"შს მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შსს-ს რეფორმირების შესახებ ისაუბრა - სამინისტროს შემადგენლობაში შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების და ანტიკორუფციული სააგენტოები, რომლებიც გადაინაწილებენ კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფის ფუნქციას და დაზვერვის სამსახური, სათანადო პროფილით. შესაბამისად გაუქმდება შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების (კუდ-ი) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტები (სოდ-ი). უშიშროების შსს-დან გამოყოფა და ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბება ამ ეტაპზე არც კი განიხილება. ღარიბაშვილის განმარტებით, მას აღნიშნული გეგმა შს სამინისტროს დეპოლიტიზაციის საშუალებად ესახება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით დაზვერვა, უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული სააგენტოები - კუდ-ისა და სოდ-ის მაგიერ / ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ცვლილები შსს-დან კადრების გადინებას არ გამოიწვევს.
"ღარიბაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე დაგეგმილი არ არის შსს-დან უშიშროების სამსახურის გამოცალკევება და მისი ცალკე უწყებად ჩამოყალიბება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში "ქართული ოცნება" აღნიშნულ საკითხს განიხილავს - "ოცნების" სამთავრობო პროგრამაში აღნიშნულია, რომ შს სამინისტროს სისტემიდან სახელმწიფო უშიშროების სამსახურები გამოიყოფა და შეიქმნება ერთიანი, დამოუკიდებელი უსაფრთხოების სამსახური ახალი შინაარსით, სტრუქტურითა და ფორმით. ამასთან ირაკლი ღარიბაშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ უწყების ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები და ცვლილები კადრების გადინებას არ გამოიწვევს. "ნაცმოძრაობიდან" პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრის გივი თარგამაძის აზრით, უშიშროების სამსახურის შსს-გან გამოყოფა და ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბება "საბჭოთა სისტემისკენ სვლა იქნება", - აღნიშნავს გამოცემა.
"მივესალმები იმას, რომ შს მინისტრობის კანდიდატი უშიშროების სამინისტროს ჩამოყალიბებას პრიორიტეტულად არ განიხილავს, რადგან ის სისტემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ის, რისკენაც ბევრი განვითარებული ქვეყანა ახლა მოძრაობს. ასე რომ, უშიშროების სამინისტროს ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბება საბჭოთა სისტემისკენ სვლა იქნება. თუ ახალ ხელისუფლებას ამის მიზანი არ აქვს, მაშინ პროგრამიდან უნდა ამოიღოს", - განაცხადა თარგამაძემ. მისივე თქმით, როდესაც საუბარია კუდ-ისა და სოდ-ის რეორგანიზაციაზე, "ეს შეიძლება, მხოლოდ სახელებს შეეხოს, ხოლო შიგთავსი არ შეიცვლება, რადგან ორივე ეს უწყება სახელმწიფოსთვის აუცილებელია და ისინი შენარჩუნდება", - რასაც თავის მხრივ, ღარიბაშვილიც დაეთანხმა. შეგახსენებთ, რომ 1995 წლის კონსტიტუციაში უშიშროების სამსახური ცალკე სტრუქტურა იყო. 2004 წლის საკონსტიტუციო რეფორმით შსს და უშიშროება გაერთიანდა, რაც მას შემდეგ მუდმივი დავის საგანს წარმოადგენს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ორი სამსახური ერთად არ უნდა იყოს, რადგან არ შეიძლება, ერთ ხელში იყოს მოქცეული მთლიანი ძალოვანი სისტემა", - დასძენს გამოცემა.
"შემიძლია ვთქვა, რომ იდეალური სიტუაციაა, როდესაც შსს და უშიშროების სამსახური ერთად არ არის. მნიშვნელობა არა აქვს, რას დავარქმევთ, ერთად არ უნდა იყოს. ხოლო მოხდება თუ არა უწყების დეპოლიტიზაცია კუდ-ის და სოდ-ის გაუქმებით და მათი ფუნქციების სამინისტროს შიგნით გადანაწილებით, ეს დამოკიდებული იქნება სამინისტროს პოლიტიკაზე. შეიძლება უშიშროების სამსახური ამ ფორმით არსებობდეს, მაგრამ მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულის წინააღმდეგ იყოს მიმართული. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის სასურველი, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირი ხელმძღვანელობდეს სამინისტროს შიგნით არსებულ ამ ორგანოს", - აცხადებს გამოცემიხ კორესპონდენტთან საუბრისას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი.
"ყველაზე მისაღები ევროპული მოდელებია, სადაც უშიშროების სამსახური მთლიანად დეპოლიტიზებულია და ცალკე სტრუქტურის სახით აღმასრულებელ ხელისუფლებას ექვემდებარება. ევროპის უმეტეს ქვეყნებში არის ისეთი პრაქტიკა, რომ ის ფუნქციები, რაც დღეს საქართველოში შსს-ში არის თავმოყრილი, სამ და ოთხ ინსტიტუციაშია გადანაწილებული, რომლებიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ და ერთმანეთს აბალანსებენ. პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესოა გერმანიის მოდელი იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყნის მოწყობის მხრივ უფრო ვუახლოვდებით გერმანულ მოდელს, სადაც ძლიერი კანცლერია და მისი ანალოგი იქნება პრემიერი საქართველოში. გერმანიაში ეს სამსახურები არის ცალკ-ცალკე და მათ კურირებს კანცლერის აპარატი. მე მაინც ვფიქრობ, რომ ის, რაზეც დღეს იყო საუბარი, არის დროებითი და გარდამავალი ეტაპი უფრო სერიოზული რეფორმისკენ. ვფიქრობ, რომ საქართველოში ეს სისტემა უნდა დანაწევრდეს და უნდა მოხდეს დაბალანსება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დამოუკიდებელი ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე,
"ამას ემატება ისიც, თუ ამ ახალი სამსახურის ხელმძღვანელები ვის წინაშე იქნებიან პასუხისმგებლები. ღარიბაშვილის თქმით, ეს სამსახურები იქნება სამინისტროს დაქვემდებარებაში და, შესაბამისად, მათ ხელმძღვანელს დანიშნავს და მოხსნის შს მინისტრი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს სტრუქტურები ისევ შს მინისტრის დაქვემდებარებაში იქნებიან, რაც რეალურად აძლიერებს იმის შანსს, რომ მათი რეალური დეპოლიტიზება ვერ მოხდეს, რადგან მათი მთავარი ხელმძღვანელი პოლიტიკური თანამდებობის პირი იქნება. რაც შეეხება რეფორმირებული სამინისტროს მუშაობის სტილს, ღარიბაშვილი პირობას დებს, რომ კრიმინალის წინააღმდეგ ისიც შეურიგებელი იქნება. ხაზგასმით აცხადებს, რომ საკუთარი ოჯახის მაგალითზე იცის, რას ნიშნავს უდანაშაულოდ ადამიანის დაპატიმრება და პირობას დებს, რომ არც ერთი ოჯახი მისი მინისტრობის პერიოდში საკუთარი ახლობლის უდანაშაულოდ დაპატიმრებას არ გამოცდის", - წერს სტატიის ავტორი.