24 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეკითხვებს პასუხობდა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი შეხვედრის ქრონომეტრაჟი გაცილებით აღემატებოდა მეორისას. შეხვედრები განსხვავებული იყო სიმწვავის თვალსაზრისითაც. უმცირესობის წარმომადგენლები მომავალ პრემიერ-მინისტრს არარეალისტური სამოქმედო პროგრამის ცვალებადობასა და ბუნდოვანებაში სდებენ ბრალს. ივანიშვილი ოპონენტებს კატეგორიულად არ ეთანხმება და მათ თანამშრომლობას ”ახალი რეალობის” ფარგლებში ურჩევს.
უმცირესობის წარმომადგენელთა შეკითხვებს ბიძინა ივანიშვილი (ორსაათ-ნახევრის) 2,5 საათის განმავლობაში პასუხობდა. ოპონენტებს ლამის კონკრეტული თვე და რიცხვიც კი აინტერესებდათ, თუ როდის შესრულდება ”ქართული ოცნების” სამოქმედო პროგრამით განსაზღვრული ესა თუ ის დაპირება, უკავშირდება ეს, მაგალითად, ჯანდაცვას, საპენსიო უზრუნველყოფას, სოფლის მეურნეობასა თუ კომპენსაციების გაცემას სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის.
ისევე როგორც წინასარჩევნო კამპანიის დროს, ბიძინა ივანიშვილი არც ამჟამად აკონკრეტებს, მაგალითად, როდის გაიზრდება პენსია 220 ლარამდე (წინასაარჩევნო კამპანიის დროს ირაკლი ალასანიას მიერ დასახელებულ ოდენობამდე), მაგრამ მომავალი პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ამ მიზნის მიღწევა არცთუ შორეული პერსპექტივაა:
”ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვახერხებთ ჩვენ რეალურად ინვესტიციების მოზიდვას, სამუშაო ადგილების შექმნას, ხალხის დასაქმებას, თითოეულ ოჯახში შემოსავლის ზრდას, რაც პარალელურად გამოიწვევს ბიუჯეტის გაზრდას და ასე შემდეგ. დროის დაკონკრეტება დღესაც შეუძლებელია, მაგრამ უახლოეს დროში - უახლოეს რამდენიმე წელიწადში - ეს რეალურია და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ.”
ზუსტი ვადების დასახელებისგან ბიძინა ივანიშვილი თავს დევნილთა შემწეობების გაზრდასთან მიმართებითაც იკავებს, თუმცა ამბობს, რომ დახმარება საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ უნდა იყოს და რომ მრავალჭირგამოვლილი ადამიანებისთვის ღირსეული პირობების შექმნა მისი მთავრობისთვის ერთ-ერთ უპირველეს მიზნად დარჩება.
ასევე პირველი რიგის, მაგრამ შედარებით უფრო სწრაფად მოსაგვარებელ ამოცანებს შორის მომავალი პრემიერ-მინისტრი ასახელებს კომუნალური გადასახადების შემცირებას. ხელოვნურად გაზრდილი ტარიფების უკან ის ხელისუფალთა ინტერესების კვალს ხედავს. აქვე ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა უმცირესობასთან შეხვედრის მსვლელობისას სხვადასხვა ფორმით რამდენჯერმე გაიმეორა, რომ დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან და რომ გამოძიების პროცესში საზოგადოება, სხვა ტიპის დანაშაულებთან ერთად, აუცილებლად შეიტყობს ელიტარული კორუფციის არაერთი მაგალითის შესახებ.
