდა შეეხოს, ნაწილს - სასჯელისგან სრულიად გათავისუფლებით, ნაწილს - განახევრებით, ან თუნდაც რამდენიმე წლის მოკლებით - ეს იმიტომ, რომ სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რა პირობებშიც ამყოფებდა ის პატიმრებს. არა აქვს მნიშვნელობა იმას, რომელი ხელისუფლება იყო ამის გამკეთებელი. ახალი ხელისუფლება ძველის სამართალმემკვიდრეა, ამიტომ ამით თავისი თანაგრძნობა და თანადგომა უნდა გამოხატოს პატიმრების და ნაწამები ადამიანების მიმართ. ეს სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაცია უნდა იყოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ მთავრობა აპირებს შეკრებითობის პრინციპი გააუქმოს, ვფიქრობ, დაახლოებით, ნახევრით უნდა შემცირდეს პატიმართა რაოდენობა, ვინც დარჩებიან, შეღავათი ექნებათ, ამნისტიის შედეგად წლების რაოდენობა მოაკლდებათ. ყოველ კონკრეტულ მუხლს რა დონით უნდა შეეხოს ამნისტია ეს ცალკე განხილვის თემაა და ამაზე ახალმა მთავრობამ უფლებადამცველებთან ერთად უნდა იმსჯელოს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.

"ვფიქრობ, ნაკლებადმძიმე დანაშაულს ეს ამნისტია უნდა შეეხოს. ჩემი აზრით, ფინანსური დანაშაულის მქონე პატიმრებიც უნდა გათავისუფლდნენ. ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრ მუხლს შეეხოს ამნისტია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა უნდა გამოუშვან. არიან ისეთი პატიმრები, რომლებსაც ძალიან მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი. აუცილებელია, რომ პატიმართა რაოდენობა, რომელიც კატასტროფულად მაღალია მოსახლეობასთან თანაფარდობაში, შემცირდეს. ძალიან ბევრმა ადამიანმა საპატიმრო უნდა დატოვოს, არა მარტო ამნისტიით, არამედ ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიების მეშვეობითაც. აუცილებლად უნდა მიექცეთ ყურადღება იმ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ. არიან ისეთი მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში ყოფნის დროს დაავადდნენ, ამ შემთხვევაში სახელმწიფოა პასუხისმგებელი, რომელსაც უნდა ეზრუნა მისთვის პირობების შექმნაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე", - ამბობს ადვოკატი ირმა ჭკადუა

"ბოლო 6-7 წლის განმავლობაში ყველა ადამიანი, რომელიც პენიტენციალურ სისტემაში მოხვდა, არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლია. ვინაიდან, ერთი თვეც კი ისეთი სტრესის მომცველი იყო, რომ მას 2-3 წელი რეაბილიტაციისთვის სჭირდებოდა. ამ წლების განმავლობაში მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი, რომლებიც დახურული ტიპის დაწესებულებებში ანუ საპყრობილეებში (გლდანის მე-8, რუსთავის მე-6) იმყოფებოდნენ, სადაც ადამიანებს განაჩენით არ ჰქონდათ მისჯილი, რომ მათ დახურული ტიპის დაწესებულებაში უნდა მოეხადათ სასჯელები. თუკი ხელისუფლება იფიქრებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს ერთი დღე ორ დღედ ჩაუთვალოს, ძალიან ბევრ ადამიანს ესეც შვებას მისცემს", - მიიჩნევს ირმა ჭკადუა.

