კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატის მიერ წარგზავნილი სამუშაო ჯგუფის მისვლამ კულტურის სამინისტროში დიდი ხმაური გამოიწვია. მინისტრობის კანდიდატი გურამ ოდიშარია ხელოვნების მოღვაწეებთან ერთად სამინისტროს წარმომადგენლებს გასაცნობად უნდა შეხვედროდა. თუმცა შეხვედრა ჩაიშალა.
რა მოხდა სინამდვილეში 12 ოქტომბერს, ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, გურამ ოდიშარიამ გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში ისაუბრა.
"ჩემი პირველი სტუმრობიდან მალევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გავუშვი სამუშაო ჯგუფი მერაბ თავაძის ხელმძღვანელობით და ამ ჯგუფში იყო ქალბატონი თაკო ჩარკვიანიც. ჩემი თხოვნის გათვალისწინებით, მერაბმა აუხსნა ჯგუფის წევრებს, რომ ჩვენი მიზანი გაკრიტიკება კი არა, გასაანალიზებლად და პრიორიტეტების შესარჩევად მათი საქმიანობის გაცნობა იყო: რა პროექტები განახორციელეს და რას გეგმავდნენ, მერე თვითონ რომ განგვესაზღვრა, როგორი სამინისტრო გვინდოდა. სამწუხაროდ, როგორც მითხრეს, მინისტრის მოადგილეებთან და დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას ჩვენი ჯგუფის წევრების დასაწყისშივე ნათქვამმა სიტყვებმა დარბაზში მყოფნი გააღიზიანა, რაც შელაპარაკებაში გადაიზარდა და შეხვედრაც ჩაიშალა. ფინანსებსა თუ სხვა საკითხებზე ინფორმაცია შეიძლება ინტერნეტშიც მოიძიო, მაგრამ სამინისტროში სამუშაო ჯგუფის მისვლის მიზანი ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება იყო. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი დევიზიც ეს გახლდათ: გავიმარჯვებთ ერთად, გავიმარჯვებთ სიყვარულით, ხოლო შემდეგ დაქსაქსული ეროვნული ენერგიაც უნდა გავაერთიანოთო. მიმაჩნია, რომ შეხვედრაზე ორივე მხარე არაკორექტული იყო, თუმცა ჩემი ჯგუფისგან მეტს მოვითხოვდი და ახლაც მეტს ვითხოვ", - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
ოდიშარიას თქმით, სამინისტროში არაპროფესიულად ჩატარებულმა შეხვედრამ და ხელოვნებათმცოდნე თაკო ჩარკვიანთან დაკავშირებულმა სკანდალმა მის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედა.
"ყველაზე მეტად საზოგადოებაც და ჩვენი მხარდამჭერებიც გააღიზიანა ქალბატონი თაკოს ინტერვიუებმა და მედიასაშუალებებით გავრცელებულმა ინფორმაციებმა, სადაც აშკარად თუ შეფარვით ცხადდებოდა თაკო ჩარკვიანის მომავალი მინისტრის მოადგილეობის შესახებ. სხვათა შორის, ერთხელ მკითხა კიდეც, მე რა თანამდებობაზე განმიხილავთო და ვუთხარი, იქ არავინ განიხილება რამე თანამდებობაზე-მეთქი. გაუგებარია, ქალბატონმა თაკომ ან შეხვედრაზე, ან შემდეგ რატომ აიღო ინიციატივა, ვინ უთხრა ან შეაგულიანა, რომ მინისტრის მოადგილე იქნებოდა? სოციალურ ქსელში ვნახე, რომ გვერდიც კი გაუხსნია, თუმცა გამორიცხული არ არის, სხვამაც გაუხსნა: "თაკო ჩარკვიანი - კულტურის მინისტრის მოადგილე". ეს არის დეზინფორმაცია, რამაც, რა თქმა უნდა, ძალიან იმოქმედა ჩემს რეპუტაციაზე. შეცდომად მივიჩნევ, რომ ასე ნაჩქარევად მომზადებელი ჯგუფი გავუშვი სამინისტროში. ერთსაც გეტყვით: მიმაჩნია, რომ კულტურის სამინისტროში არაპროფესიულად ჩატარებულმა შეხვედრამ, რომელიც მასმედიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ასევე არაპროფესიულად გააშუქა, 15-წუთიანი კამათის სხვა სივრცეში გადატანა გამოიწვია, მაგრამ ამან ლაკმუსის როლი შეასრულა და გვიჩვენა, ჩვენი საზოგადოება რა ფაქიზად, ეჭვიანადაც კი, უყურებს კულტურასა და ხელოვნებას და როგორ აფასებს მომხდარ მოვლენებს. მოგვიანებით ბატონ ნიკოლოზ რურუასაც შევხვდი პირისპირ და ერთი საათის განმავლობაში კონსტრუქციულად ვისაუბრეთ. ორივეს კარგად გვესმის, რომ მინისტრები მოდიან და მიდიან, კულტურა კი მარადიულია", - აღნიშნა ოდიშარიამ.
ოდიშარია აცხადებს, რომ მოადგილეებთან დაკავშირებით ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა მას თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას საზოგადო მოღვაწეები ხელმოწერილი მიმართვის ფორმით სთავაზობენ.
"სხვათა შორის, წერილი ახალგაზრდებმაც გამომიგზავნეს, თუმცა ისინი მოადგილის კანდიდატურებს არ მთავაზობენ, მხოლოდ კულტურის პოლიტიკის ობიექტურად და ქვეყნის სასიკეთოდ წარმართვას მთხოვენ. ჯერჯერობით მოადგილეებზე ვერაფერს გეტყვით, არაფერი გადამიწყვეტია. რადგან წერილების წერა დაიწყო, როგორც ჩანს, საზოგადოებას დიდი ხანია აწუხებს საკითხები, რაზეც აქამდე არ უმსჯელია. ამიტომ გუნდურ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ოღონდ არა მხოლოდ წერილების ავტორთა აზრის გათვალისწინებით", - განუცხადა მინისტრობის კანდიდატმა გაზეთ "ყველა სიახლეს".