იმას, რომ დაპირებათა შესრულების კონკრეტული ვადების დასახელებას ერიდება, მომავალ პრემიერ-მინისტრს ოპონენტები ძალიან დიდ მინუსად უთვლიან და იქვე გამოთქვამენ დიდ ეჭვებსაც, რომ ამომრჩეველი მოტყუვდება, რადგანაც, მაგალითად, ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევასა და სოფლის მეურნეობის დაფინანსებასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტი, უბრალოდ, ვერ გასწვდება. ასეთ მითითებაზე პასუხად, ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ, თუკი სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ გასწვდება, სპეციალური ფონდების საშუალებით ის საკუთარ ფულსაც დახარჯავს. ასეთი პერსპექტივა, უპირველეს ყოვლისა, საყოველთაო დაზღვევასა და სოფლის მეურნეობის დაფინანსებასთან ერთად, გამიზნულია სტიქიის შედეგად დაზარალებული კახეთისთვისაც:
”მე სრულად ავუნაზღაურებ დანაკლისს. ზოგს მოუწევს 50 ათასი, ზოგს მოუწევს ნაკლები. მე დავპირდი სრულად ანაზღაურებას და ზუსტად ასე განვახორციელებთ.”
თავად ივანიშვილისგან განსხვავებით, უმცირესობის წარმომადგენლებს ეჭვი ეპარებათ, რომ მომავალი პრემიერ-მინისტრის გეგმები დაფინანსების ალტერნატიულ წყაროსთან დაკავშირებით რეალისტური და ეფექტიანი იქნება. მაგალითად, გოკა გაბაშვილი თვლის, რომ ერთჯერადი ინექციებით შესაძლოა წინა მთავრობის მიერ აწყობილი ეკონომიკური ღერძიც კი დაინგრეს. გაბაშვილისთვის აშკარად გაუგებარია ივანიშვილის უპრეცედენტო გეგმები:
”ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა მსოფლიოში, ალბათ, რომლის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ ბიუჯეტს არ იცნობს და ჯანდაცვის სისტემას და სოფლის მეურნეობის უფასოობას დააფინანსებს თავისი ჯიბით. არსად, არასდროს, არც ერთ ვითარებაში, არც ერთ კონტინენტზე მე ასეთი ქვეყანა არ მინახავს, სადაც, მწყობრი გეგმის ნაცვლად, არსებობს დაპირება, რომ რაღაც ფული მაქვს, თუ არ ეყოფა ქვეყნის ბიუჯეტი, ჩემსას დავამატებ და წელიწად-ნახევარში წავალ.”
ბიძინა ივანიშვილმა 24 ოქტომბერს გარკვევით თქვა, რომ ხელისუფლებიდან ის წელიწად-ნახევარში აპირებს წასვლას, თუმცა დარწმუნებულია, რომ მის მიერ დატოვებული სანდო გუნდი ”ქართული ოცნების” მიერ საზოგადოებისთვის მიცემულ ყველა დაპირებას შეასრულებს.
საკამათო თემად კვლავაც რჩება რუსეთი. მართალია, 24 ოქტომბრის შეხვედრაზე უმცირესობის წარმომადგენლები, წინასაარჩევნო კამპანიისგან განსხვავებით, გაცილებით ფრთხილად მიუდგნენ ბრალდებას ბიძინა ივანიშვილის პუტინის რუსეთთან კავშირის შესახებ, მაგრამ რუსეთთან სამომავლო ურთიერთობების თემა მაინც საკმაოდ მწვავედ წამოიჭრა და, ცხადია, ძირითადად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში. მაგალითად, როგორც გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, მისთვის და მისი გუნდისთვის გაურკვეველია, თუ როგორ და რის შესახებ აპირებს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა რუსეთთან დიალოგს, თუ არა დეოკუპაციის თემაზე.
ბიძინა ივანიშვილმა უმცირესობას განუმარტა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მისი გუნდის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ”ჩვენ ჭეშმარიტად უნდა ავაღორძინოთ ეკონომიკა, საქართველო უნდა გავხადოთ საინტერესო საცხოვრებლად. ჩვენ უნდა დავაინტერესოთ ჩვენი ძმები - აფხაზები და ოსები - იმ პირობებით, რომლებიც საქართველოში რეალურად შეიქმნება”, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კიდევ უფრო სწრაფადაც მოხერხდეს, თუკი მოხდება ინტერესთა გარკვეული თანხვედრა გლობალური პოლიტიკის ჭრილში. რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებთან დაკავშირებით ივანიშვილს, როგორც თავად ამბობს, კონკრეტული გეგმა არ გააჩნია, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს სავსებით შესაძლებელია ვაჭრობისა და კულტურული ურთიერთობების ჭრილში.
იმის გარდა, რომ საპარლამენტო უმცირესობა არ აპირებს ნდობა გამოუცხადოს ივანიშვილის მთავრობას, შეიძლება ითქვას, რომ უმცირესობის ზოგიერთი წარმომადგენლის 24 ოქტომბრის გამოსვლებს აშკარად ჰქონდა ირონიული ელფერი. მაგალითად, გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა და აწ უკვე უმცირესობის წარმომადგენელმა - გოგა ხაჩიძემ - ბიძინა ივანიშვილს, მთელი საზოგადოების სახელით, ანეკდოტის მოყოლა სთხოვა, რაზეც მომავალმა პრემიერ-მინისტრმა შეკითხვით უპასუხა და დაინტერესდა, მართლა სეირნობდა თუ არა გოგა ხაჩიძე ველოსიპედით სამინისტროს დერეფნებში. ნუგზარ წიკლაურმა ბიძინა ივანიშვილს უწოდა ”ცვალებადი ფსიქიკის ადამიანი”, რომელიც ასევე ხშირად იცვლის პოზიციებსა და შეხედულებებს:
”ჯერ ამბობდით, რომ წაბრძანდებოდით ამერიკაში პირველი ვიზიტით, მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ევროპაში უნდა წახვიდეთ; ამბობდით, რომ გადასახადები ელვისებურად დაიწეოდა, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის; ამბობდით, რომ საპროცენტო განაკვეთი 1-ის, 2-ის ან მაქსიმუმ 3-ის ფარგლებში იქნებოდა, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის; ვერაფერზე ვერ ასახელებთ თარიღს, თუ როდის შეასრულებთ ამა თუ იმ დაპირებას; ამბობდით, რომ ხიდს დაანგრევდით, ახლა აღარ ვიცით თქვენი პოზიცია ხიდის დანგრევასთან დაკავშირებით.”
წიკლაურთან ივანიშვილი პოლემიკაში არ შესულა და მისი ბრალდებებისთვის სერიოზული პასუხი არ გაუცია. მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, უბრალოდ, თქვა, რომ მსგავსი უსაფუძვლო შეფასებები სამომავლოდ აუცილებლად დაკარგავს ძალას, თუკი ოპონენტები ახალ რეალობას არ გაითვალისწინებენ:
”პირობას გაძლევთ, რომ თქვენს დემაგოგიას გასავალი აღარ ექნება მომავალში. თქვენ დაკარგავთ თქვენი დემაგოგიის გასაღების ბაზარს, თუკი არ შეიცვლით პოზიციას და არ შეიცვლით პლატფორმას, რისი სურვილიც მე გამაჩნია.”
პოზიციებსა და მიდგომებს შორის პრინციპული განსხვავებების არარსებობის გამო, 24 ოქტომბერს საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა უმრავლესობასთან, თუმცა იმის გამო, რომ შეხვედრას საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალყურს, უმრავლესობის წარმომადგენლებმა მომავალ პრემიერ-მინისტრს რამდენიმე შეკითხვა მაინც დაუსვეს. თუკი გაცემული პასუხების ძირითად აქცენტებს გადავხედავთ, ივანიშვილი ამბობს, რომ: მე-4 ხელისუფლებად წოდებულ მედიას, რომლის დამოუკიდებლობაც გარანტირებული უნდა იყოს, არ ექნება ხელისუფლებისგან ინფორმაციის მოპოვების პრობლემები; სამომავლოდ აუცილებლად სამაგალითოდ დაისჯება თითოეული ჩინოვნიკი, რომელიც სიხარბეს ვერ მოერევა და კორუფციისკენ გაექცევა თვალი; აუცილებლად დაიხვეწება შრომის კოდექსი, რამაც დაქირავებულთა ღირსეული დასაქმება უნდა უზრუნველყოს და გაფიცვების ალბათობა ქვეყანაში საგრძნობლად უნდა შეამციროს.