"დახოცილი ბიჭების უკან დგას ტაიპი. ქისტების ადათობრივი სამართლით ახალაიებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება. თუ სააკაშვილმა გასცა დახოცვის ბრძანება, მას მოუწევს პასუხისგება, ან შურისძიება გადავა მის შვილზე..."
"ლოპოტის ხეობაში მოწყობილ ე.წ. სპეცოპერაციაზე ზუსტი პასუხის გაცემა ჯერჯერობით შეუძლებელია. თუმცა არსებობს ვერსია: 1. ეს იყო ხელისუფლების პიარაქცია, მოეგო არჩევნები და ხალხი დაეშინებინა; 2. იგეგმებოდა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერაქტი; 3. სპეცსამსახურების ხელმძღვანელები ბიჭებს დაღესტანში გადასვლას შეჰპირდნენ, ამის შესახებ შეიტყვეს რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა და ინფორმაციას ხმაური რომ არ მოჰყოლოდა, ისინი დახოცეს", - აცხადებს სტრასბურში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის წევრი, წარმოშობით ქისტი მათე ციხესაშვილი გაზეთ"ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვაინახები შურისძიებისთვის ემზადებიან?
"ისმის კითხვა - იყვნენ თუ არა დახოცილი ბიჭები ბოევიკები? ჩემი აზრით, არა. ე.წ. ბოევიკები ასეთ შეცდომებს არ უშვებენ და სასაკლაოზე არ მიდიან. არც ივანიშვილის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობას სჭირდებოდა 17 კაცი, ასეთ შემთხვევაში ორი კილერიც საკმარისია. რაც შეეხება დაღესტანში გადასვლას, ნებისმიერმა ბოევიკმაც და არაბოევიკმაც იცის, რომ კავკასიონის ქედს მთლიანად რუსეთის უშიშროების დანაყოფები აკონტროლებენ და იქ ჩიტიც ვერ გადაფრინდება. ვფიქრობ, ეს ბიჭები მოტყუებით ჩაიყვანეს ლოპოტის ხეობაში, მძევლების აყვანა დააბრალეს და დახოცეს. დახოცილი ბიჭები არიან პანკისის ხეობაში მცხოვრები და ჩეჩნეთიდან შემოსული ლტოლვილები. მიცვალებულის დატირებას ჩეჩნეთში რუსებიც კი არ უკრძალავდნენ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებამ კი პანკისელ ქისტებს გლოვა აუკრძალა, ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ლაფანყურის ტრაგედია არის სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დადგმული ფარსი და ამაზე მას მოუწევს პასუხისგება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მათე ციხესაშვილი.
"ლოპოტის ხეობის სპეცოპერაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც პანკისის ხეობაში, ასევე ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და ევროპაში თუ შუა აზიაში მცხოვრებ ვაინახებში. დახოცილი ბიჭების უკან ჩდგას ტაიპი, რომელიც დღეს თუ არა ხვალ მაინც მოითხოვს პასუხს კითხვაზე - რატომ და რისთვის დახოცეს ეს ბიჭები. ოჯახებს დახოცილთა დაკრძალვის უფლებას არ აძლევ და თანაც ემუქრები? - ასეთი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან დაუშვებელია. შურისძიება, ანუ სისხლის აღების ინსტიტუტი ჩვენში არის და იქნება მომავალშიც. ჩვენს შორის ისეთი დიდი ძმობა და მეგობრობა არსებობს, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არაფერი მოხდება, მხოლოდ დამნაშავეებს მოუწევთ პასუხისგება როგორც სამართლის, ისე ქისტური ადათ-წესების წინაშე, რა ფორმით, ამას დაღუპულთა ოჯახის უფროსები გადაწყვეტენ. იჩქერიის მხრიდან არის შექმნილი სახელმწიფო კომისია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯოხარ დუდაევის დისშვილი - ფერზაულ უსმანი ხელმძღვანელობს. კომისია საქმეს მაშინ მიიყვანს ბოლომდე, როცა საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურები ოფიციალურად ამოქმედდებიან", - განაგრძობს რესპონდენტი.
"საიდან ჰქონდათ მათ ასეთი შეიარაღება, ამაზე ბევრი დაიწერა და ითქვა... ქისტური ადათობრივი სამართლიდან გამომდინარე, ახალაიებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება, რადგან იმხანად ბაჩო ახალაია შს მინისტრი იყო. მის გარეშე თუ მოეწყო ეს ე.წ. სპეცოპერაცია, მაშინ უნდა თქვას, ვინ მოაწყო და ვინ გასცა ბიჭების დახოცვის ბრძანება. გვესმის, რომ სახელმწიფო თავისი კანონმდებლობით მოქმედებს, მაგრამ ქისტურ სამართალში ეს საკითხი სხვანაირად დგას - დანაშაულს უხუცესები განიხილავენ. დაღუპულთა ოჯახის წევრები დასვამენ საკითხს, ვინ წაიყვანა მათი შვილები ლოპოტის ხეობაში, რა მიზნით და ეს გზა ბოლოს მივა სააკაშვილამდე. თუ სააკაშვილმა გასცა ბიჭების დახოცვის ბრძანება, მოუწევს პასუხისგება, ან შურისძიება გადავა მის შვილზე და ასე გაგრძელდება, ვიდრე დაზარალებული საბოლოოდ არ იძიებს შურს. ეს საქმე პანკისელ ლეეჩი (კაკო) ბორჩაშვილს აქვს ჩაბარებული და ვნახოთ, რა განაჩენს გამოიტანს "მეხქ - ყეალი", ანუ ქისტების დაუწერელი ადათობრივი სამართალი", - დასძენს მათე ციხესაშვილი და შეკითხვას - "ქისტებისთვის რა უფრო სარწმუნო იქნება - კომისიის დასკვნა თუ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება?" - პასუხობს:
"საქართველოს მთავრობა, გენერალური პროკურატურა, ვალდებულია, გამოიძიოს საქმე და სიმართლე უთხრას როგორც ქართველ, ასევე ვაინახ ხალხს, დაღუპული ბიჭების ოჯახებს. როცა ბიძინა ივანიშვილი წარმართავდა საარჩევნო კამპანიას, თელავშიც და ახმეტაშიც, განაცხადა, რომ მისი კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში დანაშაული ობიექტურად იქნებოდა გამოძიებული. ახლა ველოდებით, რა ნაბიჯებს გადადგამს ბიძინა ივანიშვილი. თუმცა ქისტებისთვის არ აქვს მნიშვნელობა სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასამართლომ დამნაშავეებს ასი წელიწადიც რომ მიუსაჯოს, ეს ქისტებისთვის არაფერს ნიშნავს. აქ დგას სისხლის აღების საკითხი. მაგალითად, თუ სნაიპერმა მოკლა ოთხი-ხუთი ბიჭი, და მას ჰყავს ამდენივე შვილი, ყველას დახოცავენ, თუ არა, მის ძმისშვილებზე იძიებენ შურს. კომისიას აქვს დავალება, დაადგინოს, ვინ და რატომ დახოცა ბიჭები. მათი ფუნქცია აქ მთავრდება. ამის შემდეგ დაზარალებული ქისტები სისხლს აიღებენ. ასე რომ არ მოიქცნენ, ხალხი არ მოასვენებთ".