"ძალიან ბევრი ავადმყოფი ქალბატონია დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 70 ქალი სასწრაფოდ საჭიროებს ქალაქის ტიპის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ან სასჯელის გადავადებას. პრაქტიკულად, ყოველი მე-3 მსჯავრდებულს მკერდის და საშვილოსნოს სიმსივნე აქვს, არიან ქალბატონები, რომლებსაც სასჯელის ნახევარზე მეტი უკვე მოხდილი აქვთ, ან თვეები აქვთ დარჩენილი და მათი გათავისუფლებაც უნდა მოხდეს. რეალურად მათ ვადამდე ადრე გათავისუფლება ეხებათ. 70 წლამდე ქალბატონები დღესაც ციხეებში არიან გამოკეტილები და უდო არ ეხებოდათ. არიან უდანაშაულო პატიმრები, მაგალითად, ჟურნალისტ მაკა მოსიაშვილს ერთი სტატიის გამო 7 წელი აქვს მისჯილი, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები. სტატიაში ის პეტრე ცისკარიშვილს და ვანო მერაბიშვილს შეეხო, რომლებმაც ერთ-ერთ ქალბატონს კახეთის რეგიონში კერძო საკუთრება ჩამოართვეს და საპატრულო პოლიციას გადასცეს. ამ სტატიასთან დაკავშირებით ის დაიჭირეს და თაღლითობის მუხლით ციხეში 7 წლით ჩასვეს, აქედან 2 წელი და 5 თვე აქვს დარჩენილი და უდო ეხება. ასეთი ადამიანების საქმეების გადახედვა და გათავისუფლება აუცილებლად უნდა მოხდეს. შესაძლოა, ეს ამნისტიის ფარგლებშიც განხორციელდეს", - დასძენს ირმა ჭკადუა.

"ყველა ამნისტიის შემთხვევაში ის სხვადასხვა მუხლებით მსჯავრდებულ პატიმრებს ეხებოდა, მაგრამ იშვიათად ხდებოდა მძიმე დანაშაულებების მქონე პატიმრების გამოშვება. ძველი ამნისტიების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ძირითადად სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პირებს შეხებია. მაგრამ გვახსოვს ამნისტია ნარკოტიკებთან დაკავშირებით - 2009 წელს 260-ე მუხლს შეეხო ამნისტია, ანუ კანონში ჩაიწერა ასეთი რამ, რომ პიროვნებას, რომელიც ნასამართლევი იყო 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკების შეძენა, შენახვა) ამნისტია ეხებოდა სასჯელის განახევრებით. თუმცა, ეს მუხლი ნაკლებადმძიმე არ არის, პირიქით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვება. ანუ უკვე გვქონდა პრეცენდენტი, რომ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზეც კი გამოსულა ამნისტია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალი ამნისტიის კანონი, რომელსაც პარლამენტი ამზადებს, შეიძლება როგორც ნაკლებადმძიმე ასევე მძიმე დანაშაულებსაც შეეხოს", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საიას იურისტი მიხეილ ღოღაძე.

"შეიძლება ითქვას, რომ ამნისტია ყველანაირი კატეგორიის დანაშაულს შეიძლება შეეხოს, რაც სახელმწიფოს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ამნისტია, კონკრეტულ პატიმარზე, გამოუშვას თუ არა ის ციხიდან, ვერ მსჯელობს, ის ადგენს მუხლს, რასაც უნდა შეეხოს. მაგალითად, 177-ე მუხლით მსჯავრდებულები უნდა გამოუშვან. თუმცა არ იციან ეს პიროვნებები წარსულში როგორი ადამიანები იყვნენ, ნანობენ თუ არა დანაშაულს, ამას ვერ განსაზღვრავს. კარგი გათავისუფლდება თუ ცუდი, ამაზე ამნისტია ვერ მსჯელობს. სამაგიეროდ მსჯელობენ მუხლზე, რამდენად საშიში შეიძლება იყოს ამ მუხლით დაპატიმრებული ადამიანი საზოგადოებისთვის. კონკრეტული კანონპროექტის დადების შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რა კატეგორიის ხალხი გამოვა ამნისტიით და რა რაოდენობით", - დასძენს საიას იურისტი.

"ამნისტიის შინაარსის თაობაზე საუბარი წინასწარ იკრძალება. მისი არსი ისაა, რომ ხელისუფლებამ გამოხატოს პოლიტიკური ნება პატიმრებთან მიმართებაში. ასე რომ, ვერც მუხლებს და ვერც პირთა წრეს, ვის შეიძლება ეს შეეხოს, სამწუხაროდ, წინასწარ ვერ გეტყვით. ეს პარლამენტის გადასაწყვეტია, რაზეც ჯერ არც გვიმსჯელია. მთავრობის ფორმირება ორიოდე დღის წინ დასრულდა, შესაბამისად, კომიტეტებს საკითხების განხილვა არ დაუწყია. იქეთ კვირიდან აქტიურ კანონშემოქმედებით საქმიანობას შევუდგებით და ერთ-ერთი პირველი საკითხი ამ წინადადების ინიცირება იქნება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პარლამენტის უმრავლესობის წევრი ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი.